ქობულეთის სანაპირო
ქობულეთი აჭარის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მისი 10 კმ-იანი სანაპირო ზოლი ქვიშა-კენჭოვანი სანაპიროებისგან შედგება, სადაც კიბეებით ჩავდივართ სანაპიროს ირგვლივ გარშემორტყმული ქვის ჯებირებიდან.
ქობულეთის სანაპიროს გასწვრივ გაშენებული ფიჭვნარი ზღვის იონიზებულ ჰაერს კიდევ უფრო სასარგებლოს ხდის. აქ, ზაფხულის სიცხეში, ფიჭვების ჩრდილში შეგიძლიათ დაისვენოთ ან მთელი დღე ოჯახთან ერთად მყუდროდ გაატაროთ.
ქობულეთში ზღვის წყალი სუფთა და გამჭვირვალეა, ის ჰორიზონტზე სხვადასხვა ამინდში ყოველთვის განსხვავებული ან გარდამავალი ელფერით აირეკლება. ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი სუბტროპიკული კლიმატი წყლის +25, +28 გრადუსამდე გათბობას უზრუნველყოფს. ზაფხულის სეზონზე ქობულეთის სანაპიროზე ცურვა და გაგრილება ძალიან სასიამოვნოა, ის ბევრ დამსვენებელს იზიდავს და განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა.
ქობულეთის ზღვისპირა პარკებში უამრავი გასართობი სივრცე და ატრაქციაა სხვადასხვა თაობისა და ინტერესის მქონე ადამიანისთვის. თუმცა, თუ სიმშვიდე გსურთ, აქ ყოველთვის იპოვით წყნარ ადგილს განსატვირთად. სანაპიროს მიმდებარედ კარვის გაშლაც არის შესაძლებელი.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს 577 90- 90- 93/91 ან ეწვიეთ ვებგვერდს VISIT AJARA