საბაგირო “არგო”
თუ ბათუმში კარგ გასართობ ადგილს ეძებთ და ქალაქის პანორამული ხედების დათვალიერებაც გიყვართ, საბაგირო გზა „არგოს”-ს უნდა ეწვიოთ, რომელიც გასართობ-საგანმანათლებლო კომპლექსსაც წარმოადგენს. 2,5 კილომეტრიანი საბაგიროს გზა ძველი ბათუმიდან, შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვეს იწყება და ანურიის მთამდე ადის, ზღვის დონიდან 256 მეტრ სიმაღლეზე.
ანურიის მთიდან, რომელსაც ბათუმგორასაც უწოდებენ, ქალაქის, შავი ზღვისა და მთების ულამაზესი ხედები იშლება. საბაგირო გზის ზედა სადგურის მიმდებარედ არსებული კომპლექსი მოიცავს რესტორნებს, კაფეებს, მაღაზიებს, ღია დარბაზებს, პოდიუმსა და ტერასებს. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ბათუმის ციფრული მუზეუმი - თანამედროვე სივრცე, სადაც ხელოვნებას გაეცნობით. იქვე მდებარე JOYROOM STRATOSPHERE კი იზრუნებს როგორც პატარების, ასევე ზრდასრულების განწყობის ამაღლებაზე.
ზაფხულის სეზონზე საბაგირო „არგო“-ს ზედა სადგურზე იმართება კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორის საღამოები, სადაც იუნესკოს მიერ აღიარებული ტრადიციული ცეკვების, სიმღერებისა და საბრძოლო ხელოვნების ნახვის შესაძლებლობა გექნებათ. აქვე ტარდება ცეკვის მასტერკლასებიც, „არგო“-ს გასართობ კომპლექსში არსებულ რესტორანში დააგემოვნებთ ტრადიციულ აჭარულკერძებსა და ღვინოს.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91