ანტიკური ციხესიმაგრეები პეტრა და გონიო
აჭარა საქართველოს გამორჩეული ადგილია უძველესი ცივილიზაციების მიერ აშენებული მრავალი თვალწარმტაცი და წარმოუდგენელი ისტორიული ნაგებობით, ზოგჯერ ძნელია ამოარჩიო მათ შორის საუკეთესო. დაფიქრდით რა კრიტერიუმებით აფასებთ ამა თუ იმ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას? რომელია კარგი ისტორიული ადგილი? რა ხდის მას საუკეთესოს?
ყველას აქვს საკუთარი კრიტერიუმები, რათა გადაწყვიტოს, თუ რომელი ისტორიული ადგილები უნდა მოინახულოს, თუმცა აჭარაში არჩევანი რთულდება. აქ არსებული ძეგლები კაცობრიობის ისტორიის ნაწილია, ისინი მოგვითხრობენ ისტორიის, ძალაუფლების, სიყვარულისა და რწმენის შესახებ. ისინი გვაჩვენებენ თუ როგორ განვვითარდით, ამიტომ არ გამოტოვოთ საოცარი ისტორიული ღირსშესანისნაობები აჭარაში მოგზაურობისას.
გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
გონიოს ციხესიმაგრე საქართველოს უძველესი ისტორიისა და მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც საყოველთაო აღიარებით წარმოადგენს რომაული საფორტიფიკაციო არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშს. გონიოს ციხე დიდი ხანია იდენტიფიცირებულია ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში არაეთგზის მოხსენიებულ აფსაროს/აფსარუნტთან.
გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული არგონავტების მითთან. ასევე, გადმოცემის თანახმად, იქვეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოწაფედან ერთ-ერთი - მატათა.
ანტიკური ტრადიცია ამ ადგილის, როგორც დასახლებულ პუნქტის წარმოქმნას, არგონავტების ლაშქრობას უკავშირებს, ამიტომ კოლხეთის ზღვისპირა ზოლის არქეოლოგიური შესწავლის სურვილი ბევრ ცნობილ პიროვნებას ჰქონდა, მათ შორის, ბერძნული სამყაროს ცნობილ მკვლევარს - ჰაინრიხ შლიმანს, აკადემიკოს ნიკო მარს, ცნობილ ბიზანტიოლოგს თევდორე უსპენსკის.
უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენებით დადასტურდა, რომ აფსაროსში კოლხური დასახლება ძვ. წ. V საუკუნეში ჩნდება. ციხის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ძვ. წ. V საუკუნის კოლხური კერამიკის ნიმუშები, ციხის სამხრეთი კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. V საუკუნის ადგილობრივი კოლხი მოსახლეობის სამარხები.
ვისი აშენებულია გონიოს ციხე? რომაულ და ბიზანტიურ წყაროებში ვერ ვხვდებით ცნობას ამის შესახებ, რაც მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა აქ რომაელებმა გამოიყენეს არსებული ძველი ციხესიმაგრე, რის საფუძველზეც ახალი საფორტიფიკაციო ნაგებობა გამართეს. ის ფაქტი, რომ გონიო-აფსაროსში მიკვლეული ყველაზე ადრეული მონეტები ნერონის (ახ. წ. 37–68 წწ.) სახელზეა მოჭრილი, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, უნდა მიანიშნებდეს, რომ კოლხეთის ზოგიერთ პუნქტში რომაული გარნიზონი სწორედ ნერონის დროიდან უნდა მდგარიყო.
რა სტრატეგიული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა მას? უპირველეს ყოვლისა, აფსაროსი ითვლებოდა რომის უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილად, სადაც შეიძლებოდა ზღვით მისვლა.
ციხე იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობის შემოსასვლელებსაც. მთის ზოლით შემოსაზღვრულობა სტრატეგიული თვალსაზრისით ასევე საგულისხმო ფაქტორი იყო, ხოლო ერთადერთი გზა ადვილად კონტროლდებოდა მეციხოვნეების მიერ.
გონიო-აფსაროსის ციხე გეგმაში სწორკუთხედია (სიგრძე - 222 მ, სიგანე - 195 მ, ფართობი 4,75 ჰა, სიგრძე პერიმეტრზე - 900 მ, კედლების სიმაღლე -5 მ, ხოლო იქ, სადაც კოშკებია აღმართული -7 მ). ციხის კედლები კარგადაა შემონახული და ნათლად ეტყობათ პერიოდული შეკეთებისა თუ მშენებლობის კვალი. კედლების ქვედა ნაწილი დიდი ზომის დამუშავებული კვადრებითაა შედგენილი. კედლის ზედა ნაწილი (დაახლოებით 1,5 მ სიმაღლის) შედარებით პატარა ქვებისგანაა ნაშენი და აშკარად გამოირჩევა ქვედა I-II იარუსისაგან. ციხე გამაგრებული იყო 22 კოშკით, რომელთაგან დღეს 18 კოშკია შემორჩენილი. ციხე სიმაგრეს 4 შემოსასვლელი ჰქონდა, დღეს 3 მათგანი ამოქოლილია. ციხის შიდა სივრცე რომაული კასტელუმებისათვის დამახასიათებელი ორი ურთიერთგადამკვეთი ქუჩით (კარდო, დეკულანუმი) იყო მოწყობილი.
გონიოს ციხის ქვის გალავნის მშენებლობა I-II საუკუნეების მიჯნაზე უნდა დაწყებულიყო. ახ. წ. II-III სს.-ით თარიღდება რომაული აბანოს ნაშთები, წყალსადენი სისტემა და კოლექტორი. სამხრეთ კარიბჭესთან მიკვლეული ყაზარმის ნანგრევების შესაბამისად, ციხის კედლებს დღესაც ეტყობა პერიოდული შეკეთების კვალი. ციხე ახ. წ. III საუკუნეში დაზიანდა,მაგრამ ახ. წ. III საუკუნის ბოლოსა თუ IV საუკუნის დასაწყისისათვის კვლავ აღდგენილი ჩანს.
გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს ისტორიული ჭანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის შავ ზღვაში შესართავთან, სამხრეთ ბათუმიდან 12 კმ-ის დაშორებით. 2010 წლიდან ეწოდა მუზეუმ-ნაკრძალი. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე დაცულ მუზეუმში ანტიკურ ექსპონატებთან ერთად ასევე წარმოდგენილია მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან 80-იან წლებში დათარიღებული ექსპონატები.
გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე მიკვლეული უძველესი არქეოლოგიური მასალა ადრე რკინის ხანით თარიღდება. უძველეს რკინის მეტალურგიის წარმოებას უკავშირდება შიდაციხისა და მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ე.წ. დიუნური სადგომების ნაშთები, დამახასიათებელი ქსოვილის ანაბეჭდიანი და სადა ზედაპირიანი აბაზანისმაგვარი ჭურჭლებითა და თიხის რქისებრშვერილიანი სადგრებით შედგენილი საკულტო კომპლექსებით. 2000 წელს კი, ციხის სამხრეთი კარიბჭის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა ძვ. წ. V საუკუნის ადგილობრივი კოლხი მოსახლეობის სამარხები. ამ აღმოჩენების შედეგად შეივსო ის წყვეტილი, რომელიც არსებობდა წინაანტიკური და ელინისტური ხანის მასალებს შორის.
გონიო-აფსაროსში მიკვლეული ყველაზე ადრეული მონეტები ნერონის (ახ. წ. 37-68 წწ.) სახელზეა მოჭრილი, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, უნდა მიანიშნებდეს, რომ კოლხეთის ზოგიერთ პუნქტში რომაული გარნიზონი სწორედ ნერონის დროიდან უნდა მდგარიყო.
პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
აჭარის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული და ხუროთმოძღვრების ძეგლია შემორჩენილი, რაც ამ რეგიონის დიდ წარსულზე მეტყველებს. მათ შორის განსაკუთრებით თვალსაჩინო ღირსებებით გამოირჩევა ციხისძირის ისტორიული კომპლექსი, რომელსაც ბიზანტიელები პეტრასაც უწოდებდნენ, რაც ნიშნავს კლდეს, მტკიცეს. ციხე-ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელობა ხაზგასმულია პროკოპი კესარიელის აღწერილობაში: „ქალაქი პეტრა მიუვალია, ჯერ ერთი, ზღვის მხრით, მერე ციცაბო კლდეებით, რომელიც იქ ყოველის მხრით არის აღმართული: აქედან არის, რომ მას ეს სახელწოდება ხვდა წილად“.
ციხისძირი, სადაც აღმოჩენილია არქეოლოგიური ძეგლები გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ისტორიისა და მატერიალური კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლებია. პეტრას ციხესიმაგრე თარიღდება V-VI სს., რომელიც ასევე მოიცავს ბაზილიკის ნაშთებს და ანტიკური ხანის სამაროვნებსა და საცხოვრებელ ნაგებობებს. მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 7 ჰა.
ციტადელის კედლები მრავალი საომარი შეტაკების მოწმეა. სწორედ აქ გაიმართა მნიშვნელოვანი ბრძოლები ირანელებსა და ბიზანტიელებს შორის VI ს.-ის პირველ ნახევარში. ციხისძირი კიდევ დიდხანს ინარჩუნებდა სტრატეგიულ მნიშვნელობას. ბოლო ომი ციხის კედლებთან 1878 წელს გაიმართა რუსეთსა და ოსმალეთს შორის. აქ გამართულ ცხარე ბრძოლებში მრავლად მონაწილეობდნენ ქართველი მოლაშქრეები. მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ოსმალთაგან აჭარის გათავისუფლებასა და მხარის საქართველოსთვის, დედასამშობლოსთან დაბრუნებაში.
ამ მიდამოებში შემორჩენილი ციხესიმაგრის ნანგრევებისა და სხვა სიძველეებისადმი დიდი ხანია ინტერესს იჩენენ, როგორც უცხოელი მკვლევრები და მოგზაურები, ასევე, ქართული საზოგადოებაც. XIX ს.-ის საგაზეთო პუბლიკაციებში გაჩნდა ცნობები ციხისძირში შემთხვევით აღმოჩენილი ძვირფასი ნივთებისა და ნუმიზმატიკური მასალის შესახებ. XX ს.-ის პირველ ათწლეულში ციხისძირის სანაპირო ზოლში აგარაკების მშენებლობისას შემთხვევით აღმოჩნდა მრავალი ძველი საინტერესო ნივთი. კერძოდ, ბრინჯაოს მელითონეთა განძები, რომელთა ნაწილი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება, ნაწილი – აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. XX ს.-ის 20-იან წლებში ციხისძირში, ნაციხარის მიდამოებში, მოაგარაკეების მიერ ნაპოვნი რომაული დამღიანი აგური 1920 წლიდან დაცულია ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
1907 წლიდან სანკტ-პეტერბურგში, ერმიტაჟში, ინახება ციხისძირში ნაპოვნი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთების კოლექცია. გამოთქმულია ვარაუდი, რომ აღნიშნული ნივთები ნაპოვნია ციხისძირის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ გორაკზე აგარაკის მშენებლობის დროს. ციხისძირის მიდამოებთან დაკავშირებულია მრავალი შემთხვევითი ნუმიზმატიკური აღმოჩენაც. მათ შორისაა ბერძნული, რომაული, პართული, სასანური, ბიზანტიური, არაბული და ოსმალური მონეტები.
გათხრების შედეგად დადგინდა, რომ ციხესიმაგრის ნაშთები განლაგებული იყო ორ ბორცვზე. მძლავრი კედლითა და კოშკებით შემოსაზღვრული შიდაციხე კარგად გააზრებულ საფორტიფიკაციო სისტემას შეადგენდა. შიდაციხის ტერიტორიაზე შესწავლილია სხვადასხვა პერიოდის და ხასიათის ნაგებობა, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენამდე საკმაოდ დაზიანებული სახითაა მოღწეული.
არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელსა და ქალაქს. დასახლებას გარეთ ციტადელში შემორჩენილია სასახლის ნანგრევები, ანტიკვარული აბანოები, მეურნეობები და ჯარისკაცების რეზიდენციები, ასევე VI-VII საუკუნის ბაზილიკა, რომელიც პეტრეს საეპისკოპოსო ტაძრის ნაშთებია. ნაგებობების კედლების ყველაზე ძველი ფენა VI საუკუნისაა. ამ ხანას განეკუთვნება ციხის კედლების ადრეული ფენა, სამნავიანი ბაზილიკა, სამეურნეო სათავსო და არქეოლოგიური მასალები.