დელფინებთან ცურვა
ბათუმის დელფინარიუმი, თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
ბათუმის დელფინარიუმს მრავალწლოვანი ისტორია გააჩნია, ის იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2011 წლის 6 მაისს, ქალაქის მერიის ინიციატივით, კვლავ გაიხსნა, სრულიად ახალი ბათუმის დელფინარიუმი, რომლის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისგან და გათვლილია 795 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტით.
დღეისათვის, დელფინარიუმი აქტიურად მონახულებადი ადგილია ნებისმიერი ასაკის დამსვენებლისთვის. აქ შეგიძლია, დელფინების შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობა იხილო, რომელიც ნებისმიერ ამინდში იმართება. შოუ ორენოვანია - ქართული და ინგლისური და სანახაობაში 10 დელფინი მონაწილეობს, რომლებიც მაყურებლის პოზიტიური განწყობის შექმნაზე ზრუნავენ. წარმოდგენა მოიცავს რგოლებითა და ბურთებით თამაშს, კუდზე ბალანსს, დაუვიწყარ Foot Push-სა და მრავალ სხვა შთამბეჭდავ ნომერს.
ბათუმის დელფინარიუმის მიმდებარედ მდებარეობს ასევე, სადემონსტრაციო აკვარიუმი, რომელიც 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა. თავდაპირველად, აქ წარმოდგენილი იყო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფეხფარფლიანი ძუძუმწოვარი ცხოველები, ძვირფასბეწვიანი წავები და კასპიის ზღვის სელაპები. მნახველებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა ინდოეთის ოკეანის მობინადრე გიგანტური კუ, ე.წ. „ცრუ კარეტა“, რომელიც დაახლოებით 100 კგ-ის იწონიდა. დეკორატიული თევზების მრავალფეროვნება მნახველთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. აკვარიუმში მტკნარი წყლების, სხვადასხვა ზღვისა და ოკეანის ცხოველთა 60-მდე სახეობა ბინადრობდა.