იახტით გასეირნება
პანორამული ხედები, სიმწვანე, მრავალფეროვანი ბუნება და დაუვიწყარი ემოციები თუ შენი დასვენების წინაპირობაა, მაშინ აუცილებლად უნდა სცადო იახტით გასეირნება ბათუმში, მწვანე კონცხზე თუ გონიოში.
ბათუმის ბულვარში არსებული იახტკლუბი კი, საზღვაო ტრანსპორტის ფართო არჩევანით გამოირჩევა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია ექსპრომტული კრუიზის მოწყობა, შავი ზღვაში მობინადრე დელფინების ნახვა და შავი ზღვის ტალღების შეგრძნება. ბათუმის იახტკლუბი ბათუმის ბულვარში ნავსაყუდელის ტერიტორიაზე მდებარეობს და მომხმარებელს „Docking“ მომსახურებას სთავაზობს. კლუბში შესაძლებელია იახტის, იალქნიანი ნავისა და გემის დაქირავება.
თუ იახტით გასეირნებისთვის მწვანე კონცხს აირჩევ, იცოდე, რომ ეს ულამაზესი ადგილი ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით და ზღვის დონიდან 70-92 მეტრზე მდებარეობს. მწვანე კონცხის სანაპირო ზოლი საუკეთესო ვარიანტია იახტით ცურვის, მზის აბაზანების მისაღებად და დაივინგისთვის. შესანიშნავი ამინდი ხელს შეგიწყობთ ზღვიდან მწვანე კონცხის ფერდობზე გაშენებული შთამბეჭდავი ბოტანიკური ბაღის ხედებით ტკბობასა და გარუჯვაში.
გონიოს მთებისკენ გასეირნების შემთხვევაში კი, თურქეთის საზღვრამდე გადაჭიმული მყუდრო კურორტის,სუფთა სანაპირო ზოლითა და კამკამა ზღვის ხედებით დატკბები.