საქმიანი ტურიზმი

ბათუმი და ფილმები

''არაჩვეულებრივი გამოფენა'' 2.jpg

ბათუმი და ფილმები

XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა კინემატოგრაფი იყო. თავდაპირველად კინო ხალხს ტექნიკურ საოცრებად მოევლინა, ფოტო, რომელიც კედელზე ეკიდა გაცოცხლდა, ამოძრავდა და სულ მალე თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში შეიჭრა, ბევრი მათგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა. მალე დამოუკიდებელ ხელოვნებად ჩამოყალიბდა. ბევრი შემოქმედი დაინტერესდა იმ საოცრებით, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი ზემოქმედების ძალა.

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ბევრი ქართველი თუ უცხოელი კინომოღვაწე სტუმრობდა და ბევრი შემოქმედი ადამიანის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ბათუმმა, რაც გარკვეულწილად აისახა მათ შემოქმედებაში.

იმ ფილმებს შორის, რომლებიც ამ ქალაქში შეიქმნა, ბევრია ისეთი, რომელთაც საერთაშორისო აღიარება და არაერთი პრიზი მოიპოვეს, არის ისეთებიც, რომელსაც ნაკლებად, ან თითქმის არ იცნობს მაყურებელი. არის ფილმები, რომლებიც თავისი შინაარსითა და მაღალმხატვრული დონით გამოირჩევა, ისეთებიც, რომლებიც შეიძლება არ ჩაითვალოს შედევრებად, მაგრამ თითოეულ ამ ფილმს განსაკუთრებული ღირებულება გააჩნია, რადგანაც ამ არაჩვეულებ ქალაქის ისტორიის ნაწილს ინახავს.

ბათუმშია გადაღებული ძალიან ბევრი ცნობილი და ქართველებისთვის საყვარელი ფილმები.
1984  წელს კინო-ეკრანებზე გამოვიდა თენგიზ აბულაძის „მონანიება“, რომელმაც საერთაშორისო კინო-ფესტივალებზე  არნახული წარმატება მოიპოვა. ფილმიდან არაერთი სცენა სწორედ ბათუმშია გადაღებული, კერძოდ: აბელ არავიძის სახლის სცენა - ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის შენობაში, სანდრო ბარათელის სახლი - ფარნავაზ მეფის 51-ში და პერსონაჟის სიზმარი - კათოლიკურ ეკლესიაში.

ყველასთვის უსაყვარლესი ფილმის  „არაჩვეულებრივი გამოფენა“ კადრებიც ბათუმშია გადაღებული. ვისაც ეს ფილმი უნახავს, არასდროს დაავიწყდება სცენა ფილმიდან - თუ როგორ ვარჯიშობს ჰანტელებით უზარმაზარი დოდო აბაშიძე პატარა აივანზე.  ეს პატარა ცნობილი აივანი ბათუმშია. მართალია, რესტავრაციის შემდეგ ზუსტად იგივე დეკორი არ აქვს, როგორც ფილმის გადაღებისას ჰქონდა, მაგრამ შენობა ფილმს გაგახსენებთ. კადრებში ჩანს ასევე დღევანდელი გორგასლის ქუჩის დასაწყისი, სცენა, როდესაც აგული ოჯახიდან მიდის და პიპინია ვიოლნოს უგდებს ფანჯრიდან.  დღეს სახლი სადაც აგულის პერსონაჟი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა აღარ არსებობს. 1968 წელს გადაღებულმა ფილმმა კი ამ ქუჩის კადრები კარგად შემოინახა.

ბათუმის საინტერესო ისტორიისა და კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი და პოპულარული ფილმი „12 სკამი“ (1971 წ.), რომელიც ილფისა და პეტროვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაიღო ცნობილმა რეჟისორმა, კომედიების ავტორმა ლეონიდ გაიდაიმ. ფილმის გადაღებები მწვანე კონცხსა და ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობდა. ზღვის სანაპიროზე მდებარე რესტორანში, სუფრასთან მსხდომი მოქეიფეები -ბათუმის თეატრის მსახიობები როლანდ კაკაურიძე და შოთა მესხიძე არიან.

ბათუმშია ასევე გადაღებული „მანანა“, „მოცურავე“, „მსურველები შეგიძლიათ ჩაეწეროთ“, „ჩამავალი მზე“, „ფეოლა“,„როგორ ვიცხოვრო უშენოდ“...
30 წლის წინ გამოვიდა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „სიყვარული და მტრედები“ (1984 წ.) მისი რეჟისორია ვლადიმერ მენშოვი, რომელსაც მანამდე გადაღებული ჰქონდა მხოლოდ ორი ფილმი, მათ შორის - უკვე ცნობილი „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ (1979 წ.), რომელმაც მრავალი პრიზი მოიპოვა, მათ შორის, 1981 წელს ოსკარი „საუკეთესო ფილმისთვის უცხოურ ენაზე“.

უნდა აღინიშნოს, რომ ფილმი „სიყვარული და მტრედები“, სადაც ერთ-ერთ როლს ცნობილი მსახიობი ლუდმილა გურჩენკო თამაშობს, დღემდე პოპულარობით სარგებლობს. 2011 წელს ფილმის გმირებს ძეგლი დაუდგეს იმ ქალაქში, სადაც რეალურად ცხოვრობდნენ ფილმის გმირების პროტოტიპები.

ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფილმი, რომელიც ბათუმში გადაიღეს კოტე მაჯანიშვილის „ამოკია“. ცნობილი მწერლის შტეფან ცვაიგის რომანის მიხედვით კოტე მარჯანიშვილმა 1927 წელს ფილმი  გადაიღო. ფილმის კადრებში ჩანს ბოტანიკური ბაღის ბაქანი, მაშინდელი ქალაქი, მწვანე კონცხი. კადრებში ჩანს ასევე მაშინდელი ერთადერთი მაღლივი შენობა, სობოროს ცნობილი ტაძარი, რომელიც შემდგომ 1932 წელს კომუნისტურმა რეჟიმმა დაანგრია.

ბათუმი ქვეყნის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, სადაც უკვე ტრადიციულად იმართება სხვადასხვა სახისა და შინაარსის საერთაშორისო კინო, თეატრალური თუ მუსიკალური ფესტივალები, რომლებიც უამრავ ადამიანს იზიდავს. უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი.ფესტივალმა პოპულარობა და მსოფლიო მასშტაბით აღიარება მიოპოვა. ასევე ტრადიციული გახდა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ორიგინალური სახელწოდებით „თოფუზი“, რომელიც პატარების საყვარელი თავშეყრის ადგილად და შემეცნების საუკეთესო საშუალებად იქცა.

ბოლო ათწლეულში ბათუმის მნიშვნელოვანმა სახეცვლილებამ, განახლებულმა ძველმა უბნებმა, ახალმა, თანამედროვე არქიტექტურამ და ისტორიულმა ღირსშესანიშნაობებმა, ქალაქი კინემატოგრაფისტებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის საინტერესო და მიმზიდველ გადასაღებ ობიექტებად აქცია, განსაკუთრებით უცხოელი რეჟისორებისთვის. 

დამოუკიდებელმა პროდიუსერმა და რეჟისორმა ალექსანდრე ათანესიანმა ბათუმში გადაიღო ეპიზოდები სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა „მოჰკალ მეფე“, სადაც ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები ზურაბ ქავთარაძე, ლია აბულაძე, ჯემალ ველიაძე მონაწილეობენ. ფილმი 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

2013 წელს, ქართულ-ფრანგულ-ესპანური მხარეების თანამშრომლობით, ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვაში მიმდინარეობდა გადაღებები სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა „სხვისი სახლი”. ფილმი უსახლკარო, ომგამოვლილი ადამიანების ცხოვრებაზე მოგვითხრობს: უსიციცხლო სოფელი, გაყინული ბუნება, უკიდეგანო ციტრუსის ბაღები, აჭედილი პირქუში სახლები – ასეთია ფილმის ბუნებრივი დეკორაცია, რომლის ფონზეც ვითარდება გმირების ისტორია. ფილმის გადაღებებში არაერთი ცნობილი ქართველი და უცხოელი მსახიობი და კინოხელოვანი მონაწილეობდა.

საქართველო-თურქეთის ერთობლივი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში უკვე რამდენიმე ფილმი და სერიალი შეიქმნა. მათ შორის, სერიალი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, რომელიც საკმაო პოპულარობითა და მაღალი რეიტინგით სარგებლობს თურქულ არხებზე. მასში მონაწილეობდნენ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები. ფილმის ეპიზოდების გადაღებები მიმდინარეობდა ძველი ბათუმის აღდგენილ უბნებში.

2013 წლის 12 ივნისს ბათუმს ეწვია ცნობილი ფილმის „ნათლიმამას“ რეჟისორის, ფრენსის ფორდ კოპოლას, ძმისშვილი, ასევე ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერი და რეჟისორი, კოპოლების დინასტიის წარმომადგენელი, სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი ქრისტოფერ კოპოლა, მსახიობ ნიკოლას ქეიჯის ძმა და რეჟისორ სოფია კოპოლას ბიძაშვილი, რომელმაც ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გადაღებულ ფილმში ითამაშა. შემდეგ ის 2014 წლის იანვარში კვლავ ეწვია ბათუმს, ამჯერად თავისი ახალი საშინელებათა ფილმის  „ნათიას სიზმრების“ გადასაღებად.

ცნობილმა ირანელი რეჟისორმა და სცენარისტმა, აზიის კინოაკადემიის პრეზიდენტმა მოჰსენ მაჰმალბაფი ბათუმში იღებდა ეპიზოდებს ფილმისათვის „პრეზიდენტი“. მაჰმალბაფის ფილმებმა არაერთი ჯილდო და აღიარება მოიპოვეს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. 2001 წელს ამერიკულმა ჟურნალმა TIME მისი ფილმი “კანდაჰარი” ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმთა სიაში შეიტანა.

ბათუმში ფილმის გადასაღებად ჩამოსულ რეჟისორთა გეოგრაფიული არეალი საკმაოდ მრავალფეროვანია, ასევეა ის ფილმები, რომლებიც აქ გადაიღეს, მრავალფეროვანია რო- გორც ჟანრობრივად, ისე გადასაღები ობიექტების შერჩევის თვალსაზრისით.

ბუნება, როგორც დეკორაცია ფილმის შინაარსის აღსაქმელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილი, გარემო, ბუნება, ესა თუ ის შენობა-ნაგებობა, სადაც მოქმედება მიმდინარეობს. თუ ამ კუთხით განვიხილავთ ფილმებს, დავწმუნდებით, რომ განახლებული ბათუმი, თავისი ძველი უბნებითა და თანამედროვე არქიტექტურით საუკეთესო ადგილია ნებისმიერი შინაარსის ფილმისათვის.

გალერია

''12 სკამი'' 2.jpg''12 სკამი'' ბათუმელი მოქეიფეები.jpg''12 სკამი''.jpgფილმი '' სიყვარული და მტრედები''.jpgფილმი ''ამოკია'' კოტე მარჯანიშვილი 2 .jpgფილმი ''ამოკია'' კოტე მარჯანიშვილი 3 .jpgფილმი ''ამოკია'' მწვანე კონცხი.jpgფილმი ''ამოკია''ბაქანი 3 .jpgფილმი ''მანანა'' 3.jpgფილმი ''მანანა'' 4.jpgფილმი ''მანანა''.jpgფილმი ''მსურველებს შეგიძლიათ ჩაეწეროთ''.jpgფილმი ''მსურველებს შეგიძლიათ ჩაეწეროთ''.jpg 3.jpgფილმი'' მონანიება''  ვარლამის ტრიბუნა.jpg

გაზიარება