საქმიანი ტურიზმი

ბათუმის ისტორია

Batumi3.jpg

ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარეობა, მოხერხებული და ღრმა ნავსაყუდელი, ზომიერი კლიმატი, მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორადა ფაუნა, კონტრასტული რელიეფი, ქარებისგან ბუნებრივი დაცულობა ბათუმს და მისშემოგარენს უძველესი დროიდან უცხოელთათვის თუ მეზობელი ხალხებისთვის საინტერესოს და მიმზიდველს ხდიდა. ამიტომ, ყველა დროში ჰყავდა მასსტუმარი და დამთვალიერებელი.

ეს ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან, როცა ბათუმი რკინიგზით დაუკავშირდა თბილისს და გაიყვანეს ბაქო- ბათუმის ნავთობსადენი, რამაც ბათუმსა და მის პორტს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა. მაშინდელ ბათუმს ბევრი სტუმარი ჰყავდა. ამიტომაა, რომ XX საუკუნის დასაწყისის ბათუმში ოცდაათამდე სასტუმრო იყო. ბათუმს უცხოელი მოგზაური-მკვლევრები თავისი ბუნებრივი პირობებით რივიერას ადარებდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ცნობილი მკვლევარი და მოგზაური ნიკოლოზ ვერუ წერდა: „ბათუმში ერთმანეთს ერწყმიან რივიერას ბრწყინვალება და შვეიცარიის დიდებული მთები, რომლებიც ჰარმონიას ქმნიან. აქ ნაკლებად ქრის ძლიერი ქარი“.

ბათუმის შესახებ უძველესი ცნობა არისტოტელეს (ძვ. წ.IV ს.) უნდა ეკუთვნოდეს. მასთან მოხსენიებული „ბათეა“ (ბერძნულად - „სიღრმეები“) ზოგიერთ მეცნიერს ბათუმის აღმნიშვნელად მიაჩნია. ბათუმი, როგორც ქალაქი, უკვე ძვ. წ. 400 წელს რომ იყო ცნობილი, თავის დროზე ჟან მურიეც მიუთითებდა. ბათუმს იხსენიებს პლინიუსიც (23-79 წწ.) „ბატა“ „მატიუმი“-ს ფორმებით. მეორე რომაელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე - არიანე, რომელმაც პლინიუსის მსგავსად, კოლხეთისა და ქართლის სანაპიროები მოიარა, აფსარუნტს გარდა არც ერთ დასახლებულ პუნქტს არ ასახელებს აჭარის ტერიტორიაზე. მასთან მოიხსენიება მდინარე სახელით ბათისი (ყოროლისწყალი), რომელიც ფონეტიკურად (ბგერითი შემადგენლობით) ახლოს დგას ბათუმის თანამედროვე სახელთან. შესაძლებელია, არიანე იმიტომ არ დაინტერესდა ბათუმით, რომ იქ მაშინ რომაელთა სამხედრო გარნიზონი არ იდგა. რომაულ საგზაო რუკაზე, ე.წ. „ტაბულა პევტინგერია“-ზე (IV ს.), დაახლოებით თანამედროვე ბათუმის ადგილას, დატანილია გეოგრაფიული პუნქტი „პორტუს ალტუს“.

ანტიკური წყაროების ანალიზის საფუძველზე ისტორიკოსი ყაუხჩიშვილი ასკვნიდა, რომ მსოფლიო რუკაზე ბათუმის შეტანა ნიშნავდა, რომ იმ დროს, II საუკუნეში, იგი მნიშვნელოვანი ქალაქი და ნავსადგური იყო.
ფეოდალური საქართველოს საგარეო ვაჭრობაში, ცხადია, საზღვაო ტრანსპორტი ერთ- ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. XII-XIII საუკუნეების საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური შავ ზღვაზე შეიძლებოდა ყოფილიყო ბათუმი. მხოლოდ ბათუმს გააჩნდა ისეთი ყურე, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდ სავაჭრო გზაჯვარედინზე იყო და იგი საუცხოო ბ ნებრივ ნავსადგურს წარმოადგენდა გემებისათვის.

XIX საუკუნეში კი ბათუმში პორტო-ფრანკოს შემოღებამ, რკინიგზით გარე სამყაროსთან დაკავშირებამ და ბაქო-ბათუმს შორის ნავთობსადენის ამოქმედებამ საგრძნობლად გაზარდა და გააფართოვა ქალაქის ტერიტორია. ბიძგი მიეცა ვაჭრობისა და კუსტარული მეურნეობის განვითარებას. შენდებოდა ბიბლიოთეკები, სკოლები, გიმნაზიები, ფაბრიკა-ქარხნები და ა.შ. 1881 წლიდან მიმდინარეობდა ნავსადგურის მშენებლობა. დაინერგა კავშირგაბმულობის უახლესი საშუალებები, კერძოდ, 1885 წლის 1-ელ  აპრილს ბათუმში პირველი სატელეფონო ზარი გაისმა. თანდათანობით იზრდებოდა ბათუმის მოსახლეობაც.

XX საუკუნის დამდეგისათვის ბათუმი სამართლიანად მიიჩნეოდა მესამე ქალაქად ამიერკავკასიაში ბაქოსა და თბილისის შემდეგ. მრეწველობის განვითარებასთან ერთად ხდებოდა მოსახლეობის რაოდენობრივი ზრდა
დღეს ბათუმი არის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ქვეყანაში. ის დღითიდღე უფრო მეტად  ყვავის, თუმცა ქალაქი ინარჩუნებს საკუთარ უძველეს ისტორიას. აქ აღადგინეს მე-19 საუკუნის შენობები და შედეგად მიიღეს მომხიბვლელი ნაგებობები თხელი მოაჯირებითა და აივნებით, წყნარი ქვაფენილიანი ქუჩის ფასადებით, რომლებზეც ტრიალებს ყავის, ციტრუსებისა და ზღვის ნიავის არომატი.

ბათუმს ახლა აქვს ძალიან განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც მას მიმზიდველს ხდის უცხოელი ვიზიტორებისთვის.
დღეს ბათუმი ბრწყინავს ნეონის განათებითა და ბრჭყვიალა ძვირადღირებული სასტუმროებით.  ღამით ქალაქი გადაიქცევა შუქების ზღვად, სანაპიროც კი განათებულია. კლიმატზე გავლენას ახდენს შავი ზღვა, ყველაზე ცივი თვეა იანვარი და ყველაზე ცხელი აგვისტო.
აქაურობა  სავსეა ტურისტებით.  ქუჩებში შეგიძლიათ მოისმინოთ ინგლისური, ფრანგული და სხვა ენები. რესტორნები და კაფეები მრავლადაა, ამიტომ ტურისტებს აქვთ დიდი შესაძლებლობა, დააგემოვნონ ტრადიციული ქართული და აჭარული სამზარეულო. ბათუმში ბევრი ტურისტული ატრაქციონია, მათ შორის მსოფლიოში ერთ-ერთი გრძელი ბულვარი. ამჟამად ბულვარის სიგრძე 7 კმ-ია. აქ შეგიძლიათ ველოსიპედის დაქირავება და ბულვარის გასწვრივ გასეირნება.

აქ ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე და მეგობრულია, ისინი ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. ადგილობრივები ბათუმს „სიყვარულის ქალაქს“ ეძახიან.
სუბტროპიკული კლიმატი, საუკეთესო სამკურნალო თვისებების მქონე თბილი შავი ზღვა, სანაპირო ზოლში არსებული ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურა და მთისა და ზღვის უნიკალური ურთიერთშეხამება ქმნის საუკეთესო პირობებს ბათუმში დასვენებისათვის. თუ ერთხელ მაინც ბათუმში იმოგზაურებ, ვერასოდეს შეძლებ მის დავიწყებას.

წყარო: www.dspace.nplg.gov.ge

გალერია

Batumi  (165).jpgBatumi_(411).jpg17.jpgDavit_Medzmariashvili- 214.jpgDavit_Medzmariashvili- 206.jpg20.jpgDavit_Medzmariashvili- 079.jpgDavit_Medzmariashvili- 035.jpg14.jpg13.jpg10.jpg2.jpg

გაზიარება