დასვენება აჭარის ბუნებაში - გამოცდილება, რომელიც გჭირდება
აჭარაში ნახავთ ისეთ ადგილებს, სადაც განსაცვიფრებელი ბუნება კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ერწყმის. ეს არის გზა სულ სხვანაირად განიცადოთ თქვენ ირგვლივ მდებარე უნიკალური გარემო.
აჭარაში ნახავთ ისეთ ადგილებს, სადაც განსაცვიფრებელი ბუნება კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ერწყმის. ეს არის გზა სულ სხვანაირად განიცადოთ თქვენ ირგვლივ მდებარე უნიკალური გარემო. ადამიანებმა შეცვალეს თავიანთი შვებულებებისა თუ რამდენიმედღიანი დასვენებების რითმი, მათ სურთ უკეთ შეისწავლონ გარემო პირობები, ჩაუღრმავდნენ ადგილობრივ კულტურას, სურვილი აქვთ უბრალოდ კი არ უყურონ ბუნებას, არამედ გახდნენ მისი ნაწილი და დაისვენონ.
აჭარის მაღალმთიანეთი გაძლევს იმ უნიკალური გამოცდილების მიღების საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად მთის წვერვალზე კარვის, ტყეში, ხის სახლში სასიამოვნო დროის გატარება, პანორამული ხედებით ტკბობა კომფორტული ეკო-კოტეჯიდან და ა.შ. თუ გიყვარს კემპინგი და ბუნებაში დაბრუნება, მაგრამ შენთვის კომფორტიც მნიშვნელოვანია, გლემფინგი აჭარაში არის ზუსტად ის, რაც გჭირდებათ.
არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მწვანე გარემო და ბუნებაში დასვენება დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ნერვულ სისტემაზე. გლემფინგი მომავლის ტურიზმია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიმშვიდე, პირველსაწყისებთან დაბრუნება, ჩიტების ჭიკჭიკი, ტყეში სეირნობა და ყოველდღიურობისგან სრული განტვირთვა ენატრება.
ერთხელ მაინც თუ გამოგიცდია ლაშქრობა მთებში, დატვირთული მარშრუტის და დამქანცველი გზების გავლის შემდეგ, როდესაც ყოველი შემდეგი ნაბიჯი თითქოს უფრო და უფრო გღლის, ალბათ ასევე ნაცნობი იქნება, დღის ბოლოს თუ რას ნატრობენ ასეთ დროს ადამიანები.
რა თქმა უნდა ისეთ ადგილს, რომელიც იქნება მოწყობილი კომფორტული და ამავდროულად სასიამოვნო გარემოთი მაგალითად, ცხელი წყლის აბაზანით და ცხელი სასმელით. გლემფინგისთვის ასევე შესანიშნავ გარემოს იპოვით ხულოს მუნიციპალიტეტში, ეს არის კომფორტული სივრცე აჭარის ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ ადგილას, სადაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ თავთან დაბრუნება, თავგადასავლებისა და ახალი ისტორიებისკენ სწრაფვა.
თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი იმ აქტივობებს შორისაა, რომელიც აჭარის მთებში უნდა გამოსცადო. კურორტი გოდერძი ამისთვის შესანიშნავი ადგილია. აქ ნახავთ გამორჩეულ პირობებს სრიალისა და დასვენებისთვის. სრიალს შეძლებთ კურორტ გომარდულზეც.
აქ თოვლის საფარის სიმაღლე ხშირად 2–3 მეტრს აღწევს. საკურორტო სოფელში ძირითადად პატარა ხის სახლები და საოჯახო ტიპის სასტუმროებია, სადაც ღამისთევასაც შეძლებ და ადგილობრივ კერძებსაც დააგემოვნებ.
აჭარის ბუნებით თუ ხარ დაინტერესებული აუცილებლად უნდა მოინახულო ეროვნული პარკები. ეროვნული პარკები უზრუნველყოფს ბუნებაში დასვენების, გართობისა და განათლების სრულყოფილ კომბინაციას. აქ ნახავ ტყეებს, მდინარეებსა და ტბებს, ასევე ბუნებრივ საოცრებებს, რომლებსაც სხვაგან იშვიათად თუ შეხვდება ადამიანი.
მოგზაურობა მაღალმთიანი აჭარის სოფლებში კი სრულიად სხვა თვალით შეგახედებს მანამდე გავლილ გამოცდილებებს, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლო, შეინარჩუნა, აღადგინა და იცავს საუკუნეების ტრადიციებს, ადათ-წესებსა და ყოფა-ცხოვრებას. რაც მთავარია ისინი დაუზარელად გაგიზიარებენ ყოველივე ამას. სოფლის ტურიზმს აჭარაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, აქ სოფლის ტურიზმის ფესტივალიც კი იმართება, რომელზეც დასწრება ყველა მსურველს თავისუფლად შეუძლია.
ისტორიით დაინტერესებული ადამიანი თუ ხარ, შეიძლება დროც კი არ გეყოს ყველა იმ საოცარი ისტორიული ადგილისა თუ ნაგებობის სანახავად, რომელიც აჭარამ შემოუნახა კაცობრიობას. ჯერ კიდევ ანტიკური ცივილიზაციების დროინდელი ციხე-სიმაგრეებით დაწყებული, როგორებიცაა გონიოსა და პეტრას ციხეები, შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრებითა და ქვის უნიკალური ხიდებით დამთავრებული. თქვენი ცოდნა ყოველივე ამის შესახებ რომ სრლყოფილი გახადოთ, ასევე ეწვიეთ მუზეუმებს.
ყოველი მოგზაურობა ასევე დაკავშირებულია გასტრონომიასთან, ამიტომ არ უნდა წახვიდე აჭარიდან ისე, რომ არ დააგემოვნო აქაური კერძები და უნიკალური ღვინო. ტრადიციული აჭარული სამზარეულო გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და ლოკალური თავისებურებით, კერძების ნაირგვარობითა და მომზადების ტექნოლოგიით, სუფრის გაშლის წესებითა და მასთან დაკავშირებული რიტუალებით. აჭარული სამზარეულო ყოველთვის იწვევდა ინტერესს, როგორც ხალხური სამზარეულოს მოყვარულებსა და გურმანებში, ასევე, მოგზაურ-მკვლევარებში, მეცნიერებსა და კულინარიით დაინტერესებულ სპეციალისტებში. რაც, შეეხება ღვინოს, შენ იცი რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, აჭარა კი გამორჩეული კუთხე.
მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საგანძურში, ვაზისადმი მზრუნველობის, ვენახის გაშენება-მოვლის უძველესი ტრადიციების ჩამოყალიბებაში აჭარას ღირსეული ადგილი უკავია. ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს მაღალმთიან აჭარაში დღემდე იყენებენ. ეს არის ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი, რომელიც აღიარებულია, ღვინის დაყენების, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო და უნიკალურ ტექნოლოგიად.
კიდევ ერთი საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ თუ აჭარაში კანიონინგსაც ცდით. უჩხოს ხეობის კილომეტრნახევრიანი კანიონი ულამაზეს ტყეში გადის და მის დალაშქვრას საშუალოდ 4–5 საათი სჭირდება. უჩხოს ხეობა ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ბათუმიდან საშუალოდ 2–2,5 საათის სავალ მანძილზეა. ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულები 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით ეშვებიან. ამ ჩანჩქერებიდან ყველაზე მაღალი 30 მეტრის სიმაღლისაა.
ჯომარდობის მოყვარულები სოფელ მახუნცეთიდან ეშვებიან აჭარისწყალზე. ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, თუ ექსტრემალური პირობები და აქაფებულ მდინარეში სწრაფი ცურვა დიდი ნავებით არ შეგაშინებს. ასევე არჩევანი შენზეა, თუ რამდენკილომეტრიანი დისტანციის დაფარვას მოისურვებ. 4 კილომეტრიანი მარშრუტის გავლას 35-40 წუთი სჭირდება. 6 კილომეტრიანი მარშრუტის დაფარვას დაახლოებით 50 წუთს მოანდომებთ, ნავში 4–6 კაცი ეტევა. ჯომარდობა აჭარისწყალზე წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თუ ძალიან ადიდებული და საფრთხისშემცველი არაა მდინარე.
ზღვაში ყვინთვა დაუვიწყარი რამაა. სრული სიჩუმე, თევზების გუნდები, რაპანებით მოფენილი კლდეები და ფსკერზე მოლივლივე წყალმცენარეები, მცურავი კიბორჩხალები. ბათუმის სიახლოვეს ზღვის ყველაზე სუფთა წყლებში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ტურისტი ინტერესდება დაივინგით. ყვინთავენ დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე სარფში, კვარიათსა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე. წყალში ყველაზე კარგი ხილვადობა ამ ადგილებიდან მწვანე კონცხზე და კვარიათშია.