გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე
გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე კარგად შემონახული რომაული თავდაცვითი ნაგებობაა, რომელიც ბათუმიდან დაახლოებით 12 კილომეტრში, სოფელ გონიოში, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე, შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსი 47 714 კვადრატულ მეტრს (დაახლოებით 4,75 ჰექტარს) მოიცავს და აჭარის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძვ. წ. XIII-VIII საუკუნეებში არსებობდა კოლხური ბრინჯაოს კულტურისა და ადრეული ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებების, დიაოხისა და კოლხას განვითარების მნიშვნელოვანი კერა. ელინისტურ პერიოდში აქ საქალაქო ცხოვრება აქტიურად ვითარდებოდა, ხოლო რომის იმპერიის დროს აფსაროსი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ უმთავრეს სამხედრო, სავაჭრო და ადმინისტრაციულ ცენტრად ჩამოყალიბდა. რომაელი ისტორიკოსის პლინიუს უფროსის ცნობით, ციხესიმაგრე უკვე ახ. წ. 77 წელს არსებობდა, ხოლო არიანეს, პროკოფი კესარიელისა და სხვა ისტორიული წყაროების მიხედვით, I-III საუკუნეებში იგი რომის აღმოსავლეთ საზღვრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენდა.
VI საუკუნეში აფსაროსი ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად იქცა. X საუკუნეში იგი აკამფსისის სახელით იყო ცნობილი, XI საუკუნის მიწურულს კი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა, რის შემდეგაც დამკვიდრდა სახელწოდება 'გონია'. 1204 წლის შემდეგ ციხე ტრაპეზუნტის საკეისროს გამგებლობაში მოექცა, ხოლო 1547-1878 წლებში აქ ოსმალეთის იმპერიის ძლიერი გარნიზონი იდგა. მოგვიანებით ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გონიო-აფსაროსი მუზეუმ-ნაკრძალად ჩამოყალიბდა.
ციხესიმაგრე გეგმარების მიხედვით სწორკუთხედია. მისი სიგრძე 222 მეტრია, სიგანე 195 მეტრი, გალავნის სიმაღლე დაახლოებით 5 მეტრს აღწევს, ხოლო კოშკების ნაწილი 7 მეტრია. ციხეს 18 თავდაცვითი კოშკი იცავს, მათგან ოთხი კუთხის მთავარი კოშკია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია რომაული აბანოების, წყალსადენის, სამხედრო ნაგებობების, საცხოვრებელი კვარტლების, ქუჩების, საკანალიზაციო სისტემისა და სხვა ინფრასტრუქტურის ნაშთები, რომლებიც ანტიკური პერიოდის მაღალ ურბანულ განვითარებაზე მიუთითებს.
გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე მჭიდროდ არის დაკავშირებული ბერძნულ მითოლოგიასთან. ლეგენდის მიხედვით, სწორედ აქ დაკრძალეს აფსირტოსი, კოლხეთის მეფე აიეტის ვაჟი და მედეას ძმა, რის გამოც ციხეს ძველად აფსაროსი ეწოდებოდა. ზოგიერთი საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ციხის ტერიტორიაზე განისვენებს ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული მატათა, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულ რელიგიურ მნიშვნელობასაც ანიჭებს.
არქეოლოგიური კვლევები გონიოში გასული საუკუნის 1960-იანი წლებიდან მიმდინარეობს, ხოლო 1994 წელს მუზეუმ-ნაკრძალისა და მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნის შემდეგ კვლევებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. დღემდე აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ფენა ძვ. წ. XIII-VII საუკუნეებით თარიღდება, ხოლო ციხის სამხრეთ კედლის გარეთ აღმოჩენილია ძვ. წ. V საუკუნის კოლხური სამარხები. 1974 წელს კი ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა II-III საუკუნეების უნიკალური ოქრომჭედლობის ნიმუშებისგან შემდგარი განძი, რომელიც კოლხური და რომაული კულტურების ურთიერთობას ასახავს.
დღეს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიერონ ციხის გალავანი, კოშკები, არქეოლოგიური გათხრების ზონა, მუზეუმის ექსპოზიცია და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ამსახველი არტეფაქტები. ისტორიული მემკვიდრეობა გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრეს არა მხოლოდ აჭარის, არამედ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობად აქცევს.
დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:
🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91