ბოტანიკური ბაღის ყვავილობა
დედამიწაზე მოყვავილე მცენარეების პირველი გამოჩენის შემდეგ, დაახლოებით 130 მილიონი წლის წინ, მათი ფორმები წარმოუდგენლად მრავალფეროვნი გახდა და დღესდღეობით ხმელეთის ეკოსისტემების უმეტესობაში დომინირებენ.
დედამიწაზე მოყვავილე მცენარეების პირველი გამოჩენის შემდეგ, დაახლოებით 130 მილიონი წლის წინ, მათი ფორმები წარმოუდგენლად მრავალფეროვნი გახდა და დღესდღეობით ხმელეთის ეკოსისტემების უმეტესობაში დომინირებენ.
ამის გარდა ადამიანებმა შექმნეს ადგილები, რომლებიც იცავს და ამრავლებს გადაშენების პირას მყოფ (და არამარტო), იშვიათ მცენარეებს. ესენია ბოტანიკური ბაღები. ეს არის ორგანიზებული სივრცე, მიწის ნაკვეთი ან დაწესებულება, რომელიც ეძღვნება მცენარეთა მთელი რიგი სახეობების გაშენებას, გამოფენას და ხშირად შენარჩუნებას, განსაკუთრებით სამეცნიერო კვლევისა და განათლებისთვის.
აჭარაში მოგზაურობისას კი შენ შეძლებ იხილო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და ძველი ბოტანიკური ბაღი, რომელიც ბათუმიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს. მნახველებისთვის ბაღი, სადაც ახლა მცენარეების იშვიათი სახეობები იზრდება, 1912 წელს გაიხსნა და ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელსა და სტუმარს მასპინძლობს. განსაკუთრებით ამაღელვებელია ბაღის ხილვა გაზაფხულზე, როდესაც ყვავილოვან-ბალახოვან მცენარეთა უმრავლესობა ყვავილობს, ირგვლივ საოცარი ფერთა სიჭრელე, ჰაერში კი გამაბრუებელი სურნელი ტრიალებს.
გაზაფხულის თბილი სასიამოვნო მზის ქვეშ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ყვავილები ნამდვილად ცოცხლდება, რადგან გაზაფხულს მოაქვს ყვავილების სიმრავლე, სიცოცხლე, ყვავიან ხეები და ბუჩქები. მოძებნე მრავალფრად გაშლილი ასპარაგუსები, ამარილისები და ნარგიზისებრნი, შროშანები, ქრიზანთემები და კიდევ მრავალი მშვენიერი ყვავილი.
დღეისათვის ბაღში ყვავილოვან-ბალახოვან მცენარეთა 170-მდე სახეობა და ჯიშია წარმოდგენილი. აქ ნახავ როგორც ერთწლოვან, ასევე ორწლოვან და მრავალწლოვან მოყვავილე მცენარებს.
მაგალითად აგარეტუმის ნაზი ლურჯი ყვავილი საკმაოდ ეფექტურ ფონს ქმნის და ბაღში სეირნობისას აუცილებლად თვალში მოგხვდება, „კლეომე სპინოზას“ (ეკლიანი ობობას) ყვავილი კი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მისი სახელი გეუბნება. ეს არის მაღალი ლამაზმანი სამხრეთ ამერიკიდან, მისი შთამბეჭდავი ვარდისფერი ყვავილები მცენარეების ზღვაშიც კი გამოჩნდება, ვინაიდან ის ძალიან მაღლა იზრდება.
ამანტის უმეტესი ნაწილი ფერადი და გამორჩეულია. ეს მრავალწლოვანი ვარდისფერი, მეწამული და თეთრი ფერის ყვავილოვანი მცენარეც სამხრეთამერიკელია.
ცალკე აღსანიშნავია ვარდების ბაღი, ყვავილთა დედოფლის გარეშე, რომელი ბოტანიკური ბაღი შეიძლება არსებობდეს? ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კი მათი ინტროდუქცია დაარსებისთანავე 1912-1914 წლებში დაიწყო. დღეს ამათგან მხოლოდ ერთი ჯიში R. Marechal Niel- ია დარჩენილი. დღეისათვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე ვარდის 107 სახეობა და კულტურული ფორმაა წარმოდგენილი.
მათგან განსაკუთრებული დეკორატიული ღირებულებებით გამოირჩევიან ჩაის ჰიბრიდები, პოლიანტები, ფლორიბუნდას ტიპის, მინიატურული და ხვიარა ვარდები.
წლის ნებისმიერ დროს ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე შეგიძლია მოყვავილე ინდივიდების ნახვა, თუმცა საქართველოში „ვარდობისთვე“ მაისია და ყვავილობის პიკიც, როცა ყველა ფერთა გამა ერთადაა წარმოდგენილი, სწორედ მაისიდან სექტემბრამდეა შესაძლებელი.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, თუ აღმოსავლეთ აზიის განყოფილებაში გადაინაცვლებ იხილავ აყვავებულ კამელიებს, რომელიც ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყვავილობს. კამელიები ლამაზი, გაზაფხულის ყვავილოვანი ბუჩქებია. წელიწადის ამ დროს ისინი აწყობენ თავიანთი ყვავილების ზღაპრულ ჩვენებებს. იაპონური კამელია, რომელიც უხვადაა წარმოდგენილი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, არის მარადმწვანე მერქნიანი ბუჩქი (ჩაის ოჯახის). მისი ყვავილის ფერები მრავალფეროვანია თეთრიდან დაწყებული წითლით დამთავრებული.
აქ სხვადასხვა ჯიშის კამელია XIX-ე საუკუნის 80-იან წლებში, ჯერ კიდევ ბოტანიკური ბაღის დაარსებამდე გააშენეს. ბოტანიკური ბაღი, როგორც კამელიების უძველესი და მრავალფეროვანი კოლექციების მფლობელი, 2016 წლიდან კამელიების საერთაშორისო ორგანიზაციაშიცაა გაწევრიანებული.
ბაღის ცოცხალ მცენარეთა კოლექციის 40 პროცენტი სწორედ აღნიშნულ, აღმოსავლეთ აზიის განყოფილებაზე მოდის. ეს აიხსნება იმითაც, რომ ამ გეოგრაფიული არეალის, განსაკუთრებით იაპონიის ტენიანი სუბტროპიკების კლიმატური პირობები თითქმის აჭარის კლიმატური პირობების მსგავსია.
მართალია, გაზაფხული ის დროა, როდესაც ირგვლივ უამრავი მცენარე ყვავილობს, თუმცა ბათუმის ბოტანიკური ბაღის უნიკალურობა იმაშია, რომ ის მთელი წლის განმავლობაში მომხიბვლელია. აქ ნებისმიერ სეზონზე, რომელიმე მცენარე მაინც ყვავის. ბაღი განსაკუთრებით მომხიბვლელი გაზაფხულზე და ზაფხულშია, თუმცა შემოდგომაზე და ზამთარშიც მოგეწონება. აქ ზამთარმოყვავილე მცენარეებია: იაპონური კამელიები, კემბელის მაგნოლია, ქაღალდის ხე ანუ ფაცია, იაპონური მაჰონია, ეუპატორიუმი, ხემარწყვა ვარსკვლავისებური მაგნოლია, ვერცხლისფერი აკაცია და მუშმულა, რომელიც დეკემბერში ყვავის და ძალიან ლამაზი, თეთრი, ნაზი ყვავილები აქვს. ამ სეზონზე მაგნოლია, აბელია და ევპატორიუმიც ყვავის.