ხულოს მუნიციპალიტეტი
ბუნებრივი სილამაზით და უძველესი კულტურულ-ისტორიული ძეგლებით გამორჩეული ხულოს მუნიციპალიტეტი, მდებარეობს აჭარის მაღალმთიანეთის უმაღლეს წერტილში. აქ განთავსებული საერთაშორისო სტანდარტების მქონე სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ განსაკუთრებით პუპოლარულია სამთო-სათხილამურო აქტივობების მოყვარულთათვის.
ხულო აჭარის მაღალმთიან რეგიონს წარმოადგენს და მდებარეობს არსიანისა და მესხეთის ქედების კალთებზე, მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხულო. რეგიონის ყველაზე მაღალი მთის მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 3007 მეტრია, სახელად ყანლის მთა. მუნიციპალიტეტში მდებარეობს ცნობილი კურორტები ბეშუმი და გოდერძი.
ლაშქრობისთვის და ბუნების სილამაზით სიამოვნებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია აჭარის რეგიონში. ბუნებრივ ღირსშესანიშნაობათა შორის გამოირჩევა ალპური ბოტანიკური ბაღი, მწვანე ტბა და შუამთის ტბები. მწვანე ტბა შესანიშნავი ადგილია კემპინგისთვის, ლაშქრობისთვის, წყლის ველოსიპედით გასეირნებისთვის და პიკნიკისთვის.
ხულო, ამავდროულად მდიდარია კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობით. აქ შეგიძლია ეწვიო შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმს, მოინახულო უმაღლეს მწვერვალზე აშენებული ხიხანის ციხე და XII საუკუნის უძველესი ტაძარი სხალთის მონასტერი, რომელიც გამორჩეულია მისი ისტორიით, არქიტექტურით და უძველესი ფრესკებით.
ზამთრის თვეების გატარება პოპულარულ სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე, უზრუნველყოფილია ფხვიერი თოვლით, მაღალი სტანდარტების მქონე განთავსების ადგილებით და საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასრიალო ტრასებით. თხილამურებით და სნოუბორდით სრიალის გარდა, ასევე შეგიძლია გამოსცადო ჰელი-სქი მეტი ექსტრემის და დაუვიწყარი გამოცდილებისთვის.