ციხისძირის სანაპირო
თუ ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილება, ხალხმრავლობისგან გაქცევა და ნაკლებად გადატვირთულ სანაპიროზე დასვენება გსურთ, მწვანე კონცხზე მდებარე სიმწვანეში ჩაფლულ ციხისძირის სანაპიროს უნდა ესტუმროთ.
ციხისძირის სანაპირო ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 25 კილომეტრის, ხოლო ქობულეთიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მწვანე კონცხის ამ ტერიტორიაზე ზღვისა და მთის ჰაერი ერწყმის ერთმანეთს და უნიკალური ჰავით გამოირჩევა. ამის გამოა, რომ კურორტზე ზაფხულში უფრო მეტად გრილა, ვიდრე ბათუმსა და ქობულეთში. ჰავამ და ზღვის ამ ნაწილის განსაკუთრებულმა პირობებმა თევზების მრავალი სახეობის ბინადრობაც განაპირობა, ზოგჯერ ნაპირთან ახლოს დელფინების ჯგუფსაც შეამჩნევთ.
ციხისძირის სიმწვანით შემოსილი ფერდობებიდან კლდის კალთები ზღვაში ციცაბოდ ეშვება და კონცხს ქმნის, რომელიც ციტრუსოვანი ბაღებით, ჩაის პლანტაციებითა და ბამბუკის ხეივნებით არის დაფარული.
გასაოცარი ბუნების გარდა, ციხისძირი კულტურული და ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესო ადგილია. ეს ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. სახელწოდება ციხისძირიც იმაზე მიანიშნებს, რომ აქ ციხე-ქალაქი იყო გაშენებული. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაც პეტრას ციხეა, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს 577 90- 90- 93/91 ან ეწვიეთ ვებგვერდს VISIT AJARA