საქმიანი ტურიზმი

ბათუმი და ცნობილი ადამიანები

Alphonse_de_Rothschild_(1827-1905).png

ბათუმი და ცნობილი ადამიანები

საქართველოს სხვადასხვა დროს, ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან, არაერთი, მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და წარმატებული პიროვნებები სტუმრობდნენ. ბათუმს კი ამ მხრივ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ისტორია დღემდე გრძელდება და შავი ზღვის მარგალიტი, თავისი მნიშვნელობითა და გამორჩეულობით მსოფლიო ვარსკვლავების, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების სპორტისა თუ სხვა სფეროში მოღვაწე ძალიან ცნობილი ადამიანების საყვარელ ადგილად რჩება.

ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მოყოლებული, როდესაც არამარტო ბერძნულ მითოლოგიაში, არამედ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მითის „არგონავტების“ გმირებმა ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე (ისტორიული წყაროების მიხედვით დღევანდელი აჭარის ტერიტორიაც ამ არეალში ექცევა) იმოგზაურეს, აქაურობას ცნობილი ადამიანების ინტერესი არ დაჰკლებია.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ასევე, სწორედ აჭარა იყო ერთ-ერთი პირველი რეგიონი, სადაც ქრისტიანობა, ღვთისმშობლის მიერ წარგზავნილმა ქრისტეს მოწაფემ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.
დღემდე ბათუმის ისტორია არაერთი ცნობილი ადამიანის სახელს უკავშირდება. ესენი იყვნენ ცნობილი მწერლები და პოეტები, მეცნიერები, მოგზაურები და უმდიდრესი ბიზნესმენებიც კი.

ცნობილმა ნორვეგიელმა მწერალმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა კნუტ ჰამსუნმა ბათუმში 1899 წელს იმოგზაურა. ამ დროს მას უკვე დაწერილი ჰქონდა თავისი წიგნი „შიმშილი“, მაგრამ ბათუმში მის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. ჰამსუნი კავკასიაში მოგზაურობდა, მართალია ზღვისპირა ქალაქში ვიზიტი მის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ ეს მოგზაურობა შემდეგ წიგნში „ზღაპრული ქვეყანა“ აღწერა. ჰამსუნის სამოგზაურო ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ის ზღვის პირას ცხოვრობდა სასტუმრო „ბელ ვიუში" და ფანჯრიდან ხედავდა ზღვაში მობანავე ხალხს.

ბათუმში კნუტ ჰამსუნი ბევრს სეირნობდა ქალაქის ქუჩებში, აკვირდებოდა ხალხს, შედიოდა სავაჭრო დუქნებსა და რესტორნებში. ბათუმის ცხოვრების რიტმმა და განსაკუთრებით ბათუმის ბულვარმა, მას ამერიკის სამხრეთის შტატები გაახსენა.

კნუტ ჰამსუნი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, ამ მოგზაურობიდან 20 წლის შემდეგ და მან არცკი იცოდა, რომ ქალაქში, რომელზეც ასე აღტაცებით წერდა, მისი მოგზაურობის დროს უკვე ცხოვრობდნენ სწორედ ის ნობელები, რომელთა სახელობის პრემიაც მას მიენიჭა.

1879 წელს რობერტ ნობელი ბაქოში ჩავიდა და ნავთობის ჭაბურღილებით დაინტერესდა. სწორედ იქ დაებადა იდეა, შეექმნა ძმები ნობელების ამხანაგობა და ამის შესახებ ძმას, ლუდვიგს მისწერა. ლუდვიგ ნობელს იდეა მოეწონა, პროექტის განხორციელებაში კი ძმებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნობელი, ალფრედი დაეხმარა, რომლის სახელსაც დინამიტის გამოგონება და ნობელის პრემიის დაარსება უკავშირდება. ალფრედ ნობელს ნავთობის მიმართ ინტერესი მანამდე არ ჰქონია, იგი ძმების კომერციულ ალღოს ენდო. ასე შეიქმნა ძმები ნობელების ამხანაგობა, რომელმაც ბათუმის ისტორიაში დიდი როლი შეასრულა. „ბრანობელი" – ასე უწოდებდნენ შემოკლებით ნობელების კომპანიას ბათუმში.

1905 წელს ძმები ნობელების ამხანაგობამ ბაქო-ბათუმის თითქმის 900-კილომეტრიანი ნავთობსადენის მშენებლობა დააფინანსა, რამაც ტვირთბრუნვა და ნობელების შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდა. 2007 წელს ძმები ნობელების სააგარაკე სახლში მათივე სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი გაიხსნა, რომლის დათვალიერებაც შეგიძლია.

მუზეუმის პირველ სართულზე, კედელზე, ძმები ნობელების ამხანაგობის რუკაა გაკრული, მასზე წითლადაა აღნიშნული ის ადგილები, სადაც ნობელებს კომერციული ინტერესები ჰქონდათ, მათ შორისაა ბათუმიც, ნავსადგური, საიდანაც მე-19 საუკუნის ბოლოს მსოფლიო ნავთობის 25 პროცენტზე მეტი გადიოდა და ძმები ნობელები არ იყვნენ ერთადერთნი, რომელთა ინტრესები ამ ქალაქს უკავშირდებოდა. მრავალ გვარს შორის იყო კიდევ ერთი, ნობელებზე არანაკლებ ცნობილი გვარი – ალფონს როტშილდი როტშილდების ცნობილი დინასტიიდან.

„კასპია -შავი ზღვის ნავთობსამრეწველო და სავაჭრო ორგანიზაცია" – ასე ეწოდებოდა ალფონს როტშილდის კომპანიას, რომელსაც თავდაპირველად ნავთის ბიდონების ქარხანა ჰქონდა ბათუმში, შემდეგ კი კომპანიამ საქმიანობა გააფართოვა და ქარხნის გარდა საკუთარი ნავმისადგომებიც კი ჰქონდა ბათუმის ნავსადგურში.
ბარონ როტშილდის სახელი ბათუმის ისტორიას 1880-იან წლებში დაუკავშირდა, როცა ბათუმი, როგორც მსოფლიო რუკაზე მონიშნული ნავსადგური, სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა. ბათუმის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო რკინიგზა, რომლითაც ბათუმი თბილისსა და ბაქოს დაუკავშირდებოდა და ბათუმიდან ნავთობის გადაზიდვას კიდევ უფრო მომგებიანს გახდიდა. ბარონ როტშილდს რკინიგზის მნიშვნელობა კარგად ესმოდა, ამიტომაც მან სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 10 ათასი აშშ დოლარით დააფინანსა.

მე-19 საუკუნის ბოლოს ალფონს როტშილდმა ბათუმში, ბულვართან ახლოს, სახლის აშენება დაიწყო. სახლი ზღვას და ბულვარს უყურებდა. სამშენებლო მასალა საფრანგეთიდან ჩამოიტანეს, ორსართულიანი სახლი მდიდრულად გამოიყურებოდა და დღემდე ასეა.

როტშილდის სახლმა ისტორიის ბევრ განსაცდელს გაუძლო და დღესაც დგას ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ოღონდ მას არა როტშილდის, არამედ ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის სახელით იცნობენ.
როგორც ჩანს იმ  ნობელიანტი მწერლების ბიოგრაფიაში, რომლებიც ბათუმში იმყოფებოდნენ, ეს ქალაქი განსაკუთრებულ როლს თამაშობდა. ასეთი იყო, ცნობილი ბერძენი მწერალი, ნიკოს კაზანძაკისიც.  მისი ჩამოსვლა ბათუმში 1919 წელს უფრო საქმიანი მიზეზით იყო განპირობებული, ვიდრე სამოგზაურო ინტერესებით. იგი საბერძნეთის მთავრობამ ბათუმში ბერძენი ლტოლვილების რეპატრიაციის საკითხის შესასწავლად გამოგზავნა.

ბათუმში ნიკოს კაზანძაკისმა ორი კვირა გაატრა და ეს პერიოდი საბედისწერო აღმოჩნდა არა მარტო მისთვის, არამედ ერთი ბათუმელი ქალისთვისაც. „მშვენიერი ქართველი ქალი, ბარბარე ნიკოლოზის ასული" – ასე მოიხსენიებს მას კაზანძაკისი. ხანმოკლე რომანი კაზანძაკისმა აღწერა თავის უკანასკნელ წიგნში – „აღსარება გრეკოსთან", რომელიც 74 წლის ასაკში დაწერა. წიგნის ერთ-ერთ თავს, სადაც ბათუმელ ქალთან შეხვედრაა აღწერილი, „კავკასია" ეწოდება.

მწერალმა ალექსანდრე დიუმამ (შვილი) ბათუმში თავის ორ მოგზაურობას შორის შუალედი დათვალა და შემდეგ თავი მემუარებში დაწერა, რომ „წვიმა ბათუმს მაგიურ მომხიბვლელობას სძენს, მაგრამ მზიანი დღის ნაწილიც ისეთი მხურვალეა, რომ გეგონებათ, ცაზე ცხრათვალ მზე კი არა 9 მზე კაშკაშებს ერთდროულად“.
1947 წელს საბჭოთა კავშირს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა გამოჩენილი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ სტაინბეკი. 

გაზეთ “ჰერალდ ტრიბუნთან” მოლაპარაკების თანახმად, სტაინბეკს დოკუმენტური ნარკვევის მომზადება ევალებოდა, რომლის საფუძველზე, 1948 წელს გამოიცა წიგნი „რუსული დღიური“. სტაინბეკის ვიზიტით დაინტერესებული საბჭოთა ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ საქართველოს შავი ზღვისპირა რეგიონის, კერძოდ, ბათუმისა და მისი შემოგარენის ბუნებრივი რელიეფი, გეოგრაფიული გარემო, შთაბეჭდილებას მოახდენდა მწერალზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთის შემდეგ, ამიტომ, მოსკოვში ყოფნისას, სტაინბეკს გამუდმებით ესმოდა „მაგიური სიტყვა საქართველო“, მას აღტაცებით მოუთხრობდნენ კავკასიის ქვეყანაზე, რომელიც „შავი ზღვის პირას მდებარეობს“, როგორც „მეორე სამოთხეზე“: “მოქალაქის დამსახურება სახელმწიფოს წინაშე ზოგჯერ ჯილდოვდება საქართველოში გამგზავრებით” (რუსული დღიური, 2003:18) -  წერდა სტაინბეკი და იუმორით მიანიშნებდა, რომ საქართველოში მოგზაურობაც მას დამსახურებულ ჯილდოდ ერგო.

სტაინბეკი ბათუმს მოიხსენიებს, როგორც „ძალიან სასიამოვნო, ტროპიკულ ქალაქს“, ზღვისპირა სანაპიროებითა და სასტუმროებით, მნიშვნელოვანი პორტით, „ეს არის პარკების, ხეებით დაბურული ქუჩების ქალაქი, რომელსაც ზღვიდან მონაბერი ნიავი სიცხისგან იცავს“ (რუსული დღიური, 2003:26). მწერალი სასტუმრო „ინტურისტში“ დაბინავდა, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის „ყველაზე საუკეთესო და ყველაზე კეთილმოწყობილ სასტუმროდ“ დაასახელებს: „სასიამოვნო და ახლად გაწყობილი ოთახებით, აივნებით და სავარძლებით. ყოველ ოთახს ჰქონდა გარეთ გამავალი, ფართოდ გაშლილი სარკმლები“ (რუსული დღიური, 2003:26). უნდა აღინიშნოს, რომ შენობის არქიტექტორი – აკადემიკოსი ალექსი შჩუსევი – გასული საუკუნის 30-იან წლებში პირადად ხელმძღვანელობდა ბათუმის „ინტურისტის“ მშენებლობისა და ფასადისა თუ ინტერიერის მოპირკეთების პროცესს. 

საინტერესოა 1924 წელიც, დეკემბერი, როდესაც თოვლი თითქმის ერთ მეტრს აღწევდა და ბათუმური ზამთარი საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობდა, ქალაქს პოეტი სერგეი ესენინი სტუმრობდა.  ის თავის ცნობილ ლექსს „შაგანე, ჩემო შაგანე“ სწორედ აქ დაწერს.

ბათუმში ასევე ყვებიან ისტორიებს მიხეილ ბულგაკოვის შესახებ და არამოლოდ იმას, რომ პიესა „ბათუმი“ აქვს დაწერილი, არამედ იმასაც, რომ ცნობილი „ოსტატი და მრაგარიტას“ პერსონაჟი სწორედ ბათუმის ბაზარში დაინახა და აღფრთოვანდა. შემდეგ კი გაჩნდა შთამბეჭდავი გმირი მარგარიტა.

მწერალმა კონსტანტინე პოლსტკოვსკიმ ორი წელი იცხოვრა საქართველოში და მას 23 ნაწარმოები უძღვნა, მათშორის „წერილები ბათუმიდან“ და „ზამთარი ბათუმში“.  ქობულეთში კი დღემდე დგას მისი აგარაკი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და საინტერესო ისტორიას ინახავს.

ასეთია მცირე ჩამონათვალი მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ადამიანებისა, რომელთა ბიოგრაფიის ნაწილი ბათუმს უკავშირდება. რაც მთავარია ქალაქმა დღემდე შეინარჩუნა ის მიმზიდველობა, რომელიც ადრეც და ახლა უბიძგებს ადამიანებს, მოინახულონ, იცოცხლონ და იცხოვრონ სწორედ აქ - ბათუმში!

გალერია

Alexandre_Dumas_fils.jpghamsun   By Anders Beer Wilse - Knut Hamsun på Nørholm, juli 1939.Uploaded by kjetil_r, CC BY 2.0, httpscommons.wikimedia.orgwindex.phpcurid=9952522.jpgJohn_Steinbeck_1939_(cropped).jpgNikos_Kazantzakis_1904.jpgPaustovsky.jpgRobert_nobel.jpgSergey_Yesenin_2.jpg

გაზიარება