მაჭახელას ეროვნული პარკი
თუ ბუნებასა და სიმწვანეში გასეირნება თქვენს გეგმებში შედის, აუცილებლად უნდა მოინახულოთ მაჭახელას ეროვნული პარკი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლისწყლის ხეობაში მდებარეობს ზღვის დონიდან 300-350 მეტრ სიმაღლეზე, ბათუმიდან 30 კმ-ის დაშორებით.
მაჭახელას ეროვნული პარკი 2012 წელს შეიქმნა. მისი მთლიანი ტერიტორია 8733 ჰექტარია და მოიცავს წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყნის ტყეებს. აქვე გვხვდება ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ.
მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ასევე შეხვდებით უძველესი ციხესიმაგრეების ნანგრევებს, თაღოვან ხიდებს, ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახლებსა და მარნებს.
პარკში ფუნქციონირებს სამანქანო გზასთან ინტეგრირებული სამი საფეხმავლო ბილიკი: „მთავარანგელოზის“, “ქოქოლეთისა“ და „ტყუპი ჩანჩქერების”. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია. მაჭახელას ხეობის თვალწარმტაცი ტყეები, ჩანჩქერები და ბუნების მშვენიერი ხედები აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტი, რომ ქოქოლეთის ბილიკი სასაზღვრო ზოლთან გაივლის და ტურის დაწყებამდე აუცილებელია 5 სამუშაო დღით ადრე მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან შეთანხმება საშვის ასაღებად. „მთავარანგელოზის“ სახელობის მთიდან ულამაზესი ხედი იშლება ბათუმსა და მაჭახელას ხეობაზე.
მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებზე გასვლამდე საინფორმაციო მასალისა და სამოგზაურო რეკომენდაციების მიღება შესაძლებელია ხეობაში შესვლამდე მაჭახელას ეთნოსოფლის ვიზიტორთა ცენტრში ან მაჭახელას ხეობაში არსებულ ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის, ასევე მარშრუტების რუკებისთვის დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს 577 90- 90- 93/91 ან ეწვიეთ ვებგვერდს VISIT AJARA