ანტიკური ცივილიზაცია დაცული აჭარის მუზეუმებში
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ადამიანები სტუმრობენ მუზეუმებს. ზოგს წარსულის გაცნობა სურს, ზოგს კი აინტერესებს ქვეყანა, რომელსაც სტუმრობენ, სურთ მისი ხელოვნებითა და კულტურით ტკბობა.
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ადამიანები სტუმრობენ მუზეუმებს. ზოგს წარსულის გაცნობა სურს, ზოგს კი აინტერესებს ქვეყანა, რომელსაც სტუმრობენ, სურთ მისი ხელოვნებითა და კულტურით ტკბობა. მუზეუმები შესანიშნავი ადგილია ახალ ხალხთან შესახვედრად, იმის გასაგებად, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ცოდნის გასაფართოებლად.
რა მიზეზითაც უნდა გაინტერესებდეთს მუზეუმებში ვიზიტი, აჭარაში აუცილებლად იპოვი მუზეუმებს, რომლებიც შენს სურვილებს ახალი აღმოჩენების შესახებ მთლიანად დააკმაყოფილებს. ამ შესანიშნავ რეგიონში არსებობს სხვადასხვა ტიპის მუზეუმი. თითოეული გთავაზობთ შესაძლებლობას, გაიგოთ ქვეყნის წარსულისა და სულიერი სამყაროს შესახებ.
ყველას გვიფიქრია როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, გვდომებია აღმოგვეჩინა განძი, წავსულიყავით ექსპედიციებში და განგვეცადა არაჩვეულებრივი თავგადასავლები. სწორედ ამ შეგრძნებებით აივსებით, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მონახულების შემდეგ. მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში გამოფენილია ქვის, ბრინჯაოს, რკინის ფართო ათვისების, ანტიკური, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და გვიანი შუასაუკუნეების ხანის არტეფაქტები, რომლებიც ძირითადად სამხრეთ დასავლეთ საქართველოში (ქობულეთი, მახვილაური, ფიჭვნარი, ციხისძირი, ბათუმისციხე, გონიო-აფსაროსი, აჭარისწყლის ხეობა და სხვ.) ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი.
ექსპოზიციის უძველეს ნიმუშებს განეკუთვნება აჭარის მთიანეთში, კურორტ ბეშუმთან აღმოჩენილი ქვის იარაღები, რომელთა თარიღი 300-400 ათასი წლით განისაზღვრება. გამოფენილი მასალის მიხედვით ჩანს, რომ აჭარის ტერიტორია ექცევა იმ არეალში, სადაც დაახლოებით 10 000 წლის წინ დაიწყო მიმთვისებლური მეურნეობიდან მწარმოებლურზე გადასვლა. მრავალფეროვანი მასალითაა წარმოდგენილი მომდევნო ენეოლით-ადრებრინჯაოს (ძვ.წ. V-III ათასწ.), განსაკუთრებით კი გვიანბრინჯაოსა და რკინის ადრეული ხანა (ძვ.წ. XV-VII სს) აღიარებულია, რომ ჭოროხის აუზი მახლობელ აღმოსავლეთში წარმოადგენდა სამთო მეტალურგიის ერთ-ერთ უძველეს ცენტრს, კოლხური ტომობრივი კულტურის წარმოშობის ადგილს.
სწორედ ამ რეგიონს უკავშირდება პოპულარული ბერძნული მითი არგონავტების შესახებ. ანტიკურ სამყაროსთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების, ბერძნული კოლონიზაციის, რომაული და ბიზანტიური ექსპანსიის შედეგების ამსახველია მუზეუმში დაცული და ფიჭვნარში, აფსაროსში, მახოში, კაპანდიდში და ციხისძირში აღმოჩენილი იმპორტული და ადგილობრივი წარმოების სადა და მოხატული კერამიკა, ტერაკოტული ფიგურები, ტორევტიკისა და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები, ფერადი მინის ნაწარმი, რკინისა და სპილენძის ნაკეთობანი, სამკაულები და ა.შ.
მუზეუმის კოლექციებში დაცულია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის საინტერესო ნუმიზმატიკური და გლიპტიკური ძეგლები.
მუზეუმის მდიდარი ოქროს ფონდი კი, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს უკავია, ადასტურებს ანტიკურ ავტორებთან დაცულ ცნობას კოლხეთის, როგორც „ოქრომრავალი“ ქვეყნის შესახებ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მუზეუმის ისტორიულ შენობას 2004 წლიდან მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდროების უძრავი ძეგლის სტატუსი.
ქობულეთში ვიზიტისას კი გირჩევთ მოინახულოთ ქობულეთის მუზეუმი. აქ 10 000-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული, რომლებიც წარმოადგენენ არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულ თუ ბუნების წიაღში ნამარხ ნიმუშებს.
თუ კი გიტაცებს მისტიკური ამბები, სწორედ აქ შეგიძლია იხილო XVIII-XIX სს-ში ე.წ. დედაბრული ხელით გადაწერილი შელოცვების წიგნი.
მუზეუმში არქეოლოგიური განყოფილება წარმოდგენილია სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარებზე აღმოჩენილი 9 000 წლის წინანდელი შრომითი და ყოფითი ნივთების ექსპონირებით, ექსპოზიციაში ქვის ხანას ბრინჯაოს პერიოდი მოყვება, სადაც წარმოდგენილია როგორც ადრე ბრინჯაოს, ისე ბრინჯაო-რკინის ხანის მასალები: სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ფრაგმენტები საკულტო-რელიგიური ნიშნებით, კოლხური ცული, ქვის საწაფები და სხვა, ხოლო ანტიკური პერიოდი წარმოდგენილია ფიჭვნარის ძვ.წ. V-IV სს-ის კოლხური და ელინური სამაროვნებით, სხვადასხვა დანიშნულების თიხის ნაკეთობებით, სამკაულებით, რომაული და ანტიკური ამფორებით, აქვეა დაცული ვერცხლის ფული, კოლხური თეთრები და ცნობილი სინოპი.
მუზეუმში ასევე დაცულია ისპანის ტორფნარში ნამარხი რელიქტური ტყის ნარჩენები, რომლებიც წარმოდგენილია მოქანდაკე ვაჟა ვერულიძის მიერ აღმოჩენილი თვითმყოფადი რკინის, ასევე შავი, წითელი და ყავისფერი ხის ქანდაკებების სახით.
აჭარის უძველესი ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ანტიკურ ხანასთან. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსსა და პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტორულ მუზეუმ-ნაკრძალში დაცულია ანტიკური ხანის, ასევე უძველესი ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნიმუშები, ნუმიზმატიკური მასალა, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული უძველესი ნივთები და უამრავი საინტერესო ფაქტი.
აჭარის მუზეუმები მრავალმხრივი და მრავალფეროვანია.
სხვადასხვა თემატური მუზეუმების მონახულება ბათუმიდან მოშორებით, აჭარის ბევრ ადგილზე შეგიძლიათ. აქ ნახავთ მუზეუმებს, რომლებიც სავსეა წარსულის ისტორიებით. ზოგიერთ მათგანს აქვს ზოგადი თემა, ზოგი კი ყურადღებას კონკრეტულ თემაზე ამახვილებს, ამას მათი მდებარეობაც განსაზღვრავს. როდესაც მუზეუმებს სტუმრობ, გარდა შემეცნებითად დატვირთული აქტივობისა, შენ ამით ხელს უწყობ მათ შენარჩუნებას.