საქმიანი ტურიზმი
აჭარა, საქართველო

აჭარული სამზარეულო

Ajara 15 web.jpg

Აჭარა მდიდარია თავისი კულტურული მემკვიდრეობითა და მრავალფეროვანი სამზარეულოთი. აჭარის სამზარეულო არის გემოსა და ინგრედიენტების უნიკალური ნაზავი. ტრადიციული ქართული კერძები, როგორებიცაა - საცივი, ხაჭაპური, მჭადი, ხინკალი, ჩქმერული, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და სხვები აჭარული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, გარდა ტრადიციული ქართული კერძებისა, აჭარა ადგილობრივი კერძების სიმრავლითაც გამოირჩევა. 

აჭარულ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა მთიანი რეგიონის ცხოვრების წესმა. ვინაიდან მაღალმთიანი აჭარისთვის ხანგრძლივი ზამთარია დამახასიათებელი, კერძებში, რძის პროდუქტების როგორც მთავარი კომპონენტის გამოყენების  აუცილებლობა გახდა. Ასევე, Სამზარეულოში უხვადაა, როგორც ბოსტნეულისგან, ასევე ხორცისა და თევზისგან დამზადებული კერძები. 

დაწნული ყველი ერთ-ერთი სახასიათოა მაღალმთიანი აჭარისთვის, რომლისთვისაც სპეციალურ დამზადების ტექნიკას იყენებენ, მისი გემო და სტრუქტურა განსხვავდება სხვა დანარჩენი ყველისგან, რაც დიდ ინტერეს აღვიძებს ტურისტებში.

რძის პროდუქტისგან დამზადებული, აჭარისთვის დამახასიათებელი, კიდევ ერთი ნოყიერი კერძია კაიმაღი, რომელსაც უმეტესად მჭადთან და ყველთან ერთად მიირთმევენ. 

ასევე ნოყიერი და კალორიული კერძია ბორანო. მის მოსამზადებლად ძირითადად იყენებენ ერბოსა და აჭარულ ყველს. თუმცა, ბორანოს მომზადების სხვადასხვა წესი არსებობს, რომელიც მოიცავს განსხვავებულ ინგრედიენტებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია კვერცხით და სიმინდის ფქვილით დამზადებული ბორანო. 

საკმაოდ განსხვავებული გემოების მქონე კერძია მალახტო, რომელიც ისევ და ისევ აჭარის სამზარეულოსთვის არის დამახასიათებელი. ამ კერძის შესაქმნელად იყენებენ ჭყინტ ლობიოს. მისი მოხარშვის შემდეგ აუცილებლად უმატებენ ნიგოზს, სხვადასხვა სანელებლებს და რაც ყველაზე მთავარია და საინტერესო, ისრიმის წვენს. ისრიმის წვენი არის მკვახე ყურძნის წვენი, რომელიც მალახტოს განსაკუთრებულ გემოს მატებს.

მაღალმთიანი აჭარის გარდა,  ასევე ცნობილია ქობულეთური კერძები. მათ შორის სახასიათო კერძია იახნი. ამ კერძს ამზადებენ საქონლის მკერდის ნაჭრისგან. მას გემოების გასაღვიძებლად უმატებენ სანელებლების ნაირსახეობას. იახნი ქობულეთური სუფრის განუყოფელი ნაწილია. 

აჭარაში ხშირად ამზადებენ ხაჭაპურის ერთ-ერთ ინტერპრეტაციას, რომელსაც აჩმას უწოდებენ. იგი სხვა ხაჭაპურებისგან განსხვავდება ფორმითა და მომზადების ტექნოლოგიით. აჩმა მზადდება თხელი ცომის ფენებისგან, რომელშიც ჩამდნარია ყველი და კარაქი. იგი საკმაოდ ჰაეოროვანია და ამასთან ერთად, საკმაოდ ნოყიერია. 

კიდევ ერთი საკმაოდ ნოყიერი კერძია - სინორი. მისი მომზადებისათვის საჭიროა სპეციალურად გამომცხვარი ცომის ფირფიტები, ასევე ნადუღი და ერბო. სინორი მზადდება კეცზე, რაც მას უფრო მეტად გამორჩეულს და გემრიელს ხდის.

თუ უფრო საუცხოო, განსაკუთრებულ და დელიკატურ გემოს ეძებ, აუცილებლად უნდა დააგემოვნო ყაისაფა. იგი მზადდება ქლიავისგან. პროცესი მოიცავს ქლიავის ჩირის მოხარშვას, შემდეგ ნიგოზისა და შაქრის დამატებას. Საბოლოოდ კი,  ზემოდან ასხამენ დამწვარ კარაქს. ყაისაფას უმეტესად მიირთმევენ ჩაისთან ერთად.

აჭარლები სხვადასხვა კლასიკურ კერძებს თავიანთ ეშხს ჰმატებენ. ერთ-ერთი მსგავსი კერძია ჩახოხბილი, რომელსაც ამზადებენ ქათმისგან და მას უმატებენ მოხარშულ ბრინჯს. ასევე დანაყულ ნიგოზს ნიორთან ერთად. 

ჩირბული - ერთ-ერთი სწრაფად მოსამზადებელი კერძია. იგი ასევე მთელს საქართველოშია ცნობილი, თუმცა აჭარაში მას განსხვავებულად ამზადებენ. ძირითადი მომზადების პროცესი ასეთია: პირველად იწყებენ პომიდვრის მოთუშვას ტაფაზე, შემდგომ ამატებენ სხვადასხვა მწვანილებს და ბოლოს ტაფაში უმატებენ კვერცხს. კერძი მზადდება დაბალ ცეცხლზე და კვერცის დამატების შემდეგ ის მორევას არ საჭიროებს.

აჭარული კერძების მრავალფეროვნება ამით არ სრულდება და უნდა ითქვას, რომ იგი თითქმის უსაზღვროა. ყველაზე გამორჩეული და პოპულარული კერძია აჭარული ხაჭაპური, რომლის დაგემოვნებასაც აჭარის ნებისმიერ წერტილში შეძლებ. აჭარული ხაჭაპური სხვა დანარჩენი ხაჭაპურებისგან გამოირჩევა მისი ორიგინალური ფორმითა და გემოთი. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. Ზღვის პირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. 

მართალია აჭარული ტრადიციული კერძების სია ამით არ მთავრდება, თუმცა დროა გადავიდეთ დესერტებზეც. ერთ-ერთი გამორჩეული დესერტი აჭარისთვის არის რძის ჰალვა. იგი რთულ მომზადების პროცესს მოითხოვს, თუმცა ეს ამად ღირს, რადგან ის საოცრად გემრიელია. მზადდება შაქრითა და რძით, შემდგომ კი მას ამატებენ კაიმაღს. მისი სირთულე  არა ინგრედიენტებში, არამედ მომზადების პროცესშია, კერძოდ აუცილებელია დუღილის პროცესის,  გაგრილებისა და სითბოს კონტროლი, დაჭრის ზუსტი დრო და სხვ. 

კიდევ ერთი უგემრიელესი, აჭარისთვის დამახასიათებელი დესერტია ბურმე, რომელიც  მზადდება კარაქით, ნიგვზით, თხილითა და შაქრით. გამოცხობის შემდეგ მას ზემოდან ასხამენ სიროფებს.

ბორეგი ყველასათვის ცნობილი ტკბილეულია. ბორეგი ინგრედიენტებით წააგავს ბურმეს. იგი მზადდება გატარებული ნიგვზით ან თხილის მასით შაქართან ერთად. მასას თხელ ცომში ახვევენ და შემდეგ ღუმელში წვავენ. მზა ბორეგს ზემოდან ასხამენ მდუღარე სიროფსა და დამარილებულ კარაქს.

მსგავსი სიის მერე, აუცილებლად მოგინდება ყველა ამ კერძის თვალით ხილვა და რაც მთავარია დაგემოვნება. ამის შესაძლებლობა ნამდვილად გაქვს აჭარაში მოგზაურობისას, განსაკუთრებით კარგი იქნება თუ ესტუმრები მაღალმთიან აჭარას, საოჯახო სასტუმროებს, სადაც ყველა მასპინძელი გულღიად დაგხვდება და შემოგთავაზებს სხვადასხვა კერძებსა და დესერტებს. ისიამოვნე აჭარაში მოგზაურობით და აქციე ის დაუვიწყარი ტრადიციების შესწავლასთან ერთად.

გალერია

აჭარული სამზარეულო 15 .jpgაჭარული სამზარეულო 10 .jpgაჭარული სამზარეულო 4 .jpgაჭარული სამზარეულო  14 .jpgAjara 10 web.jpgაჭარული სამზარეულო 2 .jpg

გაზიარება