მტირალას ეროვნული პარკი
თუ ბუნება, სიმწვანე, ლაშქრობა, ახალი მარშრუტების შეცნობა და თავგადასავალი გიზიდავთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ მტირალას ეროვნულ პარკს, რომელიც ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული და ბათუმიდან 25, ხოლო ქობულეთიდან - 27 კილომეტრში მდებარეობს.
მტირალას ეროვნული პარკი, საქართველოში მდებარე ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივ-რეკრეაციული ზონაა, რომელიც ზღვის დონიდან 1761 მეტრზე აღმართულ მთა მტირალაზე მდებარეობს. ეს ადგილი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ყველაზე ტენიანი ადგილია, აქ ძალიან ხშირად წვიმს და სქელი ნისლი წვება. სწორედ ამიტომ ეწოდა ამ მთას სახელი - „მტირალა“.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია მდიდარია ფლორითა და ფაუნით. აქ გავრცელებული მცენარეული საფარის მრავალფეროვნება დამთვალიერებლის აღფრთოვანებას იწვევს. მტირალას წაბლნარებში, წიფლნარებსა და კოლხური ტიპის შერეულ ტყეებში ასევე შეხვდებით აჭარა-ლაზეთის იშვიათ, ენდემურ და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ისეთ სახეობებს, როგორიცაა: გაულთერიასმაგვარი ეპიგეა, ფურისულა, მედვედევის არყი და სხვა, ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელ, უნიკალურ მარადმწვანე „შქერის“ ბუჩქებს.
არანაკლებ მრავალფეროვანია აქაური ფაუნაც: გვხვდება მურა დათვი, ფოცხვერი, მელია, ტყის კატა, მგელი, მაჩვი, ციყვი და სხვა მტაცებელი ცხოველები. ფრინველებიდან პარკის ტერიტორიაზე შეგვხვდება: ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი, ჩვეულებრივი კირკიტა, ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური. აგრეთვე ღამის მტაცებლები: ზარნაშო, წყრომი.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად ლაშქრობა და საინტერესო თავგადასავლების მოწყობა ძალიან ადვილი და დასამახსოვრებელია.
შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ და ორდღიანი ტურისტული მარშრუტი. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია საპიკნიკე, საკემპინგე და კოცონის დასანთებად გამოყოფილი ადგილებით. ბილიკის მე-9 კმ-ზე ტურისტული თავშესაფარიც შეგხვდებათ, სადაც დაისვენებთ და ღამისთევასაც შეძლებთ.
თუ ფრინველებზე დაკვირვება გიტაცებთ, მაშინ აქ დაუვიწყარი სანახაობა გელით, რადგან მტირალას ეროვნული პარკი მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა.
პარკის ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის ფუნქციონირებს ეკო-საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ საცხენოსნო, სალაშქრო და სამეცნიერო ტურებით.
მტირალას ეროვნული პარკი თავისი გამორჩეული კოლხური ტყეებით იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.
მტირალას ეროვნულ პარკს სხვასხვა სირთულის და ხანგრძლივობის მარშრუტები აქვს. ყველა მათგანზე დამატებითი ინფორმაციისა და რუკების მიღება შესაძლებელია უფასოდ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში 577 90- 90- 93/91 ან ვებგვერდზე VISIT AJARA