საქმიანი ტურიზმი

აჭარის ჰავა და კლიმატი

ამინდს დიდი გავლენა აქვს ადამიანის არა მხოლოდ განწყობაზე, არამედ ორგანიზმის მდგომარეობაზეც.

აჭარის ჰავა და კლიმატი.jpg

ამინდს დიდი გავლენა აქვს ადამიანის არა მხოლოდ განწყობაზე, არამედ ორგანიზმის მდგომარეობაზეც. შესაბამისად, როდესაც მოგზაურობას გეგმავ, მნიშვნელოვანია იმის შეფასება, თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანის მდგომარეობაზე მეტეოროლოგიური ფაქტორები - ჰაერის ტემპერატურა, შეფარდებითი ტენიანობა, წვიმიანი დღეების რაოდენობა, ქარის სიჩქარე, მზის რადიაცია და ნათების ხანგრძლივობა და ა.შ. მაგალითად, სხვადასხვა კლიმატურ ზონაში განსხვავებულია ე.წ. „კომფორტული ტემპერატურა“, თუმცა საშუალო მაჩვენებელი მერყეობს 17°C-დან 23°C-მდე.

ტემპერატურის მატება ან ვარდნა არასასიამოვნოს ხდის მოგზაურობის პროცესს, განსაკუთრებით აქტიური ტურისტებისთვის. საქართველოში მსგავსი მეტეოროლოგიური კომპონენტების მიხედვით გაერთიანებული ტერიტორიები, კლიმატური ზონები (ოლქები) ქმნის ერთიან სურათს და ამარტივებს რეგიონებისა თუ პერიოდების შერჩევას კომფორტული მოგზაურობისთვის. გარკვეული მახასიათებლების წინასწარ ცოდნის მიუხედავად, დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია სასურველ პერიოდზე ამინდის პროგნოზის გადამოწმებაც.
აჭარის ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურება ორი კლიმატური ნაწილის არსებობას განაპირობებს - აჭარის ზღვისპირა მხარე და მთიანი აჭარა.

მთიანი აჭარა, სამი მხრიდან ჩაკეტილობის გამო, სეზონების მიხედვით ჰაერის მასების მოძრაობის მიუხედავად, შედარებით თბილი ზამთრით და გრილი ზაფხულით ხასიათდება. რელიეფის თავისებურება ასევე აისახება იმაშიც, რომ სიმაღლის ყოველ 100 მეტრზე ტემპერატურა საშუალოდ ეცემა 0,5 - 0,6 გრადუსით, ხოლო ტენიანობა ჯერ მატულობს, ხოლო შემდეგ ისევ ეცემა.
ზღვისპირა მხარეში ჰავა ტენიანი სუბტროპიკულია. საშუალო ტემპერატურა იანვარში არის +4,5 +7,1 გრადუსი, ხოლო აგვისტოში  +21, +1, +23, +2 გრადუსი. შემოდგომა-გაზაფხული თბილია. უყინვო დღეების რაოდენობა 260-300 დღეა. ტემპერატურის მინიმუმი ფიქსირდება ცეცხლაურსა და ოჩხამურში -17 გრადუსი, ხოლო მაქსიმუმი ჭარნალში +43 გრადუსი.

სიმაღლის მატებასთან ერთად  ნალექების რაოდენობა მატულობს. ბათუმში (ზღვის დონიდან 5 მ) საშუალო ტენიანობა 2560 მმ, მტირალაზე (ზღვის დონიდან 1210 მ) 3898 მმ. წლის თბილ სეზონზე მოდის ნალექების 54,7%. ნალექების მაქსიმუმი შემოდგომაზე მოდის, მინიმუმი აპრილ-მაისში. ნალექიანი დღეების რაოდენობა დაახლოებით 170 დღეს შეადგენს. საშუალოდ დღეში მოსული ნალექის ოდენობა 5 მმ შეადგენს. 
თოვლი ნოემბრიდან-აპრილამდე მოდის. თოვლიანი დღეების რაოდენობა 15-17 დღეს, ხოლო თოვლის საშუალო სიმაღლე 35 სმ შეადგენს.

მაღალმთიანი აჭარის მხარე უფრო მშრალი და ცივი კლიმატით გამოირჩევა. ყველაზე ცივი თვე იანვარია. საშუალო ტემპერატურაა 0+3 გრადუსი; თბილი თვეები აგვისტო-სექტემბერია. საშუალო ტემპერატურაა +20 +23 გრადუსი. ტემპერატურა კლებულობს სიმაღლის მატებასთან ერთად, საშუალოდ 100 მეტრზე 0,7-ით, ძირითადად ზაფხულში.

შემოდგომა გაზაფხულზე კლიმატი შედარებით თბილია. ტემპერატურის მაქსიმუმი დაფიქსირებულია შუახევის მუნიციპალიტეტში +43 გრადუსი, ხოლო მინიმუმი გოდერძის უღელტეხილზე -22 გრადუსი. 
თბილ პერიოდში ტემპერატურა მთიან აჭარაში +24 +42, ხოლო მინიმალური -15 -24 გრადუსებს შორის მერყეობს.
ბათუმის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. აქ ხშირია თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა +14,5°C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, საშუალო ტემპერატურაა +7,1°C, ხოლო ყველაზე თბილი თვის, აგვისტოს ტემპერატურა +23,2°C. ნალექების რაოდენობა წელიწადში 2 560 მმ-ია, შესაბამისად ქალაქში ხშირია წვიმები.

თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა. ბათუმის ტერიტორიაზე არის ბუნებრივი ტბა (ფართობი 0,06 კმ²), რომელიც ამჟამად ბათუმის პარკის ნაწილია. ქალაქში არის ხელოვნურად გაშენებული პარკები და ციტრუსოვანი ნარგავები, ასევე აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი.
ასე რომ, არ არსებობს ამ რეგიონის მოსანახულებლად შეუფერებელი დრო.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, აჭარას თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის წყალობით, აქვს ტენიანი, ზღვისპირა სუბტროპიკული კლიმატი. ზაფხული ძირითადად ცხელი და ტენიანია, ხოლო ზამთარი საკმაოდ თბილი, თუმცა მაღალმთიან აჭარაში უხვთოვლიანი. ტემპერატურა ზაფხულში +25 - +35 გრადუსებს შორის მერყეობს, ზამთარში საშუალო ტემპერატურა არის +8 გრადუსი. საშუალო ტენიანობა კი 70-80 %-ს შეადგენს. მაშინაც კი, როდესაც მთის მწვერვალები თოვლითაა დაფარული, შავი ზღვის სანაპიროზე სასიამოვნო, თბილი ამინდია.
ამიტომ, თუ გაინტერესებს, წელიწადის რომელი დროა საუკეთესო აჭარის მოსანახულებლად, იცოდე, რომ შეგიძლია ამ რეგიონს წელიწადის ნებისმიერ დროს ეწვიო.

გაზიარება