საქმიანი ტურიზმი

აჭარის ისტორია და თაიმლაინი

    Davit_Medzmariashvili- 035.jpg

     

    აჭარის ისტორია

     

    აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მხარეა, რომელიც მესხეთთან ერთად ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. უძველესი წერილობითი წყაროების, არქეოლოგიური მასალების, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და ტოპონიმიკური მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ აჭარა განეკუთვნება უძველეს განსახლებათა არეალს. ეს მხარე წარმოადგენდა მაღალგანვითარებული, თვითმყოფადი კოლხური კულტურის უძველეს კერას. ამასთან, ადრეული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები დაიაენი (დიაოხი) და კულხა (კოლხა, კოლხახალი) ამ კულტურის შემოქმედი მოსახლეობის წარმონაქმნები იყო. ამავე ადგილებს შეიძლება უკავშირდებოდეს მითი არგონავტების სახელგანთქმული მოგზაურობისა და ცნობილი ოქროს საწმისის შესახებ. 

    ისტორიის მანძილზე აჭარა ყოველთვის გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი დაწინაურებული რეგიონი საქართველოში. ეს განსაკუთრებით ითქმის ანტიკური ხანის შესახებ. ისტორიული წყაროების მიხედვით მიიჩნევა, რომ ქრისტიანობა თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ახ.წ.აღ. I საუკუნეში თავდაპირველად სწორედ აჭარაში იქადაგეს წმ. ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა.

    აჭარა ადრეფეოდალურ ხანაშიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს წარმატებული რეგიონი იყო და ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. აღსანიშნავია, რომ წერილობით წყაროებში სახელწოდება „აჭარა“ პირველად სომეხი
    სწავლულის, ანანია შირაკაცის „სომხურ გეოგრაფიაში“ გვხვდება. „სომხური გეოგრაფია“ VII საუკუნის ძეგლია, მაგრამ ცნობილია, რომ ანანია რამდენიმე საუკუნის წინანდელ წყაროებს ეყრდნობოდა. ამდენად, სრულიად დასაშვებია, რომ აღნიშნული სახელწოდება უფრო ადრეულ ხანაში წარმოქმნილიყო.
     
    XII-XIII საუკუნეებში აჭარის რეგიონი საქართველოს ერთიანი სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და მისი მმართველი აბუსერისძეები მეფის ერთგულებით გამოირჩეოდნენ. შუა საუკუნეებში, ვიდრე ოსმალთა დაპყრობამდე, აჭარაში განვითარებული იყო მიწათმოქმედება, მთისა და ბარის ტიპის მესაქონლეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მეხილეობა და მეფუტკრეობა. აჭარის წარსული დიდების, მისი ეკონომიკური ძლიერებისა და განვითარებული კულტურის მაჩვენებელია უძველესი ეკლესიები, ციხე-კოშკები, ქვის-თაღოვანი ხიდები, რომლებიც, ნანგრევებისა თუ თითქმის პირვანდელი სახით, დღემდეა შემორჩენილი. იშვიათია კუთხე საქართველოში, სადაც შედარებით მცირე ტერიტორიაზე ამდენი ციხე-სიმაგრე თუ სხვა სახის თავდაცვითი ნაგებობა არსებობს. მათგან ზოგი უძველესია, ზოგის მშენებლობის თარიღი კი ფეოდალური საქართველოს ძლიერების ხანას ემთხვევა. მრავლად არის  მართლმადიდებლური ეკლესიების ნაშთებიც.

    ფაქტობრივად, არ არის სოფელი, რომლის მიდამოებშიც, მეტ-ნაკლებად შემოჩენილი სახით, სხვა სახის ძეგლებთან ერთად საყდარი, ეკლესია ან ტაძარი არ ფიქსირდებოდეს. აჭარაში დღეისათვის შემორჩენილ არქიტექტურულ სიძველეეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქვის თაღოვან ხიდებს, რომლებიც თავიანთი მნიშვნელობით ღირსეულად უდგანან გვერდში ციხე-კოშკებსა და საკულტო ძეგლებს. თაღოვანი ხიდების მშენელობის სათავე IV-V საუკუნეებიდან უნდა მომდინარეობდეს. მთელ საქართველოში და, მათ შორის, აჭარაში ქვის თაღოვანი ხიდების მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნლობა ენიჭებოდა აქ გამავალი დიდი აბრეშუმის გზის გამო.

    შუა საუკუნეებში, როდესაც საქართველო რამდენიმე სამეფოდ დაიშალა, ოსმალებმა მოახერხეს აჭარის ანექსია მომდევნო 300 წლის განმავლობაში და რეგიონის უმეტესი ნაწილი ისლამური გახადეს, მაგრამ ადგილობრივებმა მაინც მოახერხეს ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნება, იქამდე სანამ აჭარის რეგიონი დედასამშობლოს არ დაუბრუნდა. ოსმალეთსა და რუსეთის იმპერიას შორის (1877-1878 წლებში) ომის შემდეგ საქართველომ დაიბრუნა ისტორიული რეგიონები, მათ შორის აჭარა. 1878 წ. აგვისტოში რუსეთისა და ოსმალეთის წარმომადგენლობას შორის მოლაპარაკებაც გაიმართა. რუსეთის სარდლობის მოთხოვნის შედეგად, ოსმალები იძულებულნი გახდნენ 25 აგვისტოდან აჭარა დაეტოვებინათ, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს თურქებმა კვლავ სცადეს ძველი ოსმალეთის ტერიტორიების აღება. 1921 წელს კი,  მას შემდეგ, რაც აჭარა და საქართველოს სხვა მხარეები ბოლშევიკებმა დაიკავეს, აჭარა და მთელი საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა.

    მრავალი ისტორიული ქარტეხილების მიუხედავად აჭარამ შეძლო დედასამშობლოს წიაღში დაბრუნება. დღეისათვის კი ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონია. მას გააჩნია საკმაო პოტენციალი სერიოზული კაპიტალის მოსაზიდად და მისი ბრუნვაში მოსაყვანად. მნიშვნელოვანია აქაური ტურისტულ რეკრეაციული რესურსებიც. შავი ზღვის სანაპიროზე აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და ამავე დროს უმდიდრესი რეგიონია. აჭარაში თითქმის ყველაფერი ხარობს - ციტრუსებიდან და სხვადასხვა სახის ჩაიდან დაწყებული, ბროწეულითა და სხვადასხვა ხილით დამთავრებული. სოფლის მეურნეობის გარდა, რეგიონში მდებარეობს ქვეყნის უდიდესი პორტი, სათხილამურო კურორტები, უმნიშვნელოვანესი ეროვნული პარკები, რომელთაგანაც სამს იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო ბუნებრვი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, უძველესი და გამორჩეული ბოტანიკური ბაღი, ლამაზი პლაჟები და გასაოცარი ფლორა და ფაუნა.

    აჭარა კონტრასტული რეგიონია - აქ ნახავ სოფლებს, სადაც ხალხს დღემდე შენაჩუნებული აქვს უძველესი ავთენტური კულტურა და ტრადიციები და ამავდროულად, თანამედროვე სტილის მქონე ქალაქ ბათუმს, სადაც დინამიური ცხოვრების რიტმი ერწყმის უძველეს ტრადიციებს.
    აღსანიშნავია, რომ აჭარა გამორჩეული რეგიონია მისი რელიგიური ტოლერანტობით. აქ სხვადასხვა რელიგიის მქონე ადამიანები ჰარმონიულად თანაცხოვრობენ, რაც დღევანდელი სამყაროსთვის კარგი მაგალითია. მოსახლეობის დაახლოებით 35% მუსლიმია, დაახლოებით 5% კათოლიკე და უმრავლესობა კი მართლმადიდებელი ქრისტიანია. ყველა მათგანი ერთად და მშვიდობიანად ცხოვრობს, თავისუფალ ერთ სივრცეში. 

    წყარო: www.dspace.nplg.gov.ge

    გალერია

    Davit_Medzmariashvili- 214.jpgDavit_Medzmariashvili- 206.jpgDavit_Medzmariashvili- 079.jpg4.jpgDavit_Medzmariashvili- 007.jpgBatumi_(411).jpgBatumi  (165).jpg

    გაზიარება