ფრინველებზე დაკვირვება
ფრინველებზე დაკვირვება ყოველთვის შეგიძლია, იმის მიუხედავად პროფესიული თვალსაზრისით გაინტერესებს თუ უბრალოდ ჰობია.
ფრინველებზე დაკვირვება ყოველთვის შეგიძლია, იმის მიუხედავად პროფესიული თვალსაზრისით გაინტერესებს თუ უბრალოდ ჰობია. მათზე დაკვირვება ხშირად შესაძლებელია გემზე ყოფნისას, ლაშქრობის დროს ან თუნდაც საკუთარი სახლის ფანჯრიდან, მაგრამ თუ კი დაინტერესებული ხარ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვებით და მეტი ინფორმაციის მიღება გსურს, აჭარა შესანიშნავი მიმართულებაა. საქართველოს, აჭარის რეგიონში აგვისტოს შუა რიცხვებიდან იწყება მტაცებელ ფრინველთა მიგრაცია, სადაც სპეციალურად მოწყობილი პლატფორმებიდან შესაძლებელია მათზე დაკვირვება.
შემოდგომის საქართველო ფრინველების საიდუმლოა, რომელიც შენც უნდა გაიზიარო. დაიწყე ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვება, ქვეყნის უაღრესად თვალწარმტაც სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე აჭარის რეგიონიდან. ყოველ შემოდგომაზე აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი ყოველწლიურ მიგრაციას გადის, ევროპის და აზიის უზარმაზარი ტყეებიდან და სტეპებიდან აფრიკის კონტინენტამდე. აჭარის რეგიონი მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის სიდიდით მესამე კორიდორად ითვლება, სადაც 15 აგვისტოდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით 1 (ერთ) მილიონზე მეტი აფრიკისკენ მიმავალი მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოსა და სოფელ შუამთაში სპეციალურად მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, ფრინველებზე დაკვირვების ორი პლათფორმა, საიდანაც ვიზიტორებს და ორნითოლოგიით გადაცებულ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, ჭოგრიტის (ბინოკლების) და ტელესკოპების დახმარებით დააკვირდნენ გადამფრენ ფრინველებს. ფრინველებზე დაკვირვებისთვის ასევე პუპულარული ლოკაციებია: ჭოროხის დელტა, ისპანის ტორფნარი, მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკები.
ბათუმის სამხრეთით ჭოროხის დელტა შესანიშნავი ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის. ბუნებრივი მრავალფეროვნება, ბუჩქები, მშრალი და სველი ბალახოვანი დაბლობები, ჭაობები და ზღვის სანაპიროები ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც გადამფრენი ფრინველები შესასვენებლად ჩერდებიან. დელტაში საკმაოდ ხშირად ჩნდება იშვიათი ფრინველებიც, როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე, მაგალითად თეთრკუდიანი ლაპვინგი და შავქუდა ბეღურა.
ფრინველებზე დაკვირვება გამორჩეული ტურისტული აქტივობაა. სექტემბრის დასაწყისში შეგიძლია მონაწილეობა მიიღო ფრინველების დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალში „Birdwatching”. ფესტივალი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ორნითოლოგიით გატაცებულ უცხოელ და შიდა ვიზიტორებს შორის. ფესტივალის მიმდინარე პროცესი დატვირთულია სხვადასხვა ტურისტული და საგანმანათლებლო-სამეცნიერო აქტივობებით. ფესტივალის ფარგლებში ტარდება მოწვეული ექსპერტების და ორნითოლოგების სემინარები და ლექციები. დატვირთული პროგრამა გამოირჩევა უნიკალური ტურისტული და საგანმანათლებლო შესაძლებლობებით, რაც ასევე საინტერესო და მიმზიდველია ბავშვებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე გვერდს: https://batumibirdfest.com/en