საქმიანი ტურიზმი

აჭარის თაღოვანი ხიდების საუკუნოვანი ისტორიები

ცხემლარას უძველესი ღაღოვანი ხიდი 1..jpg

აჭარის თაღოვანი ხიდების საუკუნოვანი ისტორიები

კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ხიდები ემსახურებოდა ცივილიზაციის განვითარებასა და კულტურული ურთიერთქმედების მექანიზმს. ეს ნაგებობები ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ მათი ფუნქციონალური, არამედ მათი არქიტექტურული მახასიათებლებისა და ესთეტიკური გარეგნობის შესაბამისად. აჭარაში ნახავ მრავალ ისტორიულ ხიდს, რომლებიც თაობებს მემკვიდრეობით გადაეცა. 
საქართველოს ამ გამორჩეული რეგიონის ისტორიას შეგვიძლია სხვადასხვა ძეგლების, არტეფაქტების და წიგნების მეშვეობით გავეცნოთ, თუმცა მის გამორჩეულ არქიტექტურულ მემკვიდრეობაში, ასევე შეიძლება მივაკვლიოთ ხიდებს, რომლებთაც გაუძლეს დროის გამოცდას, ცვალებად ამინდებს,  ბუნებრივ კატასტროფებს თუ მრავალრიცხვოვანი მტრების შემოსევებს.

ისტორიული ქვის თაღოვანი ხიდები არის ნაგებობები, რომლებიც თამაშობენ მნიშვნელოვან როლს წარსულისა და მომავლის დასაკავშირებლად, ეს ისტორიული ხიდები ქმნიან ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. რამდენჯერ გინახავთ ასეთი შესანიშნავი ხიდები და გიფიქრიათ მათ წარსულზე, იმაზე თუ ვინ ან როდის ააგო ეს რთული კონსტრუქცია, როცა არც ამდენი თანამედროვე ხელსაწყო და არც ტექნოლოგიები არ არსებობდა?!
ამ დროისთვის აჭარაში 35-მდე დიდი და პატარა ქვის თაღოვანი ხიდია აღრიცხული. მათი ნაწილი XIX საუკუნის ბოლოს მომხდარმა წყალდიდობებმა დააზიანა, 15-მდე ხიდი კი დღესაც კარგადაა დაცული. ასეთებია: დანდალოს, ფურტიოს, ჭვანის, უჩხოს, აგარის, მახუნცეთის, ჩხერის, ჩომახისურის (ქოქოლეთის), ცხემლარას, მირვეთის, მახოს, ცხემვანის და ა.შ. ყველა მათგანი ძირითადად ძველ სავაჭრო-საქარავანო გზებზეა განლაგებული, ეს ხიდები აკავშირებდა, როგორც შიდა, ასევე სხვადასხვა გარე მიმართულებით დამაკავშირებელ გზებს.


საქართველოს ქვის თაღოვან ხიდებს შორის არქიტექტურულ-ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით საუკეთესოდაა მიჩნეული დანდალოს ხიდი მდინარე აჭარისწყალზე. ხიდი აშენებულია ვულკანური წარმოშობის თლილი ქვით კირის დუღაბზე, რომლის ბურჯები კლდეზეა დაშენებული. ხიდის სიმტკიცეზე ისიც მიუთითებს, რომ მცირედი დაზიანების მიუხედავად, იგი დღემდე ფუნქციონირებს და ტურისტ-დამსვენებელთათვის მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს.

სიდიდით მეორეა მახუნცეთის ხიდი ამავე დასახელების სოფელში მდ. აჭარისწყალზე, ქედის მუნიციპალიტეტში. ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 28,7 მეტრია. ხიდის ასაშენებლად გამოყენებულია ვულკანური წარმოშობის ქვა კირის დუღაბზე. შუა საუკუნეების აჭარის ყველა თაღოვანი ხიდი კირხსნარითაა ნაშენი. კირიც კი ადგილზე მზადდებოდა.
სოფელ ფურტიოში, ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთისწყლის ხეობის დასაწყისში მდებარეობს ფურტიოს ხიდი. იგი აკავშირებდა სხალთის ხეობაში არსებულ ძველ გზებს აჭარისწყლის ხეობაში გამავალ გზებთან. ამ ხიდზე გადიოდა სხალთის ხეობიდან ზღვისპირეთისკენ (ბათუმისკენ) მიმავალი საქარავანო გზა.

ხიდის ძირითადი სავალი ნაწილის სიგრძე 13,5 მეტრია, სიგანე 2,35 მეტრი. თედო სახოკია ფურტიოს ხიდის შესახებ ასე წერდა: „ადამიანს ძალზე ანცვიფრებს ის სითამამე, რა სითამამითაც ძველი დროის ოსტატს ეს ქვის რვალი ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაუტყორცნია. მისი მშენებელი საფლავიდან რომ წამოდგეს, ბევრს ახლანდელ ინჟინერს აწურვინებს ოფლს“.
აჭარაში არსებულ ყველა ქვის თაღოვან ხიდზე შეიძლება ითქვას, რაც მაშინდელი ხიდმშენებლების მაღალ ოსტატობასა და დახელოვნებაზე მიუთითებს. ფურტიოს ხიდს „დედოფლის ხიდსაც“  უწოდებენ. გადმოცემით, სხალთის ეკლესიაში სალოცავად მიმავალ თამარ მეფეს ამ ხიდზე გაუვლია.

ქვის თაღოვანი ხიდების სიმრავლით განსაკუთრებით მაჭახლის ხეობა გამოირჩევა. იგი დღეს ორ ნაწილადაა გაყოფილი. მისი ერთი ნაწილი, ანუ ზედა მაჭახელი 6 სოფლით თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. მეორე ნაწილი, ანუ ქვედა მაჭახელი, ასევე 6 სოფლით საქართველოს საზღვრებშია (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახლის თემი). ორივე ნაწილში 9 ქვის თაღოვანინი ხიდი ფიქსირდება (ხუთი ქვედა მაჭახელში, ოთხი ზედამაჭახელში). 
ხეობაში ხიდების ასეთი სიმრავლე გამოწვეული იყო არა მარტო ხეობის ღრმად ჩაჭრილი ხევებითა და მდინარეებით, არამედ ხეობის დიდი სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობით, რასაც იგი ასრულებდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიაში.

მაჭახლის ხიდებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ცხემლარისა და ჩხერის ხიდები. პირველი უშუალოდ მდინარე მაჭახელაზეა აშენებული. ამ ხიდზე გადიოდა საცალფეხო გზა, რომელიც სოფელს და ქვედა მაჭახლის ხეობას მეზობელ აჭარისწყლის ხეობის მარცხენა სოფლებთან აკავშირებდა. მეორე ხიდი კი მდინარე მაჭახლის მარჯვენა შენაკად ჩხერის ღელეზე მდებარეობს. ამ ხიდზე გადიოდა დასახელებული უმოკლესი სახმელეთო საქარავანო გზა.

ჭოროხის მარცხენა შენაკად მახოსწყალზეა აგებული ამავე დასახელების მახოს ქვის თაღოვანი ხიდი, რომლის სიგრძე 6 მეტრამდე აღწევს, სიგანე შუა ნაწილში 2 მეტრია. ხიდი ნაშენია ფლეთილი ქვებით კირის ხსნარზე. 
რამდენიმე თაღოვანი ხიდია დღევანდელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (კინტრიშის ხეობა). ესენია ბასრიმელეს (სიგრძე - 22 მ, სიგანე -2,5 მ), ცხემვანის (სიგრძე - 20 მეტრი, სიგანე -2,5 მ), ვარჯანაულის (სიგრძე - 14,6 მ, სიგანე - 2,6 მ).

კინტრიშის, მერისის და ჭვანას ხეობაში ხის დახურული ხიდებიც არსებობდა, ზოგიერთ პატარა ღელეებზე კი დაკიდული და ძელის ხიდები.
აჭარაში არსებული ქვის თაღოვანი ხიდების უმრავლესობა IX-XIII საუკუნეებში, მცირე ნაწილი კი გვიან შუა საუკუნეებშია აგებული.

გაზიარება