ქობულეთის დაცული ტერიტორიები
აჭარის ბუნება მრავალფეროვანი და უნიკალურია: ზღვა, ალპური მთები, ხეობები, იაილები, ოთხი დაცული ტერიტორია და ეროვნული პარკი, 2 ბოტანიკური ბაღი აქვს.
ქობულეთის დაცული ტერიტორია აჭარაში, ქობულეთის ზღვისპირა პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია გაშენებული, ფიჭვნარის ეკოსანაპიროდან დაახლოებით 300 მეტრში. ისპანის ტორფნარს გამორჩეული ეკოსისტემა აქვს, რისთვისაც ის მსოფლიოს ბუნებრივ საგანძურად არის მიჩნეული და მას ქობულეთის უნიკალური კლიმატის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ენიჭება.
ქობულეთის დაცული ტერიტორია მოიცავს მდინარე „შავი ღელე“-ს მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე მდებარე ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს და აღკვეთილს.
ეს ნაკრძალი 1998 წელს შეიქმნა წყლის ფრინველთა საცხოვრებელ გარემოდ და მათი უნიკალური ჯიშების დასაცავად. ნაკრძალის ტერიტორია გამოირჩევა წყლის ფრინველთა მრავალფეროვნებით და მნიშვნელოვანი ადგილია გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობების განვითარებისთვის.
ჭარბტენიანი ეკოსისტემების, უძველესი ტყეებისა და ნაკრძალის ფარგლებში ნაპოვნი ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ქობულეთის დაცული ტერიტორია 2021 წელს იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს, - როგორც კოლხეთის ტროპიკული ტყეებისა და ჭაობების ნაწილი.
ქობულეთის დაცული ტერიტორია მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს. ესაა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მარშრუტები, სადაც ჭაობის თხილამურებით გასეირნებაც არის შესაძლებელი.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე სამი მარტივი საფეხმავლო მარშრუტია: „ისპანი 2“, „თეთრი ხავსი“ და „დროზერა“. საფეხმავლო მარშრუტზე, ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების დროს, შეხვდებით ყვითელ და თეთრ დუმფარებს, თეთრი ხავსის ოთხმეტრიან გუმბათებს, ასევე, შესაძლოა მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუსაც მოჰკრათ თვალი.
ნაკრძალი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებში. გადამფრენი ფრინველების მიგრაციის დროს შეგიძლიათ ჭოგრიტები დაიქირაოთ და ბუნების ულამაზესი სანახაობით დატკბეთ.
ისპანის ტორფნარზე ვიზიტორებისთვის მოწყობილია ხის სასეირნო ბილიკი, რომელიც ვიზიტორებს წრიული მარშრუტით შემოატარებს ისპანის ტორფნარის ნაწილს და ბუნების ამ საგანძურით ტკბობის საშუალებას აძლევს.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს 577 90- 90- 93/91 ან ეწვიეთ ვებგვერდს VISIT AJARA