უსაფრთხოება
სასწრაფო დახმარება
112 არის საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი, რომელიც 2012 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა.
112-ზე უნდა დარეკო მხოლოდ მაშინ, თუ გადაუდებელი შემთხვევაა. გადაუდებელი შემთხვევა გულისხმობს, ნებისმიერ სიტუაციას, როდესაც შემდეგი საგანგებო სამსახურების დახმარებაა საჭირო:
- პოლიცია
- სახანძრო / სამაშველო
- სასწრაფო სამედიცინო
ზარის განხორციელებისას მოქალაქემ ოპერატორს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
- რა მოხდა – შემთხვევის ტიპი, რომელი გადაუდებელი სამსახურის დახმარებაა საჭირო
- სად მოხდა – შემთხვევის ზუსტი ადგილი
- ზარის ინიციატორის სახელი და გვარი
აღნიშნული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია „112“-ის ოპერატორისთვის, რათა მან შეძლოს საჭირო და დროული დახმარების აღმოჩენა.
დაკავშირების არხები:
112-ზე დარეკვა შესაძლებელია, ფიქსირებული და მობილური ტელეფონიდან, ინდექსისა და ქალაქის კოდის გარეშე, მაშინაც კი, თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული და არ დევს სიმ-ბარათი.
მობილური აპლიკაცია – 112Georgia
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა აქვს ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით. აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. აპლიკაცია უფასოა. გააჩნია IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. აპლიკაცია გახმოვანებული და ადაპტირებულია მხედველობის არმქონე პირებისთვის.
მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://112.gov.ge/
უსაფრთხოება
მოგზაურობის დაგეგმვისას ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხოებაა.
საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში და სხვადასხვა წლებში არაერთხელ დაიკავა რეიტინგებში მოწინავე ადგილი. 2022 წელს NUMBEO-მ საქართველო დაასახელა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, მე-14 ადგილზე მსოფლიოს მასშტაბით.
2020 წელს წამყვანმა დამოუკიდებელმა ევროპულმა ორგანიზაციამ, European Best Destinations (EBD), თბილისი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ადგილად დაასახელა. საქართველოს დედაქალაქმა რეკომენდებულთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა. იგივე რეიტინგში ბათუმმა მე-7 ადგილი დაიკავა, როგორც ყველაზე უსაფრთხო მიმართულებამ ევროპაში.
აჭარაში მოგზაურობისას სადაც არ უნდა წახვიდე, თავს დაცულად იგრძნობ, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმასპინძლობა და კეთილგანწყობაც განაპირობებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მცირეა შანსი დანაშაულის მსხვერპლი გახდე, ყველა დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა შეუძლებელია. ამიტომ სასურველია იცოდე ვის მიმართო დახმარების საჭიროების შემთხვევაში.