საქმიანი ტურიზმი

სოფლის აქტივობები - გამორჩეული სოფლები აჭარაში

სოფლის აქტივობები.jpg

სოფლის აქტივობები - გამორჩეული სოფლები აჭარაში

ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სოფლებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. რთულია აქ მოძებნო ისეთი ოჯახი, რომელსაც სოფელთან არაფერი აკავშირებს ან უცხოა მისთვის, ეს კიდევ უფრო რთულია აჭარაში, სადაც ძალიან დიდ პატივს ცემენ ფუძე-კერას, არ აციებენ მას, ბევრგან შეინარჩუნეს და აღადგინეს უძველესი მეურნეობები და სოფლის ტრადიციები. იმდენად რომ თავიანთი უნიკალური ყოფა-ცხოვრების და შრომის მაგალითები მათთან სტუმრად ჩასულ ადამიანებსაც შეუძლიათ გაუზიარონ და ამას სიამოვნებით აკეთებენ. ასე, რომ თუ უკვე შემოდგომაა და თქვენ აჭარაში იმყოფებით, აუცილებლად შემოიარეთ მისი სოფლებიც.

პირველ რიგში თქვენ უნდა იცოდეთ, რომ შემოდგომა სოფლის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, შრომატევადი და ემოციებით სავსე პერიოდია. ამიტომ თუ თქვენი ვიზიტი მოსავლის აღების პერიოდს დაემთხვევა, ამ შრომისა და ემოციების გაზიარება აუცილებლად მოგიწევთ, იქნება ეს რთველში მონაწილეობა, მანდარინის კრეფა, თამბაქოს აღება თუ ა.შ.

სოფლის ტურიზმს აჭარაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, აქ სოფლის ტურიზმის ფესტივალიც კი იმართება, რომელზეც დასწრება ყველა მსურველს თავისუფლად შეუძლია.  „განდაგანა“ სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიმართულებით ყველაზე საინტერესო და პოპულარული ფესტივალი ყოველწლიურად ტრადიციულად ევროპის მოედანზე იმართება. ერთი დღით, აჭარის მუნიციპალიტეტები მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით არიან წარმოდგენილი. ამიტომ თუ დროის შეზღუდვის გამო, ვერ ახერხებთ აჭარის სოფლები მოინახულოთ, ისინი თქვენთან, ბათუმშიც ჩამოვლენ და თავს გაგაცნობენ.

აქვე გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენას Agro Batumi, რომელიც რეგულარულად იმართება. გამოფენის მსვლელობისას მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ორი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ. აგრო გამოფენაში მონაწილეობას 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ღებულობს.

გამგზავრება ქალაქგარეთ რეგიონებში, იმ მიზნით, რომ ისიამოვნოთ და განიცადოთ ბუნებრივი სილამაზე, სოფლის მეურნეობის მრავალფეროვნება, პატარა ქალაქების სიმშვიდე, კულტურული სიმდიდრე და გაექცეთ ურბანული ცხოვრების ზეწოლას, სასიამოვნო გამოცდილების მიღება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება აჭარაში ყოფნის დროს ნამდვილად გამოგივათ.

თქვენ შეგიძლიათ ღამე გაათიოთ საოჯახო სასტუმროებში, დააკვირდეთ ფერმებში პროდუქციის წარმოებას - ღვინის, თაფლის და სხვა, მიიღოთ მონაწილეობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში - სხვლა, თიბვა და მოსავლის აღება-დაბინავება, ცხოველთა გამოკვება, ძროხის მოწველა და ა.შ და დაკავდეთ საფეხმავლო, საცხენოსნო, ველო ბილიკებითა და ძირითადად ეკოტურისტული აქტივობებით, რაც ასე მრავლადაა აქაურ სოფლებში.

მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ტრადიციები, კულტურული ფლორის მრავალფეროვნება, ტრადიციული ლანდშაფტი, რეგიონის ლამაზი ბუნება, მთიანი რელიეფი, ზღვის სანაპირო, სტუმარმასპინძლობა - ეს ის რეკრეაციული რესურსებია რაც აჭარის სოფლებში დაგხვდებათ.

ადგილობრივი ადათ-წესების მრავალფეროვნება ყველაზე კარგად მთიან სოფლებშია შემორჩენილი. ყველა რეგიონს თავისებურად აქვს „შეზავებული“ ძველი ქართული ტრადიციები, სტუმართმასპინძლობა, ადგილობრივი პროდუქტის წარმოებისა და კვებისსაკუთარი, ისტორიულად ჩამოყალიბებული თავისებურებანი.
სოფელი თაგო ხულოს მუნიციპალიტეტში მდინარე აჭარისწყლის ხეობაში მდებარეობს. ეს უნიკალური აჭარული სოფელი გამოირჩევა იმით, რომ ხულოს საბაგირო გზით უკავშირდება. ეს უსაყრდენო საბაგირო გზა სიდიდით ევროპაში მეორე ადგილზეა - მისი სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია. თუ გლემფინგის მოყვარული ადამიანი ხარ, თაგოში ამისთვის შესანიშნავ ადგილსაც ნახავ და დატკბები არაჩვეულებრივი ხედებით.

სოფელი მირვეთი აჭარის ულამაზესი სოფელია და ბათუმთან ძალიან ახლოს 19 კილომეტრში მდებარეობს. ეს შესაძლებლობა გაძლევთ აქ ველომარშრუტიც დაგეგმოთ და სოფლისკენ მიმავალ გზაზე ლამაზი ხედებითაც დატკბე. აქ ნახავ ცნობილ მირვეთის ჩანჩქერს. მირვეთში ხარობს იშვიათი კოლხური ბზა, ენდემური სახეობა. ეს გადაშენების პირას მყოფი მცენარე წითელ წიგნშია შეტანილი.

სოფელ მახუნცეთი ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქ ნახავთ არამარტო აჭარაში, არამედ მთელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ მახუნცეთის ჩანჩქერს. მდინარის აუზში შესაძლებელია ნავით გასეირნება და ჯომარდობის მოწყობაც. ყველაზე მეტად ეს სოფელი თავს ისტორიული თაღოვანი ხიდით იწონებს, XII საუკუნის ამ ნაგებობას, კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. სოფელშია ასევე ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც გამოფენილი ექსპოზიცია ადგილობრივთა ყოფა-ცხოვრების ისტორიის შესახებ მოგითხრობთ.

ეს მხოლოდ რამდენიმე სოფელია იმ უნიკალურ ადგილებს შორის, რომლების ხილვის შესაძლებლობაც აჭარაში ვიზიტისას მოგეცემა.

გაზიარება