საქმიანი ტურიზმი

ველოსიპედით გასეირნება

ბათუმის ბულვარი 7.jpg

აჭარის რეგიონში მოგზაურობისას, ველოსიპედით გასეირნება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აქტივობაა.

ველო ბილიკები 5.jpg

აჭარის რეგიონში მოგზაურობისას, ველოსიპედით გასეირნება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აქტივობაა. ბათუმის ბულვარის განაპირა ზოლისა და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულების გარდა, აუცილებლად ეწვიე ეროვნულ პარკებს, რომელთა ბიომრავალფეროვნება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლებად არის აღიარებული მტირალას, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები.

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ტურისტებისთვის, ასევე გამორჩეულია ველომოყვარულთათვის. ბათუმის ბულვარს ზღვის სანაპიროზე მთელს სიგრძეზე მიუყვება 7 კილომეტრიანი ველობილიკი, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ ქალაქიდან გაუსვლელად დაკავდეთ ველოაქტივობით და ისიამოვნოთ ზღვის ულამაზესი ხედებით. განსაკუთრებით ლამაზია ბათუმის ბულვარის ველობილიკზე გასეირნება დილით ადრე მზის ამოსვლის დროს ან საღამოს მზის ჩასვლის დროს, მაშინ, როცა ცის ულამაზესი ფერები იკვეთება.

ბათუმი - მირვეთი - ბათუმი

ველო მარშრუტი სოფელი მირვეთის მიმართულების მიუყვება, რომელიც იწყება ბათუმის ბულვარის ტერიტორიიდან. ბათუმის ბულვარის პირველი ზოლის გავლის შემდეგ, გზას გაუყვებით აჭარის მწვანე ბუნებისკენ, სადაც საბოლოო დანიშნულების ადგილი არის მირვეთის ულამაზესი ჩანჩქერი და XII საუკუნის უძველესი თაღოვანი ხიდი. უკან დაბრუნებისას, ველომარშრუტი ეშვება ბათუმი-ახალციხის მთავარ მაგისტრალზე მახოს ხიდის გავლით ხელვაჩაურის მიმართულებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ ისიამოვნოთ ბუნებაში მოგზაურობით.

ველობილიკი - კავიანი

“კავიანის” ველობილიკი 3.6. კილომეტრის სიგრძისაა და ძირითადად განკუთვნილია პროფესიონალებისთვის. იგი აჭარის ორ მაღალმთიან სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან კლდისუბანს (შუახევი) და ჯალაბაშვილებს (ქედა). ველობილიკი უმეტესად დაჩრდილულ, ტყის ფართოფოთლოვან მასივზე გადის, სადაც შეხვდებით ფოთლოვან და წიწვოვან ენდემურ მცენარეებს. ველობილიკის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარე, ისტორიული ციხე-სიმაგრე “კავიანი”, რომელიც XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ველობილიკზე უსაფრთხოება დაცულია, რაც საშუალებას მოგცემთ ექსტრემალური და მკვეთრი მოსახვევების უსაფრთხოდ გადავლას და მაქსიმალური სიამოვნების მისაღებას.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ქობულეთის დაცული ტერიტორია ბათუმიდან 28 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მოიცავს ისპანის სფაგნუმიან ტორფნარებს.  მისი უნიკალურობა ჭარბტენიანი ეკოსისტემის მრავალფეროვნებაში გამოიხატება. დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ ადგილობრივი გიდი და ხის თხილამურები, რომელთა დახმარებითაც გაგიადვილდებათ გადაადგილება. დაცულ ტერიტორიაზე არსებული კოშკურიდან იხილავთ ულამაზეს ტორფნარს და ასევე, ენდემური სახეობის კოლხური დუმფარას ყვავილობას. აქვე, შეიძლება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურების ორგანიზება. 

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა ეკოტურისტული და რეკრეაციული ზონებით, რაც დასვენების საუკეთესო შესაძლებლობაა. მტირალას დაცულ ტერიტორიაზე არის ორი სხვადასხვა სირთულის ბილიკი: „წაბლნარას“ 7 კილომეტრიანი, მარტივი სირთულის და „ცივწყაროს“ 16 კილომეტრიანი, საშუალო სირთულის ტურისტული მარშრუტი.  თითოეული ბილიკის გავლისას თქვენ იხილავთ ტბასა და ჩანჩქერს, რომელიც 15 მეტრის სიმაღლისაა.  ვიზიტისას შესაძლებლობა გეძლევა ისიამოვნო სიმწვანეში ჩაფლული ბორცვებით, საოცარი პეიზაჟებითა და მცენარეებით. გარდა ამ მრავალფეროვნებისა, ბუნებასთან დაახლოებას, დადებითი ემოციებით დამუხტვასა და ახალი ენერგიით დატვირტვას თუ გადაწყვეტ, აუცილებლად ისარგებლე, მტირალას ეროვნული პარკის ცენტრალური გზიდან 9 კილომეტრში არსებული ტურისტული თავშესაფრით, რომლის მისასვლელ გზაზე შეხვდებით, კოლხური ტიპის ფართოფოთლოვან შერეულ ტყეს, მრავალფეროვან მცენარეულ საფარსა და ბუნებრივ წყაროებს. დასასრულს კი, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე აღმოჩნდები ბუნების წიაღში, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

კინტრიშის ეროვნული პარკი

კინტრიშის ეროვნული პარკი დატვირთულია უნიკალური ფლორით და ფაუნით, აქ არსებული 3 სხვადასხვა ზონა:  ბუნების მკაცრი დაცვის ზონა, ვიზიტორთა ზონა და ტრადიციული გამოყენების ზონა, საუკეთესო საშუალებაა საგანმანათლებლო და/ან სამეცნიერო ინტერესების  განხორციელებისთვის. სწორედ ამიტომ, აქ გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ 2 სხვადასხვა სირთულის ტურისტულ ბილიკზე, რომლებიც პარკის ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. ასევე, შეგხვდებათ კეთილმოწყობილი საპიკნინე და საკემპინგე ზონები, სადაც ცეცხლის დანთებისთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილები.

მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნულ პარკში არსებული ორი ტურისტული ბილიკიდან შესაძლებლობა გექნება იხილო მთისა და ქალაქის შესანიშნავი ხედები. 

მთავარანგელოზის 8.3 კმ-იანი ბილიკი სოფ. სინდიეთიდან იწყება და ტყის მასივების, მთის ნაკადულებისა და წყაროების გავლით მთავარანგელოზის მთასთან მიდის, საიდანაც ჩანს როგორ ერთვის მდინარე ჭოროხი შავ ზღვას და მოჩანს ბათუმი, ასევე ქედის, შუახევისა და ხულოს მთებზე შეფენილი სოფლები. 

ქოქოლეთის ბილიკის სიგრძე 6 კილომეტრია. ამ მარშრუტის გავლა შესაძლებელია როგორც ფეხით ასევე მაღალი გამავლობის მანქანით. ბილიკის ყველაზე მაღალი წერტილიდან ჩანს ზედა მაჭახელას ხუთი სოფელი, რომლებიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. ეს ხუთი ხევი მაჯისა და ხელის ფორმას ქმნის. როგორც ამბობენ სახელის წარმოშობაც სწორედ ამ სიტყვათა შეთანხმებას უკავშირდება - „მაჯა - ხელა“ ანუ მაჭახელა.

უნიკალური ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნებით დატვირთული მაჭახელას ეროვნული პარკი განტვირთვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

დამატებით სხვა სამთო მარშრუტებისთვის, გთხოვ ეწვიე: www.visitajara.com

გაზიარება