საქმიანი ტურიზმი

ბათუმის ისტორია

17.jpg
17.jpg

ბათუმი ერთ ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. ბათუმი, რომელიც მდებარეობს ევროპის და აზიის დამაკავშირებელ ისტორიულ აბრეშუმის გზაზე, გამორჩეულია ზღვისპირა ქალაქისთვის დამახასიათებელი ზომიერი და სუბ-ტროპიკული კლიმატით. ქალაქი მდიდარია მრავალფეროვანი ბუნებით, კონტრასტული რელიეფით. მოხერხებული და ღრმა ნავსაყუდელი, ქარებისგან ბუნებრივი დაცულობა ბათუმს და მის შემოგარენს უძველესი დროიდან უცხოელთათვის თუ მეზობელი ხალხებისთვის საინტერესოს და მიმზიდველს ხდიდა. ამიტომ, ყველა დროში ჰყავდა მას ვიზიტორი.

ეს ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან, როცა ბათუმი რკინიგზით დაუკავშირდა საქართველოს დედაქალაქ თბილისს და აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს.. ბაქოში აღმოჩენილი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, რკინიგზის გაყვანის შემდეგ, ბათუმის პორტმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. მაშინდელ ბათუმს ბევრი სტუმარი ჰყავდა. ამიტომაა, რომ XX საუკუნის დასაწყისის ბათუმში ოცდაათამდე სასტუმრო ფუნქციონირებდა. ბათუმს უცხოელი მოგზაური-მკვლევრები თავისი ბუნებრივი პირობებით რივიერას ადარებდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ცნობილი მკვლევარი და მოგზაური ნიკოლოზ ვერუ წერდა: „ბათუმში ერთმანეთს ერწყმიან რივიერას ბრწყინვალება და შვეიცარიის დიდებული მთები, რომლებიც ჰარმონიას ქმნიან. აქ ნაკლებად ქრის ძლიერი ქარი“.

ბათუმის შესახებ უძველესი ცნობა არისტოტელეს (ძვ. წ.IV ს.) უნდა ეკუთვნოდეს. მასთან მოხსენიებული „ბათეა“ (ბერძნულად - „სიღრმეები“) ზოგიერთ მეცნიერს ბათუმის აღმნიშვნელად მიაჩნია. ბათუმი, როგორც ქალაქი, უკვე ძვ. წ. 400 წლის წინ, რომ იყო ცნობილი, ჟან მურიეც მიუთითებდა. ბათუმს იხსენიებს პლინიუსიც (23-79 წწ.) „ბატა“ „მატიუმი“-ს ფორმებით. მეორე რომაელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე - არიანე, რომელმაც პლინიუსის მსგავსად, კოლხეთისა და ქართლის სანაპიროები მოიარა, აფსარუნტის გარდა არც ერთ დასახლებულ პუნქტს არ ასახელებს აჭარის ტერიტორიაზე. მასთან მოიხსენიება მდინარე სახელით ბათისი (დღევანდელი ყოროლისწყალი), რომელიც ფონეტიკურად (ბგერითი შემადგენლობით) ახლოს დგას ბათუმის თანამედროვე სახელთან. შესაძლებელია, არიანე იმიტომ არ დაინტერესდა ბათუმით, რომ იქ მაშინ რომაელთა სამხედრო გარნიზონი არ იდგა. რომაულ საგზაო რუკაზე, ე.წ. „ტაბულა პევტინგერია“-ზე (IV ს.), დაახლოებით თანამედროვე ბათუმის ადგილას, დატანილია გეოგრაფიული პუნქტი „პორტუს ალტუს“. ანტიკური წყაროების ანალიზის საფუძველზე ისტორიკოსი ყაუხჩიშვილი ასკვნიდა, რომ მსოფლიო რუკაზე ბათუმის შეტანა ნიშნავდა, რომ იმ დროს, II საუკუნეში, იგი მნიშვნელოვანი ქალაქი და ნავსადგური იყო.

ფეოდალური საქართველოს საგარეო ვაჭრობაში, ცხადია, საზღვაო ტრანსპორტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. XII-XIII საუკუნეების საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური შავ ზღვაზე შეიძლებოდა ყოფილიყო ბათუმი. მხოლოდ ბათუმს გააჩნდა ისეთი ყურე, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდ სავაჭრო გზაჯვარედინზე იყო და იგი საუცხოო ბუნებრივ ნავსადგურს წარმოადგენდა გემებისთვის.

XIX საუკუნეში კი ბათუმის პორტისთვის პორტო-ფრანკოს სტატუსის (Free Port) მინიჭებამ, რკინიგზით გარე სამყაროსთან დაკავშირებამ, საგრძნობლად გაზარდა და გააფართოვა ქალაქის ტერიტორია. ბიძგი მიეცა ვაჭრობისა და კუსტარული მეურნეობის განვითარებას. შენდებოდა ბიბლიოთეკები, სკოლები, გიმნაზიები, ფაბრიკა-ქარხნები და ა.შ. 1881 წლიდან მიმდინარეობდა ნავსადგურის მშენებლობა. დაინერგა კავშირგაბმულობის უახლესი საშუალებები, კერძოდ, 1885 წლის 1-ელ აპრილს ბათუმში პირველი სატელეფონო ზარი გაისმა. თანდათანობით იზრდებოდა ბათუმის მოსახლეობაც. 

XX საუკუნის დამდეგისათვის ბათუმი სამართლიანად მიიჩნეოდა მესამე ქალაქად ამიერკავკასიაში ბაქოსა და თბილისის შემდეგ. მრეწველობის განვითარებასთან ერთად ხდებოდა მოსახლეობის რაოდენობრივი ზრდა.

დღეს ბათუმი არის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ქვეყანაში. ის დღითიდღე უფრო მეტად  ყვავის, თუმცა ქალაქი ინარჩუნებს საკუთარ უძველეს ისტორიას. აქ აღდგენილ იქნა მე-19 საუკუნის შენობები, მომხიბვლელი ნაგებობები, თხელი მოაჯირებით და აივნებით, წყნარი ქვაფენილიანი ქუჩებით, რომლებზეც ტრიალებს ყავის, ციტრუსებისა და ზღვის ნიავის არომატი. ბათუმს აქვს თანამედროვედ განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც მას მიმზიდველს ხდის უცხოელი ვიზიტორებისთვის.

საღამო ხანს ბათუმი ბრწყინავს ღამის თანამედროვე განათებებით და საერთაშორისო ბრენდული ძვირადღირებული სასტუმროებით. ღამით ქალაქი იქცევა განათებების ზღვად, სანაპიროც კი განათებულია.

ქალაქი ყოველთვის დატვირთულია ტურისტული ნაკადებით, ქუჩებში შეხვდებით ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. რესტორნები და კაფეები მრავლადაა, ამიტომ ტურისტებს აქვთ დიდი შესაძლებლობა, დააგემოვნონ ტრადიციული ქართული და აჭარული სამზარეულო. ბათუმში ბევრი ტურისტული ატრაქციაა, მათ შორის მსოფლიოში ერთ-ერთი გრძელი ბულვარი. ამჟამად ბულვარის სიგრძე 7 კმ-ია. აქ შეგიძლიათ ველოსიპედის დაქირავება და ბულვარის გასწვრივ გასეირნება.

ბათუმში ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე და მეგობრულია, ისინი ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. ადგილობრივები ბათუმს „სიყვარულის ქალაქს“ უწოდებენ.

სუბტროპიკული კლიმატი, საუკეთესო სამკურნალო თვისებების მქონე თბილი შავი ზღვა, სანაპირო ზოლში არსებული ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურა და მთისა და ზღვის უნიკალური ურთიერთშეხამება ქმნის საუკეთესო პირობებს ბათუმში დასვენებისათვის. თუ ერთხელ მაინც ბათუმში იმოგზაურებ, ვერასოდეს შეძლებ მის დავიწყებას.

 

გაზიარება