ხულო-თაგო საბაგირო
ხულო-თაგოს საბაგირო გზა 1985 წლიდან ფუნქციონირებს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. ის დაბა ხულოსა და სოფელ თაგოს აკავშირებს ერთმანეთთან და მგზავრი 8 წუთში აღწევს დანიშნულების ადგილს. ადგილობრივები მას ძალზე ხშირად იყენებენ ტრანსპორტის სახით, სწორედ გზის შემოკლების მიზნით. ხულო-თაგოს საბაგირო გზას ტურისტული დანიშნულებაც აქვს.
ხულო-თაგოს საბაგირო გზის მოწყობა ცნობილი ინჟინრისა და არქიტექტორის, შოთა ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720 მეტრია, სიმაღლე კი 280 მეტრი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს საბაგირო გზა მისი სიგრძისა და სიმაღლის გათვალისწინებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
ხულო-თაგოს საბაგირო ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მგზავრობისას მგზავრის წინაშე ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. ზაფხულში სიმაღლიდან ჩანს სიმწვანეში ჩაფლული ტყეები, ზამთარში კი თეთრით შემოსილი ტყის ფონი.
ამ ეტაპზე ხულოს საბაგირო დროებით არ ფუნქციონირებს, მიმდინარეობს საბაგიროს კაბინებისა და ტროსების რესტავრაცია და შეცვლა.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91