საქმიანი ტურიზმი

დელფინებთან ცურვა

შავ ზღვაში დელფინები ბინადრობენ, დილის საათებში შენიშნავთ ზღვაში მოთამაშე დეპფინებს.

Copy of 0O5A2082.jpg

შავ ზღვაში დელფინები ბინადრობენ, დილის საათებში შენიშნავთ ზღვაში მოთამაშე დეპფინებს. ისინი ასევე ბათუმის სიმბოლოა. გიფიქრიათ დელფინებთან ერთად ცურვაზე? ბათუმის დელფინარიუმი მოგცემთ საშუალებას დაათვალიეროთ, დაუკავშირდეთ და გაეცნოთ ამ საოცარ ცხოველებს, იცურაოთ მათთან ერთად და იხილოთ მათი დაუვიწყარი შოუ.

სწორედ ამიტომ ბათუმის დელფინარიუმი ამ ქალაქის სტუმართა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. აქ მუდამ ხალხმრავლობაა, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან აქ თქვენ გამორჩეული სანახაობა გხვდებათ.
ეს ჭკვიანი, მხიარული ძუძუმწოვრები შავი ზღვის სანაპიროდან განგაცდევინებენ ამაღელვებელ მომენტებს.

 გაეცნობით მათ როლს მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში, გაიგებთ მათ ბუნებრივ ქცევებს, რაც დაგეხმარებათ მათ დაცვასა და შეყვარებაში, რადგან ის „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია და ამ ცხოველების კონსერვაციასა და დაცვას ემსახურება.

ბათუმის დელფინარიუმი მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. დღევანდელი დელფინარიუმის შენობა თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს, ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის უახლესი შესაძლებლობებითა და საოცარი წარმოდგენებით.

ბათუმის დელფინარიუმი იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2011 წლის 6 მაისს ქალაქის მერიის ინიციატივით კვლავ გაიხსნა სრულიად ახალი ბათუმის დელფინარიუმი.

დელფინების შოუ შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობაა, რომელიც ნებისმიერ ამინდში იმართება. შოუ ორენოვანია - ქართულ და ინგლისურ სანახაობაში 10 დელფინი მონაწილეობს – მაყურებლის პოზიტიური განწყობის შექმნაზე ზრუნავენ კაკო, მონიკა, ზორო, მაია, ბელუჩი, ნინი, ციცი და მისი ქალიშვილი ოლიმპია. ისინი წარმოგიდგენენ 30-მდე ნომერს, სამ ცეკვას, რგოლებითა და ბურთებით თამაშს, კუდზე ბალანსს, დაუვიწყარ Foot Push-სა და მრავალ სხვა ახალ და ძველ შთამბეჭდავ ნომერს.

დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 795 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

ბევრს  აკვარიუმის ყურება და ზღვის ბინადართა ხილვა ამშვიდებს, თუ შენ ამ ადამიანთა რიგებში ხარ ბათუმის დელფინარიუმის გარდა შეგიძლია სადემონსტრაციო აკვარიმუსაც  ეწევიო.
ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი 1966 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა.

თავდაპირველად აქ წარმოდგენილი იყო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფეხფარფლიანი ძუძუმწოვარი ცხოველები, ძვირფასბეწვიანი წავები და კასპიის ზღვის სელაპები. მნახველებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა ინდოეთის ოკეანის მობინადრე გიგანტური კუ, ე.წ. „ცრუ კარეტა“, რომელიც დაახლოებით 100 კგ–ს იწონიდა. დეკორატიული თევზების მრავალფეროვნება მნახველთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. აკვარიუმში მტკნარი წყლების, სხვადასხვა ზღვისა და ოკეანის ცხოველთა 60–მდე სახეობა ბინადრობდა.

ამჟამად აკვარიუმში შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი და დეკორატიული თევზების 100–მდე სახეობაა წარმოდგენილი: ზღვის კატა , ზღვის მელა, ზღვის ენა, კეფალისებრნი, ცხენთევზა, ხონთქარა, ნაგვერდალა და სხვა უნიკალური ჯიშის თევზები. ეგზოტიკური სახეობებიდან აღსანიშნავია ამაზონის ბინადარი პირანია, ციხლიდები, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის თევზები – გურამი, ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და ულამაზესი დისკუსები. სელექციური მუშაობის შედეგად აკვარიუმში გამოყვანილია იაპონური კობრი (კოი).

გალერია

Copy of Copy of 0O5A9199.jpgCopy of Copy of 0O5A9206.jpgDJI_0105.jpg

გაზიარება