საქმიანი ტურიზმი

განტვირთვა ბუნებაში

აჭარის მრავალფეროვან ბუნებაში დროის გატარებას შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს შენს ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

პიკნიკი2.jpeg

აჭარის მრავალფეროვან ბუნებაში დროის გატარებას შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს შენს ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. აჭარის რეგიონი საქართველოს სხვა კუთხეებს შორის განსაკუთრებით გამოირჩება სიმწვანით და სუბ-ტროპიკული კლიმატით, რაც განსაკუთრებით შესანიშნავია გაზაფხულის სეზონზე. სტრესის ან შფოთვის მოსახსნელად, გონების ფოკუსირებისთვის ან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარება აჭარაში დასვენებისას ბუნებასთან ურთიერთობის ეფექტურად გამოსაყენებლად. აჭარა სწორედ ის ადგილია, სადაც არსებობს უამრავი შესაძლებლობა ბუნების წიაღში  ჩაძირვისა და დასვენებისვის.

დატკბი პეიზაჟებით

დილით ადრე ადგომა მზის ამოსვლის სანახავად ან უახლოეს ბორცვზე მისი ჩასვლის საყურებლად განსაკუთრებით პოზიტიურ გავლენას ახდენს სიმშვიდის მოსაპოვებლად და განსატვირთად. არ აქვს მნიშვნელობა აჭარის ზღვის კურორტებზე ისვენებ თუ მთაში, ორივეგან მზის პეიზაჟის ყურება, როგორც დილით ასევე საღამოს, ხსნის მღელვარებას, გვავსებს ენერგიის ძალით და პოზიტივით. მზის ამოსვლა და ჩასვლა განსაკუთრებით ლამაზია ზღვის სანაპიროზე და აჭარის მაღალმთიან ადგილებში.

ბუნებაში ხეტიალი

ბათუმის ძველ, ლამაზ ქუჩებში სეირნობა სასიამოვნოა, თუმცა ბათუმი უნიკალური ქალაქია იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ქალაქის მახლობლად, ეროვნული პარკების არსებობას. აჭარის რეგიონში ოთხი ეროვნული პარკია: მტირალას და მაჭახელას ეროვნული პარკები, ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიები, ამავდროულად ბათუმთან ახლოსაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ეს ის ადგილებია, სადაც მრავლადაა საფეხმავლო ბილიკები, გაზაფხულის სურნელი ტრიალებს, ბუნების გამოღვიძების და ყვავილობის პერიოდი ბუნებაში განტვირთვის საუკეთესო პერიოდი და შესაძლებლობაა.

მოუსმინე მუსიკას

ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ ყურსასმენებში მუსიკის მოსმენას, არამედ იმ მელოდიებს, რომლებსაც ბუნება გთავაზობს: ნაკადულების ხმაური, ჩიტების სიმღერები, ქარის სტვენა ხეებში და უხილავი ცხოველების ხმები. ბუნების მელოდიები ბევრად უფრო დამამშვიდებელია, სულიერად გვაახლოებს მასთან და გვაძლევს განტვირთვის შესანიშნავ საშუალებას.

ჩადექით ფორმაში

თუ გიყვარს ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა, არ არსებობს უკეთესი ადგილი ამისთვის, ვიდრე კარგი ბუნებრივი გარემო, იქ სადაც ისვენებ. ისიამოვნე სუფთა ჰაერით სირბილის ან სეირნობისას. ბათუმის ბულვარში სარბენი ბილიკები წვიმიან დღეებშიც კი არაჩვეულებრივია, სადაც მისასვლელად და ვარჯიშისთვის დიდი მანძილის დაფარვაც არ გჭირდება.

იოგა  სამოთხეში

თუ შენ გარშემორტყმული ხარ ბუნების ისეთი სილამაზით, როგორიც აჭარაშია, შეგიძლია გაზარდო შენი შესაძლებლობები იოგაში. მრავალფეროვანი ბუნება და მშვიდი გარემო, საშუალებას მოგცემს შეარჩიო შენთვის საუკეთესო ადგილი, რათა დაკავდე იოგით და აივსო ახალი ენერგიებით.

მოაწყვე პიკნიკი

პიკნიკი შესანიშნავი გზაა მეგობრებთან და ოჯახთან ერთად კარგი დროის გასატარებლად. აჭარის პარკებში ნახავ არაჩვეულებრივ საპიკნიკე ადგილებს ჩანჩქერებთან და ისტორიულ უძველეს ხიდებთან ახლოს. ეს შესანიშნავი ადგილები დაგეხმარება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთირთობებს დამყარებაში. ჩაალაგე კალათაში შენი  საყვარელი ჯანსაღი საკვები და ისადილეთ ბუნებაში.

ითევზავე

თევზაობა გვასწავლის მოთმინებას. იგი განსაკუთრებით ამაღელვებელი აქტივობაა. მაშინაც კი, თუ ვერაფერს დაიჭერ, დროს შესანიშნავად გაატარებ ადგილობრივ მეთევზეებთან და შენსავით მოყვარულებთან ერთად. საბოლოოდ ვახშმად მაინც გემრიელად მომზადებული თევზი გერგება, რომელსაც ბათუმში ოსტატურად ამზადებენ თევზის რესტორნებში.

აიხედე ზეცაში

აჭარის რეგიონი ცნობილია, როგორც გადამფრენ ფრინველთა საიმიგრაციო კორიდორი, სადაც აგვისტოს შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, თბილ ქვეყნებში მიმავალი ერთ მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს. ბათუმის მიგრაციული დერეფანი მესამეა სიდიდით მსოფლიოში. განსაკუთრებით ამაღელვებელია, როდესაც შეძლებ ფრინველებზე დაკვირებას ჭოგრიტის ან ტელესკოპის საშუალებით, ან თუნდაც შეუიარაღებელი თვალით დაინახავ და ამოიცნობ სხვადასხვა სახეობის ფრინველებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფრინველებზე დაკვირვება შესანიშნავ საბაბს გაძლევს დაისვენო ბუნებაში, რაც შესანიშნავი გზაა განსატვირთად.

დაიძინე ვარსკვლავების ქვეშ

შეგიძლია ბუნება რამოდენიმე დღით შენს სახლად აქციო. კემპინგი აჭარაში ამის საშუალებას მოგცემს. თუ კომფორტსაც ვერ შეელევი, შეგიძლია გლემფინგიც აირჩიო. აჭარის მთებში ვარსკვლავიანი ცის ყურება სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებს. აქ ტელეფონი იმ მიზნითაც შეგიძლია გამოიყენო, რომ აპის საშუალებით ვარსკვლავები დაათვალიერო.

ახლა კი დროა შეწყვიტო კითხვა, ჩაისუნთქო ღრმად და გაემგზავრო აჭარის ბუნებაში.

გალერია

ბოტანიკური (1).jpgბოტანიკური (2).jpgბოტანიკური (3).jpgბოტანიკური (5).jpgიოგა.jpgბოტანიკური (6).jpgკინტრიში 3.jpgმზის ჩასვლა.jpgკინტრიში.jpgკინტრიში 2.jpgბოტანიკური (1).jpgბოტანიკური (2).jpgბოტანიკური (3).jpgბოტანიკური (5).jpgიოგა.jpgბოტანიკური (6).jpgმზის ჩასვლა.jpgკინტრიში.jpg

გაზიარება