საქმიანი ტურიზმი
შუახევის მუნიციპალიტეტი

ჩირუხის ხეობა და ჩირუხის მთა

ჩირუხი 18.jpg

ჩირუხის მთა ერთ-ერთი გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა აჭარაში და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს როგორც ბუნების, ისე ლაშქრობის მოყვარულთათვის. ზღვის დონიდან 2148 მეტრზე მდებარე ეს ალპური ზონა შთამბეჭდავი პანორამებით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებითა და ავთენტური მთის კულტურით იზიდავს ვიზიტორებს. ზაფხულის პერიოდში ჩირუხი განსაკუთრებით ხალხმრავალი ხდება, როდესაც მემთეულები ტრადიციულ საზაფხულო საცხოვრებლებს, ყავისფერ ხის სახლებს უბრუნდებიან. ისინი აგრძელებენ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ცხოვრების წესს, უვლიან საქონელს, ამუშავებენ საძოვრებს და ამზადებენ რძის პროდუქტებს, რომელთა ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ნაწილი კი ზამთრის მარაგისთვის ინახება.

ჩირუხის მთამდე მისასვლელი გზა მარეთის ხეობაზე გადის და თავად მგზავრობაც არანაკლებ შთამბეჭდავ გამოცდილებას წარმოადგენს. აქტიური ტურიზმის მოყვარულებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალურად დაგეგმილი ალპური მარშრუტით „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთის უნიკალურ ბუნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას აერთიანებს. ამავე ტერიტორიიდან შესაძლებელია ისეთი პოპულარული ბუნებრივი ობიექტების მონახულებაც, როგორიცაა მწვანე ტბა და ჯინალის ჩანჩქერი. ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთათვის, ჩირუხში განთავსებულია ევროპის ყველაზე გრძელი ორ ზოლიანი 'ჩირუხის ზიპლაინი', რომელიც 1750 მეტრი სიგრძისაა.

ჩირუხის მთაზე ვიზიტორებისთვის მოწყობილია სპეციალური საპიკნიკე სივრცეები, სადაც შესაძლებელია ბუნების წიაღში დასვენება და თვალწარმტაცი ხედებით ტკბობა. თავგადასავლების მოყვარულებს კი შესაძლებლობა აქვთ გაშალონ კარავი და ღამე გაატარონ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, უნიკალურ ალპურ გარემოში. ჩირუხი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს ერთდროულად აღმოაჩინოს აჭარის ბუნებრივი სილამაზე, ადგილობრივი ტრადიციები და დაუვიწყარი სამთო გამოცდილება.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

ჩირუხის ზიპლაინი 7.jpgჩირუხი 19.jpgჩირუხის ზიპლაინი 8.jpgჩირუხის ზიპლაინი.jpegჩირუხი 15.jpgჩირუხი 16.jpgჩირუხი 12.jpgჩირუხი 14.jpgჩირუხის ხეობა 3.jpegჩირუხის ხეობა 2.jpegჩირუხის ხეობა 1.jpeg

გაზიარება