კულტურის და ხელოვნების ქალაქი: კინო, მუსიკა და თეატრი
ადამიანები, რომლებთათვისაც სულიერი განვითარება მნიშვნელოვანია, მათი მოგზაურობების უმეტესი ნაწილი კი ამ მიზნის განვითარებას ემსახურება ხელოვნება არის კულტურული შეხედულებების
ადამიანები, რომლებთათვისაც სულიერი განვითარება მნიშვნელოვანია, მათი მოგზაურობების უმეტესი ნაწილი კი ამ მიზნის განვითარებას ემსახურება ხელოვნება არის კულტურული შეხედულებების პრაქტიკაში გამოხატვის საშუალება.ხელოვნება ასახავს ხალხის არსს მათი ნახატების, ფერწერის, ქვაზე კვეთის, სხეულის მორთულობისა და ფოლკლორის საშუალებით. ხელოვნება შეიძლება დაეხმაროს ადამიანს იმ კულტურის გაგებაში, რომელთანაც სხვაგვარად შეიძლება რთული იყოს ურთიერთობა, რადგან ის აღწევს ადამიანების საბაზისო ემოციურ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება ასევე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს კულტურებს შორის, ის შეიძლება, ამავე დროს, იყოს საშუალება, რომელიც ახდენს კავშირს კულტურებს შორის. თუ შენ სწორედ ასეთი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნები და აჭარაში მოგზაურობ, ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთე.
აჭარა, ისტორიული ზემო ქართლის მნიშვნელოვანი მხარე, საუკუნეთა განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ქართველი ერის კულტურისა და განათლების ფორმირებაში. ამაზე მეტყველებს დღემდე შემონახული უძველესი ქართული მატერიალური კულტურის ძეგლთა ნაშთები და წინაპართა დატოვებული ხალხური ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები. აჭარა, ზემო ქართლში შემავალ სხვა მხარეებთან (სამცხე-ჯავახეთი, ტაო-კლარ- ჯეთი) ერთად, ოდითგანვე წარმოადგენდა ქართული კულტურის, ხელოვნებისა და განათლების აკვანს.
სამუსიკო ხელოვნება - მსოფლიო კლასიკური მუსიკით დაინტერესება აჭარაში XIXსაუკუნის II ნახევრიდან იწყება. აღსანიშნავია შალიაპინის, ფიგნერის, ქორიძის, ჯირალდონის გასტროლები ბათუმის „რკინის თეატრში“. 1889 წელს ბათუმში გაიხსნა მუსიკოსთა წრე, მუსიკოსთა ამ საზოგადოების მიზანს ქართული, ევროპული და რუსული მუსიკის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. XX საუკუნის 20-იან წლებში ბათუმში ჩამოყალიბდა რამდენიმე კამერული ჯგუფი. ამ საზოგადოებამ ხელი შეუწყო აჭარაში მუსიკალური კულტურის, სასცენო ხელოვნების, მხატვრული თვითმოქმედების განვითარებას, ქართველ მომღერალთა გუნდების ჩამოყალიბებას, ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შესწავლას.
სიმღერების მელოდიური და ჰარმონიული, პოლიფონიური წყობის, მრავალხმიანობის, ინტონირების, მუსიკალური აზროვნების მხრივ აჭარული მუსიკალური ფოლკლორი გამორჩეულია. აჭარული სასიმღერო ნიმუშები ხასიათდება მდიდარი თემატიკით. მუსიკალური საკრავებიდან აღსანიშნავია ჩონგური, ჭიბონი, გუდის ჭიბონი, დიდი დოლი. გამორჩეული ნიმუშია ოთხხმიანი ნადური, რომელსაც ასრულებს „გადაბმული“ ანუ ორპირი გუნდი. სამხმიანი სიმღერებიდან აღსანიშნავია „ძველი აბადელია“, „ტბეთური“, „ჟამიელი“, „მაყრული“, „საფერხულო“, „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“, გურულ-აჭარული შედევრები: „შავი შაშვი“, „შვიდკაცა“, „ხასანბეგურა“, „ალი-ფაშა“ და სხვა.
ამჟამად აჭარის სამუსიკო ტრადიციებს აგრძელებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა.
სასიმღერო ხელოვნება მჭიდროდაა დაკავშირებული ცეკვასთან. აჭარაში საცეკვაო ხელოვნების პოპულარული ნიმუშებია ცეკვა „ხორუმი“ და „განდაგანა“. „ხორუმი“ საბრძოლო ცეკვების ნაირსახეობას მიეკუთვნება. იგი, ძირითადად, ბრძოლას ასახავს, თუმცა, ამ ცეკვის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც „გადახვეული ხორუმის“ სახელწოდებითაა ცნობილი, გამოხატავს გამარჯვებულ მებრძოლთა ზეიმს. აჭარული საცეკვაო ხელოვნების გამორჩეული ნიმუშია ცეკვა „განდაგანა“, რომელშიც ერთმანეთს შეერწყა ჭიბონის და კაფია-შაირის სიმღერების თანხლებით შესრულებული ცეკვების ელემენტები.
თეატრალური ხელოვნება - ბათუმში პირველი ქართული თეატრალური წარმოდგენა 1879 წლის 8 ივლისს გაიმართა. ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს ზ. ანტონოვის კომედია „განა ბიძიამ ცოლი შეირთო“?. ამით საფუძველი ჩაეყარა ქართულ თეატრს აჭარაში. წარმოდგენის ინიციატორი იყო ბათუმის პოლიცმეისტერის მეუღლე ქეთევან ჟურული, რომლის ინიციატივით, 1882 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა სცენისმოყვარულთა წრე, რომელიც შემდეგ, ბათუმში სამხედრო სამსახურში მყოფი ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – დავით კლდიაშვილის ინიციატივით გადაკეთდა დრამატულ თეატრად.
თავდაპირველად, თეატრისათვის ხის პატარა შენობა 1884 წელს ააგეს, რომელიც 450- მდე მაყურებელს იტევდა.
იგი მდებარეობდა ახლანდელი კ. გამსახურდიას ქუჩაზე. შემდეგში თეატრი განთავსდა ე.წ. „რკინის თეატრში“, რომელიც დღევანდელი ცირკის შენობის ადგილას მდებარეობდა, 900 მაყურებელს იტევდა და იმ დროისათვის სათანადოდ იყომოწყობილი. XX საუკუნის 20-იან წლებში, ა. შმაევსკის ინიციატივით, თეატრის შენობა აიგო დღევანდელი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ადგილას. 1933 წელს ეს ნაგებობა დაანგრიეს და მის მაგივრად ააგეს ახლანდელი დრამატული თეატრის შენობა, რომელიც აშენდა არქიტექტორ აშენდა არქიტექტორ ლ. ს. ტეპლიცკის პროექტით და გაიხსნა 1952 წლის 19 მარტს.
1946 წლის 27 ივლისს ბათუმის თეატრმა მაყურებელს უჩვენა სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“. სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ცნობილი დრამტურგი ლ. მალიუგინი წერდა: „რამდენიმე თვის წინათ ბათუმში, ქართულ თეატრში ვნახე „ოიდიპოს მეფის“ ბრწყინვალე დადგმა. ჩემთან ერთად ამერიკელი მწერალი სტეინბეკი აღრთოვანებული იყო სპექტაკლით და მე ვამაყობდი იმით, რომ ამერიკელმა მწერალმა ვერ იხილა სოფოკლე ვერც თავის ქვეყანაში, ვერც დიდი დრამატურგის სამშობლოში - საბერძნეთში და ნახა იგი ჩვენთან, არა მარტო დედაქალაქის ვახტანგოვის თეატრის სცენაზე, არამედ პატარა სანავსადგურო ქალაქში, რომელიც ამერიკული წესების მიხედვით, განთქმული უნდა ყოფილიყო არა თეატრით, არამედ დანსინგებითა და ლუდხანებით“.
კინოხელოვნება ბათუმში - პირველი კინოთეატრი ბათუმში გასული საუკუნის 10-იან წლებში გამოჩნდა, თუმცა პირველი კინოსურათი კიდევ უფრო ადრე, 1907 წელს, აჩვენეს. 2011წელს კი ბათუმის ყველაზე ძველი კინოთეატრი - „აპოლო“ ასი წლის გახდა. როგორც ვთქვით პირველი კინოჩვენება ბათუმში 1907 წელს გაიმართა მაშინდელ დონდუკოვ-კორსაკოვის ქუჩაზე, კინოთეატრ „ილუზიონში”.
როგორც ცნობილია, უჩვენებიათ სააგიტაციო ფილმი სოციალისტური იდეებით და ამან, ცოტა არ იყოს, შეაშინა მაშნდელი ხელისუფლება. კინემატოგრაფია ახალი ხილი იყო და მაშინ ხშირად ასოცირდებოდა ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებთან. არსებობს ბათუმის ქალაქის თავის, ანდრონიკაშვილის მისამართით გაგზავნილი წერილები, სადაც მერს უხსნიან, რომ კინემატოგრაფია არ არის საშიში ხელისუფლებისთვის და კინოთეატრის გახსნის ნებართვას სთხოვენ. 1911 წლამდე „აპოლო“ არ ჩანს, 1911 წლის იანვარში მიხეილ გლაუდანის მიერ გადაღებულ ფოტოებზე კი ვხედავთ კინოთეატრ „აპოლოს“ და კინოაფიშები ჩნდება ადგილობრივ პრესაშიც. ასე რომ, ას წელზე მეტი შესრულდა წელი შესრულდა, რაც ბათუმს საკუთარი კინოთეატრი აქვს, საუკუნოვანი ისტორიით და არც ისე ბევრი კინოთეატრია მსოფლიოში, რომელსაც ასი წლის მანძილზე არ შეუცვლია დანიშნულება და აშენებიდან დღემდე კინოთეატრად დარჩა.
„აპოლოში“ კინოს ყოველდღე აჩვენებდნენ, ამას აფიშებზეც ვკითხულობთ, სადაც წერია: „დღეს და ყოველდღე“!
1911-1921 წლებში ბათუმში შვიდი კინოთეატრი იყო. „აპოლო“, რომლის მფლობელი იყო ბროვალი, „ილუზიონი“, „ლირა“, რომლის მფლობელები იყვნენ შვედი ძმები იაკობსონები, „პალასი“, „პიკალიდი“ (შემდგომში „ოქტომბერი”), „ტრიუმფი“ - მაზნიაშვილისა და ახმეტელის ქუჩების კვეთაში, რომელიც გერმანელ ქალს, მარია იუნგს ეკუთვნოდა და „რელიგიონი“, რომელიც იდგა ახლანდელი დრამატული თეატრის წინ, სადაც დღეს ნეპტუნის ქანდაკება დგას. „რელიგიონს“ ორი დარბაზი ჰქონდა, დახურული დ საზაფხულო, რომელიც 400-ზე მეტ მაყურებელს იტევდა.
შესაძლოა, რომელიმე კინოთეატრში კვირაში ერთხელ იყო კინოსეანსი, მაგრამ შვიდი კინოთეატრი ქალაქში, რომლის მცხოვრებთა რაოდენობა 30-40 ათას ადამიანს არ აღემატებოდა, ცოტა არ არის.
ყველა კინოთეატრი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კინოთეატრებს მაყურებელი ჰყავდა, რადგან სხვაგვარად ვერ იარსებებდნენ.
ეს არის ფაქტები, რომლებიც შევკრიბეთ შენთვის აჭარასა და ბათუმში არსებული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ. ფაქტები, რომლებიც ამბობს თუ რა მნიშვნელოვანია ისინი ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრებისთვის.