ბათუმის ბულვარი
რა უნდა იყოს ზღვისპირა ქალაქისთვის იმაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანისნაობა ვიდრე ბულვარი?
რა უნდა იყოს ზღვისპირა ქალაქისთვის იმაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანისნაობა ვიდრე ბულვარი? ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე მონახულებადი ადგილი, სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის მოიცავს 7 კილომეტრიან სასეინრო ზღვისპირა ბილიკს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ამ ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველას შეუძლია თავისი ადგილი იპოვოს.
ბათუმის ბულვარს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1881 წლიდან დაიწყო. იდეა სამხედრო გუბერნატორ სმეკალოვს ეკუთვნოდა, რომელმაც ზღვისპირა ბულვარის გაშენება პრუსიელ მებაღეს, რესლერს დაავალა, მოგვიანებით კი ბათუმის ბულვარის დაგეგმილი მშენებლობის გაგრძელება საქართველოში მოწვეულ ფრანგ თავადს, მებაღე-დეკორატორს, მიშელ დ’ალფონსს დაევალა, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენებულია როგორც “ბათუმის სანაპიროს კეთილი გენია”. 2012 წელს ბულვარში დაიდგა დ’ალფონსის ბრინჯაოს ქანდაკება. ვიზიტისას აუცილებლად შეამჩნევ ასწლოვანი ევკალიპტის წინ მჯდომარე მებაღეს, რომელიც კმაყოფილი მზერით გაჰყურებს არემარეს.
ბულვარის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იასონ გორდეზიანს, რომელმაც განათლება საფრანგეთში მიიღო და 1917 წელს დაინიშნა ქალაქის პარკის, ბულვარის და სანერგის მმართველად. 1933 წლამდე მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით განხორციელდა ქალაქის პარკისა და ბულვარის ნარგავთა თითქმის მთლიანი განახლება. 2012 წელს ბულვარში ასევე დაიდგა მისი ძეგლიც.
ათწლეულების მანძილზე ბათუმის ბულვარი იზრდებოდა და უფრო მეტი ღირსშესანიშნაობებიც ემატებოდა, თუმცა კოლონადას არასდროს დაუკარგავს აქტუალობა. ანტიკური სტილის კოლონადების პროექტი, იტალიიდან 1930 წელს, მაქსიმ გორკის დახმარებით ჩამოიტანა ბათუმელმა ექიმმა ივანე მჭედლიძემ. კოლონადა აიგო 1934 წელს, რაზეც მეტყველებს იქვე გაკეთებული მოზაიკური წარწერა. თავიდან ბულვარის მთავარ კარიბჭედ მოსაზრებული ანტიკური კოლონადა მის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს და სახასიათო ღირსშესანიშნაობად იქცა.
1948-1949 წლებში, ბულვარში დაიდგა ულურსმნოდ ნაშენები ხის უნიკალური ნაგებობა, რომელშიც წარმოდგენები და კონცერტები იმართებოდა. სამწუხაროდ 1998 წელს ის დაიწვა, მაგრამ 2013 წელს ბათუმის საზაფხულო თეატრის ანალოგი დაუბრუნდა ქალაქს და ჩაება კულტურულ ცხოვრებაში.
გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ერქომაიშვილისა და სომეხი ინჟინრების გაერთიანებული ძალებით 1977 წელს ბულვარის მთავარ შესასვლელში დამონტაჟდა სამი ფერადი შადრევანი. მიმდებარე ტერიტორია მალევე იქცა ბულვარის ყველაზე ცოცხალ ნაწილად. 2007 წელს შადრევანს ჩაუტარდა მასშტაბაური რეკონსტრუქცია, დღეს ის უკვე მუსიკის თანხლებით, რითმულად ავსებს ბულვარში არსებულ გარემოს. „სალამურიანი ბიჭების“ ცვილის ქანდაკებებით გარსშემორტყმული მუსიკალური შადრევანი ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის.
ბათუმის ბულვარში მდგარი უნიკალური შუქურა კი უკვე 155 წელია შავ ზღვაში შემოსულ გემებს მიმართულებას აძლევს და ამ ტერიტორიაზე არსებული ნაგებობებიდან ყველზე ძველია. შუქურა ჯერ კიდევ 1863 წელს ბულვარის დაარსებამდე ააგეს. 1882 წელს ფრანგი ინჟინრების პროექტით, ის გადაკეთდა და დღემდე შეინარჩუნა პირვანდელი დანიშნულება და მისია. მისი ნათება 14 საზღვაო მილს (27 კილომეტრს) აღწევს. საუკუნოვანი ისტორიის გარდა, შუქურას გააჩნია უნიკალური მდებარეობა, ის მსოფლიოში ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც ზუსტად 41-ე გრძედისა და 41-ე განედის გადაკვეთაზე დგას. ბათუმის შუქურის ნაგებობაში ასევე განთავსებულია ჰიდროგრაფიული სამსახური, სადაც სინოპტიკოსები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ და მეტეო პირობებს აკვირდებიან. 21 მეტრის სიმაღლის ამ ნაგებობაში ასვლა სპირალისებული კიბითაა შესაძლებელი.
2009 წლიდან ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ე.წ. ახალი ბულვარი თანამედროვე სტანდარტებით გაშენდა.