საქმიანი ტურიზმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

კვარიათის სანაპირო

კვარიათის სანაპირო.jpg

ბათუმიდან 17 კილომეტრში ულამაზესი სანაპირო - კვარიათი მდებარეობს. ეს ტერიტორია მთებითა და ტყითაა გარშემორტყმული. სანაპირო ზოლთან ახლოს სასტუმროები, ჰოსტელები და რესტორნებია გაშენებული, სადაც ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება სუფთა ჰაერზე, ულამაზესი ხედების ფონზე შეგიძლიათ, რაც ჩვეულებრივ ვახშამს განსაკუთრებულ თავგადასავლად აქცევს. მთის ფერდობებზე შენობები ისეა განლაგებული, რომ აქედან ცქერისას შავი ზღვის ჰორიზონტზე ულამაზესი ხედები იშლება, მთიდან მომავალი სუფთა ჰაერი კი მთელი ზაფხულის განმავლობაში სასიამოვნო სიგრილის გარანტიაა.

კვარიათი მშვიდი და მყუდრო გარემოთი გამოირჩევა, თუმცა აქ სხვადასხვა საზღვაო აქტივობით დაკავებასაც შეძლებთ. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სათავგადასავლო აქტივობაა დაივინგი. მსურველს, დამხმარე მწვრთნელებთან ერთად, შეუძლია შავი ზღვის სიღრმეში 10-20 მეტრზე ჩავიდეს. კვარიათის ზღვის წყალი სისუფთავითა და გამჭვირვალობით გამოირჩევა, რაც საშუალებას მოგცემთ კარგად დაათვალიეროთ წყალქვეშა სამყარო, გადაიღოთ დასამახსოვრებელი ფოტოები და ვიდეოები.

კვარიათის სანაპირო იდეალურია მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად დასასვენებლად. დღეს მშვიდად ნებივრობაში გაატარებთ, საღამოს კი მზის ჩასვლის ცქერით დატკბებით.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს 577 90- 90- 93/91 ან ეწვიეთ ვებგვერდს VISIT AJARA

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება