ლაშქრობა
ტურისტულ აქტივობებს შორის ლაშქრობა და ბუნებაში ფეხით სიარული ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მიმართულებაა, რომელსაც შეუძლია საოცარი პოზიტიური გავლენა მოახდინოს ადამიანის გონებაზე, სხეულსა და სულზე, იქნება ეს ლაშქრობა სუფთა ჰაერზე, ვარჯიში ბუნებაში თუ მოგზაურობა თვალწარმტაცი ხედებით სავსე ადგილზე. აჭარის მრავალფეროვანი ბუნება სწორედ ამის ფართო შესაძლებლობას გვაძლევს. აჭარაში ლაშქრობა ოთხივე სეზონზე გამოირჩევა ულამაზესი ბუნების ფერებით, სავსეა შესანიშნავი აღმოჩენებით და შეგრძნებებით.
თუ ზამთრის სეზონი გიყვარს, თავგადასავლები, ხანგრძლივი ლაშქრობები, გაუკვალავ თოვლში თხილამურებით სრიალი და მსგავსი აქტივობები გიზიდავს, აუცილებლად უნდა ეწვიო მაღლმთიან აჭარას.
ხულოს მუნიციპალიტეტი ბათუმიდან აღმოსავლეთით 80 კმ-ში, ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ შეგიძლია გაეცნო ნამდვილ სოფლის ცხოვრებას, უძველეს წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს, კულტურასა და ადგილობრივ უგემრიელეს სამზარეულოს. შეგიძლია დაათვალიერო ხის უნიკალური სახლები, შინაური ცხოველები, სოფლის მეურნეობა, მეფუტკრეობა და აჭარის თამბაქოს პლანტაციები. ეს ყველაფერი გიქმნის განცდას, რომ აქ დრო ქალაქის დაძაბული და სწრაფი ცხოვრებისგან განსხვავებულად მიდის.
ბათუმიდან ხულოში გამგზავრებას დაახლოებით 2 საათი 30 წუთი სჭირდება. მთელ გზაზე შეხვდები მთების წარმოუდგენლად ლამაზ ხედებს. გზად შეიძლება გაჩერდე მახუნცეთის ჩანჩქერისა და თამარ მეფის ქვის ხიდის მოსანახულებლად.
მოპირდაპირე ფერდობზე, ხეობის იქით არის პატარა სოფელი თაგო. მარშრუტი იწყება დაბა ხულოს ცენტრიდან, საიდანაც საბაგირო გზით მოხვდები სოფელ თაგოში. საბაგირო გზა 1985 წელს დაარსდა. მისი სიგრძე 1720 მეტრია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საბაგირო გზა ევროპაში საყრდენი კონსტრუქციის გარეშე. სოფელში მოხვედრა სამანქანო გზითაც შეიძლება. რთული რელიეფის გამო აქ ლაშქრობა გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდეა დასაშვები. აქ ნახავ პანორამულ ლამაზ ხედებს, ტყეებით დაფარულ ბილიკებს და ტბას.
სანამ ლაშქრობას შეუდგები გაითვალისწინე, რომ წინასწარ დაგეგმო მოგზაურობა, იყო აღჭურვილი, შეამოწმო პირობები და ყველაზე მთავარი - გაუფრხილდი გარემოს.
გრძელი ზამთრის შემდეგ როგორც იქნა გაზაფხულიც დადგა და ისევ მზად ხარ თბილ ამინდებში მოგზაურობის, ლაშქრობებისა და თავგადასავლებისთვის.
აჭარის ყველაზე პოპულარული მიმართულებები გაზაფხულის სეზონზე ულამაზესი პეიზაჟებით გამოირჩევა. ტურისტული ცხელი წერტილების უმრავლესობა ივლის-სექტემბერში უფრო დატვირთულია, ამიტომ საოცნებო ადგილისკენ გეზის ასაღებად და ხალხმრავლობისგან თავის ასარიდებლად გაზაფხული შესანიშნავი დროა. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ გაეცნო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ნაკლებად დატვირთულ პერიოდში, ასევე დატკბე უფრო მშვიდი გარემოთი ადგილობრივ რესტორნებში, ბარებსა და მაღაზიებში.
რაც არ უნდა მაცდური იყოს ზაფხულის სეზონის შვებულება - პოპულარული ტურისტული მიმართულებები შეიძლება უფრო გადატვირთული იყოს გაზაფხულთან შედარებით, ამიტომ, გირჩევ აირჩიო სალაშქრო ტურები აჭარის ეროვნულ პარკებში, როდესაც ტემპერატურა ჯერ სასიამოვნოდ თბილია და სიცხე არაა.
ბათუმიდან 50 კმ-ში მდებარე მაჭახელას ეროვნული პარკი ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია საქართველოში. აქ მოინახულებ მთებს, მდინარეებს, ჩანჩქერს და უძველეს სუბტროპიკულ ტყეს. საფეხმავლო ბილიკი მაჭახელას ეროვნულ პარკში შედარებით რთულია, მაგრამ საინტერესო. მარშრუტის ბოლოს აღმოჩნდები მთის წვერზე, საიდანაც ზღაპრული ხედები იშლება.
პარკის ტერიტორიაზე ორი ბილიკია: მთავარანგელოზის ბილიკი გადის წიფლისა და წაბლის ხეებს შორის, გაივლის მთის ნაკადულებსა და წყაროებს, ძველ დასახლებებს, მიემართება მურყნის ხეივანში და სრულდება მთავარანგელოზის მთაზე, საიდანაც იშლება მდინარე ჭოროხის შესართავი შავ ზღვასთან. შეიძლება ითქვას, რომ მთელი აჭარა აქედან ხელისგულივით ჩანს. სადამკვირვებლო ადგილიდან ძალიან ახლოს განთავსებულია ეკოსაგანმანათლებლო სივრცე, სადაც შეგიძლია გაეცნო მაჭახელას ეროვნული პარკის ფლორასა და ფაუნას, გამართოთ ეკოსაგანმანათლებლო ლექციები და სხვა ღონისძიებები.
ქოქოლეთის ბილიკის მარშრუტი იწყება სოფელ ქვედა ქოქოლეთიდან. სოფლის გზის (9კმ) გავლის შემდეგ გზა გრძელდება კოლხური ტიპის ტყეში. აქ წარმოდგენილია შერეული ფოთლოვან-წიწვოვანი ტყე, რომლის გავლის შემდეგ მოხვდები სადამკვირვებლო ადგილზე, საიდანაც იშლება ხედი თურქეთის დაცული ტერიტორიის – „ჯამილის ბიოსფერული ნაკრძალსა“ და ისტორიული „ზემო მაჭახელას“ 5 სოფელზე. გადმოსახედამდე შეხვდები საპიკნიკე და კარვის გასაშლელ ადგილს, სადაც ღამის გათევის მსურველებს შეგიძლიათ კარვები გაშალოთ. მოლაშქრეებს შეუძლიათ დატკბნენ ტროპიკული ტყეებით, ველური ბუნებით და ცივი წყაროებით.
ლაშქრობის განმავლობაში გზად შეხვდები მაჭახელას ხეობის ულამაზეს ხედებსა და სოფლებს. აქ ვიზიტორებს საშუალება აქვთ მოინახულონ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხები. „თამარ მეფის“ XII საუკუნეში აგებული თაღოვანი ხიდი, XI-XIII საუკუნეების ჩხუტუნეთის ციხე და ღვინის მარნები. ბილიკის ბოლოს ნახავ დიდებულ სანახაობას - ხმაურიან მდინარეს პატარა ჩანჩქერებით და უზარმაზარი ლოდებით, ხოლო მწვანე კლდეებს შორის დაახლოებით 47 მეტრის სიმაღლის ორ ე.წ. ტყუპ ჩანჩქერს.
აქაურ სოფლებს აქვს მომხიბლავი ისტორიები, რომელიც გაჟღენთილია ფოლკლორითა და მემკვიდრეობითი ოსტატობით. მაჭახელას ხეობაშივე შეხვდები ციხე-სიმაგრეებს, იარაღის სახელოსნოებს, შესანიშნავ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ისტორიულ ხიდებსა და საინტერესო ხალხურ არქიტექტურას.
პარკში ბილიკები ისეა მოწყობილი, რომ გიდის გარეშეც არ დაიკარგები. თუ მარტივ ბილიკზე იმყოფები, ამას ყვითელი საღებავით მარკირებული ხეები და ქვები მიგანიშნებს, საშუალო სირთულის ბილიკი წითელი ფერის საღებავით, ხოლო რთული ბილიკი ლურჯი საღებავითაა მონიშნული.
მტირალას ეროვნულ პარკში ორი მონიშნული, წრიული საფეხმავლო ბილიკია. ორივე ბილიკის საწყისი წერტილი არის ვიზიტორთა ცენტრი, მაგრამ ასევე შეგიძლია დაიწყო სოფელი ჩაქვისწყლიდან. მოკლე მარშრუტი სახელად „წაბლნარი“ დაახლოებით 7 კილომეტრის სიგრძისაა და მიემართება ჯერ მდინარე ჩაქვისწყლის გასწვრივ, შემდეგ ტბის გვერდით და სრულდება წალბნარის ჩანჩქერთან. იმის მიუხდავად, რომ მარშრუტი მარტივია დასალაშქრად, შესაფერისი ფეხსაცმლის ჩაცმაა რეკომენდებული, რადგან ბილიკი შეიძლება საკმაოდ მოლიპული იყოს ჭარბი ტენის გამო.
უფრო რთული „ცივწყაროს“ მარშრუტი დაახლოებით 16 კილომეტრია. რეკომენდებულია ამ ლაშქრობისთვის ორი დღე გამოყო. ბილიკი ნათელი და შედარებით ადვილია ტურისტების თავშესაფრამდე, ამის შემდეგ ზოგიერთი ადგილი უფრო რთული გასავლელია, თუმცა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია.
პარკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ბილიკის რუკა შეგიძლია მიიღო ვიზიტორთა ცენტრში, ასევე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში. განსაკუთრებით გრძელი ბილიკისთვის, იზრუნე, რომ თან გქონდეს საკმარისი წყალი და საკვები, ასევე პირველადი დახმარების ნაკრები, წყალგაუმტარი ტანსაცმელი. ტბაში ცურვა ნებადართულია ზაფხულის ცხელ დღეებში. შემოდგომით კი ტბის ულამაზესი ხედით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.
კინტრიშის ეროვნული პარკში პირველი 1200 მეტრიანი საფეხმავლო მარშრუტი იწყება მდინარე კინტრიშზე მდებარე თაღოვანი ქვის ხიდთან. ეს ნაგებობა XI-XII საუკუნის მეორე ნაწილის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად ითვლება. შემდეგ ბილიკი წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიდის. აქ შეგიძლია მოინახულო უძველესი ვაზის ჭურჭელი და ჩანჩქერი. დამთვალიერებლებს შეუძლიათ აღფრთოვანდნენ განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, ბილიკის გასწვრივ მოგზაურობისას ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ არსებული თავშესაფრით, კარვებით და საპიკნიკე ზონით.
მეორე ბილიკი - საშუალო სირთულისაა და ორ დღიანია. მარშრუტი იწყება ცხემვანას ვიზიტორთა თავშესაფრიდან და გზა გრძელდება ტბიყელის ტბისკენ, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი. მარშრუტის მანძილი ტბამდე 16 კილომეტრია, გადაადგილება შესაძლებელია, როგორც ფეხით, ასევე ცხენით. ეს იდეალური მარშრუტია ლაშქრობის, ცხენოსნობისა და კემპინგისთვის. ნაკრძალში უძველესი კენკრის უიშვიათესი წარმომადგენლები ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობენ. ტყიბელის ტბის პოპულარული მკვიდრი ტრიტონები წითელ წიგნშია შეტანილი და დაცულ სახეობად ითვლება. კარვების ბანაკი ხშირად დგას ტბის სანაპიროზე, რათა შეხვდეს ერთ-ერთ ყველაზე ფერად მზის ამოსვლას საქართველოში.
ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარები ბათუმიდან 28 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და იგი იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია. სანამ იქ წასვლას გადაწყვეტ, სასურველია ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრს დაუკავშირდე, საიდანაც გიდს გაგაყოლებენ. აქვე შეძლებ ჭაობის თხილამურების დაქირავებას, რაც ტორფნარში გადაადგილებას გაგიადვილებს. დაცულ ტერიტორიაზეა კოშკურაც, საიდანაც მთელი ტორფნარი ხელისგულივით ჩანს. ამ კოშკურიდან ასევე შეძლებ დააკვირდე გადამფრენ ფრინველებს. თუ ამ საოცარ ადგილს გაზაფხულზე ეწვევი, ენდემური სახეობის კოლხური დუმფარას ყვავილობასაც ნახავთ.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოწყობილია ბილიკებიც, დაინტერესების შესაბამისად შეიძლება აირჩიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურები.
თუ ლაშქრობას ზაფხულში ან შემოდგომაზე გეგმავ, ჩანჩქერების, ტბებისა და მდინარეების მონახულებაზეც არ იტყვი უარს. ამ შემთხვევაში გირჩევ სოფელ გობრონეთის შემოგარენში მდებარე ჩანჩქერს, კოლხური მცენარეულობით დაფარულ ტყეს და ლატევრას მთის მიდამოებს ესტუმრო. მოგზაურობა იწყება სოფელი გობრონეთის ცენტრიდან, მიემართება ჩრდილოეთით და სოფლის გზის გაყოლებით გადადის გობრონეთის ჩანჩქერისკენ მიმავალ საცალფეხო ბილიკზე. ბილიკი გაჭრილია მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა ფერდობზე და ჩანჩქერიდან მოსახლეობის მიერ ხელით გამოყვანილ სარწყავ არხს მიუყვება. მარშუტზე მსვლელობის დროს შეხვდები აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულ კოლხური ტიპის მცენარეებს, ფერდობებზე უხვადაა წიფლნარ-წაბლნარი, რცხილა, მუხა, გვხვდება წიწვოვნებიც. გზაზე შეიძლება წააყდე გარეული ცხოველების კვალსაც, რაგდან ტყეში ბინადრობს დათვი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, გარეული ღორი. ფრინველთა სამყაროდან კი წარმოდგენილია ბულბული, ტოროლა, შაშვი, ძერა, კაჭკაჭი. ტურისტული ბილიკი ვაკე გზას მიუყვება, მცირე მონაკვეთებში გვხვდება უმნიშვნოლო აღმართები, 6 კმ-ის გავლის შემდეგ მიადგები ულამაზეს გობრონეთის ჩანჩქერს. ჩანჩქერის ვარდნის სიმაღლე დაახლოებით 20 მ-ია. ტურისტული მარშრუტის შემდეგი პუნქტი ლატევრას მთაა. ფერდობზე წარმოდგენილია ულამაზესი შერეული ტყე, ასევე გვხვდება წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ხე-მცენარე უთხოვარი. გზის გავლის შემდეგ აღმოჩნდები ლატევრაში, სადაც შეგიძლია გაეცნო ადგილობრივ სამეურნეო ტრადიციებს და დააგემოვნო ეკოლოგიურად სუფთა რძის ნაწარმი.
სოფელ გობრონეთისკენ მიმავალ გზაზე დატკბები ხეობის ულამაზესი ხედით, გზაზეა წყარო და საპიკნიკე ადგილიც. აღასანიშნავია ისიც, რომ გობრონეთში ფუნქციონირებს ორი საოჯახო სასტუმრო, რაც საშუალებას მოგცემს დარჩე სოფელში, გაეცნო ადგილობრივ ტრადიციებს, დააგემოვნო ადგილობრივი აგროპროდუქტები და დატკბე აჭარისწყლის ხეობის ულამაზესი ხედებით.
ასე რომ, წლის რომელ სეზონზეც არ უნდა სტუმრობდე აჭარას, აუცილებლად იპოვი სალაშქრო ადგილს, რომელიც ყველა მოთხოვნას არამარტო დააკმაყოფილებს, არამედ მთლიანად სულსა და გულს დაიპყრობს და არასოდეს დაგავიწყდება.