კურორტი „ბეშუმი“
„ბეშუმი“ მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლიმატის მქონე კურორტია.
„ბეშუმი“ მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლიმატის მქონე კურორტია.
მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული კურორტია „ბეშუმი“. იგი მდებარეობს ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1850-2000 მეტრზე, ბათუმიდან 120 კმ.-ში. მთის ფერდობზე განლაგებული ხის კოტეჯები, კურორტს ავთენტურ იერსახეს უნარჩუნებს. კურორტზე ბევრი საპიკნიკე და საკარვე ადგილია, ასევე შესაძლებელია საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასვლო ტურების მოწყობა. თუ ფეხით სიარული, ლანდშაფტზე დაკვირვება და ადგილობრივთა ყოფის გაზიარება გაინტერესებს, მსგავი ალპური ადგილის მონახულება შენთვის იდეალური გადაწყვეტილება იქნება.
ბეშუმისკენ მიმავალ გზაზე გაივლი აჭარისწყლის ხეობაში, სადაც დღემდეა დაცული კოლხეთის უნიკალური მცენარეული საფარი. აჭარისწყლის შენაკადები კი ბევრ ადგილას ლამაზ ჩანჩქერებს ქმნიან, რომლის ნახვაც ასევე შეგიძლია. ამის გარდა ალპური და წიწვოვანი მცენარეების საუკეთესო კომბინაცია დასვენებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის.
ბეშუმი გამაჯანსაღებელი კურორტია, რომელიც ადგილობრივებს შორისაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ მთავარი სამკურნალო ფაქტორს ჰაერის გამჭირვალობა, აჭარის სხვა ადგილებთან შედარებით ნაკლები ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიმრავლე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, მდიდარი ბუნებრივი გარემო განსაზღვრავს. კურორტი გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით, რაც ჰაერის განსაკუთრებულობაზე დიდ გავლენას ახდენს. შესაბამისად გულ-სისხლძარღთა დაავადებების სამკურნალოდაც შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქული ასთმა აწუხებს. კურორტის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყაროები ასევე კარგი საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდაც.
ბეშუმში ყოველწლიურად (აგვისტოს პირველ უქმეებზე) იმართება შუამთობის სახალხო დღესასწაული, რომელიც ყველაზე უძველესია ჩვენამდე მოღწეულ აჭარულ სახალხო დღესასწაულთა შორის და შენარჩუნებული აქვს ადრინდელი სახე. დღესასწაულის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივი კერძების გამოფენა. ეწყობა შეჯიბრებები დოღსა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში.