"გომარდულის" სათხილამურო კურორტი
მაშინ როდესაც, აჭარის უზარმაზარი მთები და ხეობები თოვლით იფარება, ზამთრის ფეხსაცმელს სათხილამურო აღჭურვილობა ცვლის და თავგადასავალიც იწყება.
გაეშურე მაღალმთიანი სასრიალო გზების გასაცნობად და იგრძენი ჩიტივით თავისუფლება ყოველი ახალი ფერდობის დაპყრობისას.
სამთო სათხილამურო კურორტი გომარდული ზღვის დონიდან 1120 მეტრზე მდებარეობს. ის შუახევის ცენტრიდან 8 კილომეტრითაა დაშორებული, ბათუმიდან კი 65 კმ-ით. პირველი თოვლი გომარდულში დეკემბერში მოდის და მარტის ბოლომდე გრძელდება. თოვლის საფარის სიმაღლე ხშირად 2 მეტრამდეც აღწევს.
კურორტ გომარდულზე დამსვენებლებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ 300 მეტრი სიგრძის სასრიალო ტრასით და ხელის საბაგიროთი. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შეძლებთ თხილამურების და სხვადასხვა აქსესუარების დაქირავებას. სათხილამურო ტრასებზე თხილამურებით სრიალის გარდა, მოზრდილებსა და ბავშვებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა თამაშებსა და აქტივობებში.
აქ ძირითადად ხის სახლები და საოჯახო ტიპის სასტუმროები დაგხვდება, სადაც გულთბილად მიგიღებენ და ადგილობრივი კერძებით გაგიმასპინძლდებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე გვერდს: https://visitajara.com/ka/gomarduli-resort-ajara