საქმიანი ტურიზმი

შოპინგი

შოპინგი 1.jpg

შოპინგი

მოდა და დიზაინი არის მზარდი და გამორჩეული ინდუსტრია, რომელიც ავლენს იდენტობას, იძლევა გამოხატვის საშუალებას, ზრდის და ცვლილების შესაძლებლობას. მოდის ისტორიაც მომხიბვლელია და სავსეა კულტურით. ამ შთამბეჭდავ ისტორიაში კი თავისი წვლილი ქართველ დიზაინერებსაც შეაქვთ, ისინი არ წყვეტენ მსოფლიოს გაოცებას. ცნობილ ვარსკვლავებს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების სამოსი პრიალა ჟურნალების ყდებზე, წითელ ხალიჩებზე ან სულაც თეთრ სახლში, ოფიციალურ ვიზიტებზე ამშვენებთ. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მოდის რუკაზე საქართველო  უკვე დიდი ასოებით მოინიშნა.

მოდის ტენდენციები წლების განმავლობაში იცვლება, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ ემთხვევა მიმდინარე სოციალურ ცვლილებებს. როგორც ადამიანები იცვლებიან და ავითარებენ თავიანთ იდენტობას, იცვლება მათი დამოკიდებულება მოდისა და შოპინგის მიმართ.

შოპინგი და მოდის სამყაროც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, თუ ის ადამიანი ხარ, რომლისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურება, ასევე ყველგან ეძებ ახალ შესაძლებლობებს, რომ კარგად იშოპინგო, აღმოაჩინო ახალი დიზაინერები და გქონდეს შენი უნიკალური სტილი, აჭარაში მოგზაურობისას ამას ძალიან კარგად მოახერხებ. აქაური დიზაინერების ნამუშევრები მრავალფეროვნებით, გემოვნებითა და ორიგინალურობით ნამდვილად გამოირჩევა. ამის მაგალითად საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მოყვანაც საკმარისი იქნება, თუმცა ბათუმი ნამდვილად გამოირჩევა საერთაშორისოდ ცნობილი დიზაინერების სიმრავლით.

მოდის სამყაროში, ჰოლივუდში და მრავალ პოპულარულ საერთაშორისო ვარკვლავებს შორის ცნობილი და მოთხოვნადი ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძეა. დიზაინერი აქტიურად ქმინს ახალ კოლექციებს. ის აღნიშნავს, რომ მისი საქმე უდიდეს შრომასა და ენერგიას მოითხოვს. ბათუმელი დიზაინერი ფიქრობს, რომ წარმატებისთვის მთავარი საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულია. როგორც ჩანს, მას მართლაც უსაზღვროდ უყვარს ეს საქმე, რადგან მის მიერ შექმნილ სამოსს, ბევრი ცნობილი ადამიანი ირგებს, როგორც საქართველოში, ასევე უცხო ქვეყნებში. მისი სამოსი ისეთ ცნობილ უცხოელ ვარსკვლავებს აცვიათ, როგორებიც ქეითი პერი, სოფია რიჩი, დიქსი დამელიოა, კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წევრები და ა.შ.

„ბათუმი ჩემთვის არ არის მხოლოდ ის ადგილი სადაც ვცხოვრობ, ბათუმი ჩემი ფიქრების, მუზების, ემოციების ნავსაყუდელია. სწორედ ამ ქალაქის დამსახურებაა, რომ ჩემი შემოქმედება საინტერესო, დახვეწილი და მრავალფეროვანია, მუშაობისას ბათუმი მაძლევს ინსპირაციას. უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკი ამ ქალაქზე, ხალხზე, ზღვაზე, მანდარინისა და ლიმნის ბაღებზე, ბედნიერი ვარ, რომ ამ ქალაქში დავიბადე და ვცხოვრობ, ქალაქში, რომელსაც უდიდესი სიყვარული შეუძლია. ბათუმის მზის ჩასვლა ოქროსფერია“, - აღნიშნავს დიზაინერი თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში.

ერთ-ერთი მათგანი ბათუმელი დიზაინერი გოგა ნიქაბაძეა. ის ბათუმში ხელოვანების გარემოცვაში გაიზარდა. დედა ბათუმის თეატრში მუშაობდა, შესაბამისად მასაც ხშირად უხდებოდა დედის გვერდით ყოფნა. სცენაზე იდგა თავადაც, რადგან თეატრალურ სტუდიაში სწავლობდა, ხატავდა ბავშვობიდან და საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსით თავიდან თოჯინებს ამშვენებდა. „ბებია დიზაინერი გახლდათ, საქორწილო კაბების სალონი ჰქონდა, სადაც კაბების დიზაინს თავად ქმნიდა, იღებდა შეკვეთებს. მე მის სალონში ლამაზ-ლამაზი დეტალებით ვერთობოდი. თეატრალურ სტუდიაში დავდიოდი, სადაც მუსიკალურ სპექტაკლებს, მიუზიკლებს დგამდნენ, ჩემთვის კოსტიუმებს თავად ვხატავდი და დიზაინსაც თვითონ ვაკეთებდი. გარდამავალ ასაკში სიმღერა შევწყვიტე და მოდის სფეროში გადავინაცვლე. თუ ჩემს ჩვენებებს ნახავთ და ჩემზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ ჩემი შემოქმედება ჩემი სამშობლოთია ინსპირირებული“, ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში დიზაინერი.

ქეთი ჩხიკვაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა პარიზში და სხვა მოდის ქალაქებში. შეიძლება ითქვას, მან ქართული მოდის ექსპორტს ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი. მის კოლექციებს დღეს მთელ მსოფლიოში იცნობენ – მოდის მეგაპოლისებში გამართულ კვირეულებში აქტიურად მონაწილეობს და შოურუმებს მისი დახვეწილი ნამუშევრები ამშვენებს.
ქეთი ჩხიკვაძის მიერ შექმნილი ყოველდღიური თუ გამოსასვლელი სამოსი კლასიკური ხელწერით გამოირჩევა. ის თავისუფალია და ამავდროულად ელეგანტური. დიზაინერი აქცენტს დეტალებზე აკეთებს.

 ეს დეტალებიც მისეულია – მისი ხედვისა და გემოვნების ნაყოფი. ქეთის დიზაინით შექმნილ კაბებს ბევრი ცნობილი ადამიანი ირგებს. 2020 წელს Harpers Bazar-ის, ყაზახური გამოცემის გარეკანზე, მონიკა ბელუჩი მისი სამოსით პოზირებდა.

თუ ისეთ სამოსს ეძებ, რომელიც ადგილობრივი ტრადიციული სამოსის ინსპირაციითაა შექმნილი, მაშინ ბათუმელ დიზაინერს ესმა მამულაძეს უნდა ეწვიო. ის ბათუმში ძალიან წარმატებული დიზაინერია. მისი ნამუშევრები ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი, ყველა სეზონის ყოველდღიური ტანსაცმლის გარდა, მის კოლექციაში ტრადიციულ და თეატრალურ სამოსსაც იხილავ.

და ბოლოს აუცილებლად დემნა გვასალია, ფრანგული დიდი მოდის სახლის „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი, დიზაინერი, რომლის სახელიც თითქოს სიტყვა მოდის რევოლუციის სინონიმად იქცა. დემნა საქართველოში, სოხუმში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე. მუშაობდა დიდი მოდის სახლებში, როგორებიცაა “Maison Martin Margiela”-ს და Louis Vuitton-ი. ამჟამად კი მოდის სახლ “Balenciaga”-ს შემოქმედებითი დირექტორი და ”VETEMENTS”-ის ფუძემდებელია.

„იშვიათი დიზაინერი, რომელსაც შეუძლია მოდის ინდუსტრიაში არსებული წესები დაარღვიოს“, – წერდა ამერიკული ყვეაზე პრესტიჟული მოდის ჟურნალი “Vogue” დემნა გვასლიას შესახებ.
ბუნებრივია, ეს არასრული სიაა და მხოლოდ რამოდენიმე დიზაინერის სახელია ჩამოთვლილი, ბათუმელი დიზაინერების უკეთ გასაცნობად გირჩევ ეწვიო მათ ბუტიკებს და შოურუმებს, რომლებიც მრავლადაა ძველი ბათუმის და ქალაქის სხვადასხვა ქუჩებზე განთავსებული.

გაზიარება