ფოთოლცვენა
წელიწადის ამ დროს აჭარის ბუნება ოქროსფერი ელვარებით იმოსება და ყოველი კუთხე თბილი ფერებით ივსება.
შემოდგომა წელიწადის განსაკუთრებული დროა. ეს არის დრო, როდესაც ზომიერი კლიმატი, ცისფერი ზეცა, მზიანი დღეები და გრილი ღამეები ტყით შემოსილ ბორცვებს თანდათანობით ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერების ათასგვარი ელფერით ამკობს. ეს არის დრო, როდესაც მარადმწვანე ფიჭვებისა და კედრების მწვანე ფერს თავიანთი მონათესავე ფოთოლმცვენი ხეების ხასხასა წითელი და ყვითელი ფერი ჩრდილავს.
აჭარა, ისევე როგორც საქართველოს უმეტესი ნაწილი მთაგორიანია. აქ მთები ფოთოლმცვივანი ხეებით არის შემოსილი, რაც მნახველებს შემოდგომის ფერთა სანახავად იდეალურ გარემოს უქმნის.
შემოდგომა განსაკუთრებით მიმზიდველია აჭარის ეროვნულ პარკებსა და ბოტანიკურ ბაღებში. ამ დროს ადამიანები მოდიან აქ „შემოდგომის ფერებზე სანადიროდ“ - ასე შეიძლება ვუწოდოთ საშემოდგომო ექსკურსიებს . შემოდგომის ფოთოლცვენის დრო, აჭარის შესანიშნავი ბუნების მიერ შექმნილი ხელოვნებით ტკბობის შესაძლებლობას მოგცემს.
აჭარის ეროვნული პარკები წლის ამ დროს თავისი მშვენების მწვერვალს აღწევს. ულამაზესი ბილიკები, რომლებიც წიფლის, წაბლის ცაცხვის, უთხოვარისა და სხვა მერქნიანი ხეებითაა დაბურული. შემოდგომაზე მათი ფოთლები ნაირფერი გულსაბნევებივით აფენია ბილიკებსა და ხეებს. ეს ფერთა საოცარი გამა დიდ ხანს არ დაგავიწყდება. მტირალას პარკის კოლხურ ტყეს მრავალფეროვნებას მარადმწვანე ქვეტყეც მატებს თავისი პონტოური შქერით, იელით, წყავით, ჭყორითა და ბზით. ამ ტიპის ტყეეებითაა დაფარული მთების ჩრდილოეთ ფერდობები. სამხრეთ ფერდობებს კი ფოთოლმცვენი, ქვეტყიანი კოლხური ტყე მიუყვება. წაბლის ტყეებს პარკის შუა ზოლი უკავიათ, ხოლო სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე შეფენილია ჭოროხისა და ჰარტვისის მუხის კორომები, სადაც სოსნოვსკის ფიჭვიც არის შერეული და წიწვოვან-ფოთლოვან ტყეს ქმნის.
ბუნების მოყვარულები აღნიშნავენ, რომ შემოდგომა აჭარის სხვადასხვა ადგილას რამდენადმე განსხვავებულია. ბევრი რამ ფოთოლმცვივანი ხეების ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, სხვადასხვა სახეობის ნეკერჩხლის ფოთლები, უმეტესწილად, მიმზიდველი წითელი ფერის ხდება. ამ ხის მრავალი სახეობა, ჩვეულებრივ, აღმოსავლეთში იზრდება და მათ ხშირად პარკებსა და ბაღებში რგავენ, ბათუმში კი ბოტანიკურ ბაღში შეგიძლიათ იხილოთ მისი ულამაზესი ფერის ფოთლების ცვენა. ისევე როგორც მტირალას ეროვნულ პარკში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემოდგომის სეზონიც ფერთა მრავალფეროვნებით და სილამაზით გამოირჩევა.