საშემოდგომო ფესტივალები
თუ აჭარაში მოგზაურობისთვის შემოდგომას აირჩევთ, წელიწადის ამ სეზონზე შეძლებთ დაესწროთ მრავალფეროვან და მნიშვნელოვან ფესტივალებსა და კულტურულ ღონისძიებებს
თუ აჭარაში მოგზაურობისთვის შემოდგომას აირჩევთ, წელიწადის ამ სეზონზე შეძლებთ დაესწროთ მრავალფეროვან და მნიშვნელოვან ფესტივალებსა და კულტურულ ღონისძიებებს, რომლითაც შემოდგომის სეზონი ბათუმში და აჭარაში გამორჩეულია. ამას ემატება ზღვის ხავერდოვანი სეზონი, რაც ბათუმსა და ზოგადად აჭარაში დასვენებას ერთგვარ ხიბლს მატებს. სექტემბრის თვეში შეგიძლიათ საოცრად თბილი ზღვით და სანაპიროთი დატკბეთ. ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად გაატაროთ შემოდგომის მშვიდი საღამოები ესტუმრეთ ბათუმს და თავადვე გახდით ყველა მნიშვნელოვანი ფესტივალის მონაწილე.
ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი „BIRDWATCHING”
აჭარის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქტივობაა ფრინველების დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალში “Birdwatching” მონაწილეობის მისაღება, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ორნითოლოგიით გატაცებულ უცხოელ და შიდა ტურისტებს შორის სარგებლობს. აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება (სიდიდით მესამე საიმიგრაციო ძაბრი), სადაც 15 აგვისტოდან-15 ოქტომბრის ჩათვლით 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიიკვლევს გზას აფრიკისკენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოსა და სოფელ შუამთაში სპეციალურად მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, ფრინველებზე დაკვირვების ორი პლათფორმა, საიდანაც ვიზიტორებს და ორნითოლოგიით გადაცებულ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, ჭოგრიტის (ბინოკლების) და ტელესკოპების დახმარებით დააკვირდნენ გადამფრენ ფრინველებს. ასევე, ფრინველებზე დაკვირვებისთვის პუპულარული სხვა ლოკაციებია: ჭოროხის დელტა, ისპანის ტორფნარი, მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკები.
ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 2012 წლიდან იმართება, რაც ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და თავის თავში მოიცავს არამხოლოდ ტურიზმს, ასევე საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასაც. ფესტივალის ფარგლებში, მოწვეული ექსპერტების და ორნითოლოგების მიერ ტარდება სემინარები და ლექციები, ასევე პროგრამა დატვირთულია შემეცნებითი აქტივობებით, რაც ასევე განსაკუთრებით საინეტერესოა ბავშვებისთვის.
აჭარის რეგიონი სწორედ ამ უნიკალური შესაძლებლობით გამოირჩევა, რაც ევროპასა და აზიას შორის გადამფრენი ფრინველების მიერ ბუნებრივი ძაბრის წარმოქმნას გულისხმობს და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება ის უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც აქ დაბრუნების სურვილს აუცილებლად გაგიჩენთ. ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბრის თვის დასაწყისში მიმდინარეობს. ფრინველებზე დაკვირვების პარალელურად, აჭარის რეგიონი უცხოელ თუ ქართველ ვიზიტორებს დასვენებისა და ადგილობრივი კულინარიის დაგემოვნების საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“
აჭარული შემოდგომა თქვენთვის ისეთივე დაუვიწყარი გახდება, როგორც ზაფხულის დასვენება ზღვაზე, ამისთვის საკმარისია ერთხელ მაინც აღმოჩნდეთ ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალზე ,,განდაგანა“, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს აძლევთ უნიკალურ შანსს ორი დღით იმოგზაუროთ მთიან აჭარაში ქალაქიდან გაუსვლელად.
აჭარული ნაქარგობებით, მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, სოფლის ნობათით, კერძებით, ხელნაკეთი ნივთებით და ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებული ფესტივალი „განდაგანა“ ყოველ წელს განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ თავად მოამზადოთ და დააგემოვნოთ აჭარის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები, ჩაერთოთ ფოლკლორულ შოუებსა და სპეციალურ გათამაშებებში, დააგემოვნოთ უგემრიელესი აჭარული ჩხავერი, ეკოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტები, ხილი თუ ტკბილეული. შემოდგომის ამ ფერად ფესტივალზე ყველა ინტერესისა და ასაკის ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო კუთხეს და კულტურულ გასართობს.
გასტრონომიული მრავალფეროვნება და აჭარული სოფლის ნამდვილი შემოდგომა ამ ფესტივალზე სოფლებიდან ქალაქში თავად ჩამოდის. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ეძლევათ აჭარულ ტრადიციებს, ფოლკლორს, აჭარული კერძების მომზადებისა და ღვინის საწნახელში დაწურვის პროცესს გაეცნონ, აგრეთვე მონაწილეობა მიიღონ გამოფენა-გაყიდვაში, სადაც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის პროდუქციაა წარმოდგენილი. ფესტივალ „განდაგანაზე“ დასწრების შემდეგ, თქვენ ძალიან კარგად შეიგრძნობთ აქაურ მრავალფეროვან და გამორჩეულ კულტურას, გასტრონომიას და ტრადიციებს.
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF
შემოდგომის აჭარა ასევე საინტერესოა კინომოყვარულებისთვის. სექტემბერში ქალაქი კინორეჟისორებისა და კინომატოგრაფიის თაყვანისმცემლების შეხვედრის ადგილი ხდება. ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი BIAFF ყოველწლიურად სტუმრებს მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საუკეთესო კოლექციებით ანებივრებს. წლიდან წლამდე კი რეგიონის სტუმრებს განსაკუთრებით საინტერესო პროგრამას სთავაზობს, კინოში მოგზაურობაზე საუკეთესო რა შეიძლება იყოს.
ფილმების ჩვენებები იმართება, როგორც ბათუმის უძველეს კინოთეატრ ,,აპოლოში“, ასევე ძველ ბათუმში ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ. ქალაქის ამ სადღესასწაულო დღეების გამოტოვება ნამდვილად არ ღირს, მოიმარჯვეთ BIAFF-ის პროგრამა, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი ფილმები და მეგობრებთან ერთად დააგროვეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.
გარდა კინოჩვენებებისა, BIAFF-ზე იმართება ცნობილი რეჟისორების მასტერკლასები და შეხვედრები, რაზეც დასწრება ყველასთვის თავისუფალია.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი BATUMI MusicFest
აჭარის შემოდგომის ფესტივალებს, 2013 წლიდან ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი BATUMI MusicFest ხსნის. ერთი კვირის განმავლობაში, ბათუმი მუსიკის მოყვარულების საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ექცევა და ზღვისპირა ქალაქს კლასიკური მუსიკის ჰანგები ეფინება, რისი მოსმენა და გაზიარება რაღა თქმა უნდა თქვენც შეგიძლიათ.
ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი BATUMI MusicFest ევროპის ფესტივალების ასოციაციაშია (EFA) გაწევრიანებული. აღნიშნული ასოციაცია მსოფლიოს 40 ქვეყნიდან 100 ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ ფესტივალს აერთიანებს, როგორიცაა ედინბურგის ფესტივალი, BBC-ის ფესტივალი და სხვა.
ფესტივალი ყოველწლიურად იმართება, თანამედროვე არქიტექტურის მქონე, მარმარილოსა და მინის ნეოკლასიკური სტილით ნაგებ 1100 კაციან ‘ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში’.