საქმიანი ტურიზმი

იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის პარკები აჭარაში

ეროვნული პარკები იდეალური ადგილია ყველა ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით იმიტომაც, რომ ადამიანებისგან დიდ ხარჯებს არ მოითხოვს, მიღებული სარგებელი კი გაცილებით მაღალია. ეროვნული პარკები უზრუნველყოფს ბუნებაში დასვენების, გართობისა და განათლების სრულყოფილ კომბინაციას.

Kobuleti Protected Areas_Ispani Sphagnum Peatlands.jpg.jpg
Mtirala National Park..jpg

საქართველოში მოგზაურობას თუ გეგმავ და შენი მიზანი მხოლოდ კარგად გართობა კი არა, რაღაც ახლისა და განსხვავებულის აღმოჩენაა, ასევე გინდა ის მცირე დრო, რომელიც ადამიანებს დასვენებისა და განტვირთვისთვის გვრჩება, ნაყოფიერად გამოიყენო, უნიკალური ადგილები ნახო და შემდეგ მოგზაურობის შთაბჭდილებებით მეგობრებიც გააოცო, მაშინ თამამად შეგიძლია მიმართულება აჭარის ეროვნული პარკებისკენ აიღო.

ქვეყნის ამ გამორჩეულ რეგიონში 4 ეროვნული პარკია, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მაჭახელას ეროვნული პარკი. ამათგან პირველ სამს იუნესკო (UNESCO), როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საგანძურს, იცავს და წარმოადგენს “კოლხეთის ტროპიკული ტყეების და ჭაობების” ტერიტორიების ნაწილს. 
(წყარო: https://whc.unesco.org/en/list/1616/) 
ბევრი არ არის ისეთი ადგილი, სადაც ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხავებული, უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორია შეიძლება მოინახულო. მოგზაურობის განმავლობაში თუ კი აჭარის ოთხივე დაცული ტერიტორიის ნახვას შეძლებ, ეს შენთვის დაუვიწყარი იქნება. თუ დროის სიმცირე ამის საშუალებას არ მოგცემს, ერთ-ერთი მათგანის მონახულებაც კი შეძლებს შთაბეჭდილებებით აგავსოს, ამიტომ არჩევანი შენზეა.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ისპანის უნიკალურ ტორფნარს იხილავ - ეს არის ადგილი, სადაც მუდამ ცოცხალი მზარდი თეთრი ხავსი სფაგნუმი ხარობს.
სფაგნუმის ხავსის მრავალი სახეობა არსებობს, ეს ხავსები საოცრად მრავალფეროვან, ცოცხალ „ხალიჩებს“ ქმნიან. ახლოდან დანახვისას ისინი ძალიან ლამაზები არიან და ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტორფის ჭაობების შექმნასა და არსებობაში. ისინი ინარჩუნებენ წყალს, რაც ხელს უშლის ნიადაგის გამოშრობას და ხელს უწყობს მკვდარი მცენარეული ნარჩენების დაშლას.

 თუმცა ამ მრავალი სახეობიდან მსოფლიოში ერთადერთი თეთრი ხავსი სწორედ ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე შეიძლება ნახო. მსოფლიოში ასეთი ადგილი არსადაა. ქობულეთის სფაგნუმიანი ტორფნარი სწორედ ამ ნიშნით შეიყვანა იუნესკომ მსოფლიოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში. კოლხეთის დაბლობის ამ ადგილებს რამსარის კონვენციაც იცავს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიას.

ამ ხავსს საკუთარ წონაზე ოცდაათჯერ მეტი წყლის შეწოვა შეუძლია, ეს თეთრი ხავსი უზარმაზარ ტორფნარს ფარავს და წელიწადის სხვადასხვა დროს ფერს იცვლის: კოლხეთის ტორფნარის ხავსი სრულად მაისიდან თეთრდება, მთელი ზაფხულის განმავლობაში გამომშრალი ღრუბელივითაა, წვიმიან შემოდგომასა და ზამთარში მომწვანო მოვარდისფროდ იფერება. ტორფნარში გამყინვარებისდროინდელი სახეობები ხარობს, რომელიც თავადაც გამყინვარებისდროინდელმა ტორფნარმა შეიფარა და გადაარჩინა.

ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარები ბათუმიდან 28 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სანამ იქ წასვლას გადაწყვეტ, სასურველია ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრს დაუკავშირდე, საიდანაც გიდს გაგაყოლებენ. აქვე შეძლებ ხის თხილამურების დაქირავებას, რაც ტორფნარში გადაადგილებას გაგიადვილებს. დაცულ ტერიტორიაზეა კოშკურაც, საიდანაც მთელი ტორფნარი ხელისგულივით ჩანს. ამ კოშკურიდან ასევე შეძლებ დააკვირდე გადამფრენ ფრინველებს. თუ ამ საოცარ ადგილს გაზაფხულზე ეწვევი, ენდემური სახეობის კოლხური დუმფარას ყვავილობასაც ნახავ.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოწყობილია ბილიკებიც, შენი დაინტერესების შესაბამისად შეიძლება აირჩიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურები.
ქობულეთის დაცული ტერიტორიების სერვისებთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლია იხილო დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.apa.gov.ge
თუ კი უკვე გაეცანი ქობულეთის სფაგნუმიან ტორფნარებს, მაშინ გააგრძელე მოგზაურობა მტირალას ეროვნულ პარკში კიდევ უფრო მძაფრი შეგრძნებებისთვის.

ზღვაზე დასვენება ძალიან კარგია და ვის არ უყვარს, მაგრამ ხანდახან მცხუნვარე მზისგან თავის დაღწევაც შეიძლება მოგინდეს ადამიანს. სად შეიძლება ამ დროს წახვიდე, ემოციებითაც დაიტვირთო, მუხლიც გამართო და სუფთა ჰაერი ისუნთქო? რა თქმა უნდა მთაში და რა თქმა უნდა ყველაზე ტენიან ადგილზე არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც - მტირალას ეროვნულ პარკში. ეს ადგილი სამართლიანად ითვლება ყველაზე ტენიან ტერიტორიად, ვინაიდან მისი ხშირი სტუმარია წვიმა და სქელი ნისლი. სწორედ ამ მიზეზით ეწოდა მთას სახელი „მტირალა“.

მტირალას ეროვნული პარკი ცნობილია თავისი მწვანე ბორცვებით, საოცარი პეიზაჟებითა და მდინარეებით. ჩასვლისთანავე შეგიძლია აირჩიო რამდენიმე საფეხმავლო ბილიკი, გაემართო ჩანჩქერის და ტბისკენ, სურვილისამებრ აირჩიო აქტივობა, როგორიცაა მაგალითათ ზიპლაინი, ლაშქრობის დასასრულს კი დააგემოვნო ადგილობრივი სადილი.

მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტისას, საშუალება გაქვს აირჩიო ორი სხვადასხვა სირთულის მქონე ბილიკი. პარკის ტერიტორიაზე შემუშავებულია ორი - „წაბლნარას“ 7 კილომეტრიანი, მარტივი სირთულის და „ცივწყაროს“ 16 კილომეტრიანი (ორდღიანი), საშუალო სირთულის ტურისტული მარშრუტი.
აქ გატარებული თითოეული წუთი სასიამოვნოდ გაგახსენდება. აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ ჭარბტენიანობის გამო ფეხი ადვილად ცურავს, ამიტომ ჩაიცვი კომფორტული ფეხსაცმელი. როგორც უკვე გითხარი ლაშქრობისას შენ ნახავ ტბას და ჩანჩქერს, რომელიც 15 მეტრის სიმაღლისაა, გირჩევ ორივე მოინახულოთ.

რაც შეეხება “ ცივწყაროს” ბილიკს, ის “წაბლნარას” ბილიკთან შედარებით უფრო რთულია და განკუთვნილია ხანგრძლივი ლაშქრობის მოყვარულთათვის. ამ ბილიკის სრულად გავლას ორი დღე სჭირდება, შესაბამისად ბილიკის მე-9 კილომეტრზე მოწყობილია ტურისტული თავშესაფარი, სადაც შესაძლებელია ღამით დარჩენა. ლაშქრობის დასასრულს აღმოჩნდები ზღვის დონიდან 1250 მეტრზე. მანამდე კი გზად შეგხვდება კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი შერეული ტყე, მრავალფეროვანი მცენარეული საფარი და ბუნებრივი წყაროები. 

კინტრიშის ეროვნულ პარკსაც შეგიძლია ეწვიო, რომელსაც ასევე იუნესკო იცავს. ეს არაჩვეულებრივი ადგილი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ულამაზეს საზღვაო კურორტზე, ბათუმიდან 60 კილომეტრის დაშორებით. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ ცხვემანსა და ხინოს მთებს შორის. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს შუამთის რელექტური ტყეებისა და ენდემური სახეობების, ცხოველებისა და მცენარეების, დაცვის მიზნით დაარსდა. 2019 წლიდან დაცული ლანდშაფტი გაუქმდა და დაარსდა ეროვნული პარკი.

სანამ კინტრიშის ეროვნულ პარკს მოინახულებ, უნდა იცოდე, რომ იქ გამოყოფილია 3 სხვადასხვა ზონა: ბუნების მკაცრი დაცვის ზონა, ვიზიტორთა ზონა და ტრადიციული გამოყენების ზონა. ასევე უნდა გაითვალისწინო, რომ აქ გადაადგილება შეიძლება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ბილიკებზე და ასევე შენი ვიზიტის მიზანს, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ინტერესი უნდა წარმოადგენდეს.

კინტრიშის ეროვნულ პარკს, საქართველოს სხვა დაცული ტერიტორიებისგან ის ფაქტი გამოარჩევს, რომ მისი ტერიტორიის დაახლოებით 92 პროცენტი ტყითაა დაფარული, რაც საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის ყველაზე დიდი ტყით დაფარული ფართობია. კინტრიშის ტყეს აჭარული ენდემების სიმრავლე ახასიათებს, ზოგიერთი რელიქტური სახეობა კი ათას წელზე მეტისაცაა, მათ შორის კოლხური ბზის ხე, პონტოს მუხა და ა.შ. განსაკუთრებით ლამაზ სანახაობას კი ჯუჯა წიფლის ხეებით გარშემორტყმული ადგილი ქმნის. ცხოველთა სამყაროც მრავალფეროვანია, აქ შეხვდებით 28 სახეობის პატარა ენდემურ ძუძუმწოვარს, როგორიცაა კავკასიური ციყვი, ევროპული  ზღარბი და ღამურები. აქ ნახავ ჩანჩქერებს, უთხოვარისა და ტყიბელის ტბას, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. ამ ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ადგილობრივი ფლორა და ფაუნა წარმოდგენილია მესამეული პერიოდის მრავალრიცხვოვანი კავკასიური, ქართული ენდემური და რელიქტური სახეობებით. ამ მთის მასივების ფორმირება 67 მილიონი წლის წინ დაიწყო, 42 მილიონი წელი გაგრძელდა, სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა კინტრიშის ტერიტორიაც, რომლის ნახვის შანსი ახლა შენც მოგეცა.

გარდა ბუნების მრავალფეროვნებისა და არაჩვეულებრივი ხედებისა, კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე შეგიძლია ნახო ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევები, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, უძველესი ღვინის ქვევრები და რეგიონის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ადგილი - შუა საუკუნეების (XII ს) ქვის ხიდი მდინარე კინტრიშის ნაპირზე ე.წ. „თამარის ხიდი“.  
კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ორი სხვადასხვა სირთულის ტურისტული ბილიკია, აქ გადაადგილება ცხენებითაც შესაძლებელია.

თუ დრო ამის საშუალებას გაძლევს, ჩვენ გირჩევთ ორდღიანი ლაშქრობა აირჩიო, რომელიც საუკეთესო საშუალებაა მთელი მარშრუტის დასაფარად და ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების აღმოსაჩენად . თუმცა არც ერთდღიანი ლაშქრობა დაგტოვებს გულგრილს ამ ადგილის მიმართ. მით უფრო თუ გაითვალისწინებ, რომ ბილიკების გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და კემპინგის ადილები, ასევე შეიძლება ცეცხლის დანთებაც სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. 

და ბოლოს მაჭახელას ეროვნულ პარკსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო:
მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურში, მდინარე მაჭახელას ხეობაში, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამ ადგილმა ეროვნული პარკის სტატუსი 2012 წელს მიიღო. მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდი საუკეთესო დროა მაჭახელას ეროვნული პარკის დასათვალიერებლად. 
მურყნის კორომები, წიფლისა და წაბლის ტყეები - ეს არის ის, რის გამოც მაჭახელას ეროვნულ პარკს უნდა ესტუმრო, გზად, მაჭახელას ხეობის სოფლებში კი, კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს, თაღოვან ხიდებს, ციხეებს, ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახელებსა და მარნებს დაათვალიერებ.

პარკის ტერიტორიაზე ორი ტურისტული ბილიკია - მთავარანგელოზის 8.3 კმ-იანი ბილიკი სოფ. სინდიეთიდან იწყება და ტყის მასივების, მთის ნაკადულებისა და წყაროების გავლით მთავარანგელოზის მთასთან მიდის. აქედან ჩანს, როგორ ერთვის მდინარე ჭოროხი შავ ზღვას. ხელისგულივით მოჩანს ბათუმი, ასევე ქედის, შუახევისა და ხულოს მთებზე შეფენილი სოფლები. აქედან შეგიძლია მთელ აჭარას თვალი გადაავლო.
ქოქოლეთის ბილიკის სიგრძე 6 კილომეტრია. ამ მარშრუტის გავლა შესაძლებელია ფეხით და მაღალი გამავლობის მანქანითაც. ბილიკის ყველაზე მაღალი წერტილიდან ჩანს ზედა მაჭახელას ხუთი სოფელი, რომლებიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. ეს ხუთი ხევი მაჯისა და ხელის ფორმას ქმნის. როგორც ამბობენ სახელის წარმოშობაც სწორედ ამ სიტყვათა შეთანხმებას უკავშირდება - „მაჯა - ხელა“ ანუ მაჭახელა.

პარკში ბილიკები ისეა მოწყობილი, რომ გიდის გარეშეც, დამოუკიდებლადაც გაიკვალავ გზას. თუ მარტივ ბილიკზე იმყოფები, ამას ყვითელი საღებავით მარკირებული ხეები და ქვები მიგანიშნებს, საშუალო სირთულის ბილიკი წითელი ფერის საღებავით, ხოლო რთული ბილიკი ლურჯი საღებავითაა მონიშნული, ისევე როგორც ზღაპრებში მონიშნული გზები. წყაროებთან ახლოს დასვენებაც შესაძლებელია.

მაჭახელას ეროვნული პარკის ღირსშესანიშნაობებს წითელი ნუსხით დაცული მცენარეები და ცხოველები წარმოადგენს. კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, უნგერნის შქერი, უთხოვარი თელა და კიდევ ბევრი, ცხოველებიდან კი მურა დათვი, ფოცხვერი და არჩვი.
როდესაც მაჭახელას ეროვნულ პარკში ლაშქრობას დაასრულებ, შეგიძლია მოინახულო ახალი საგამოფენო სივრცე, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ვიზიტორზე.

 მიიღებ სრულყოფილ ინფორმაციას მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ, ამ სივრცეს საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს, ვინაიდან წარმოდგენილია მაჭახელის ხეობის უნიკალური კულტურისა და ბიომრავალფეროვნების ნიმუშები. შესაბამისად ვერასდროს დაივიწყებ ადგილს, რომელიც საქართველოს სამოთხის ნაწილია.

ეროვნული პარკები იდეალური ადგილია ყველა ასაკის ადამიანისთვის, განსაკუთრებით იმიტომაც, რომ ადამიანებისგან დიდ ხარჯებს არ მოითხოვს, მიღებული სარგებელი კი გაცილებით მაღალია. ეროვნული პარკები უზრუნველყოფს ბუნებაში დასვენების, გართობისა და განათლების სრულყოფილ კომბინაციას.

 პარკების დათვალიერებისას შეძლებ მიიღო ინფორმაცია პარკის კონსერვაციის, ისტორიისა და ბუნების შესახებ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული პარკის მონახულება საუკეთესო გარემოსდაცვითი გაკვეთილი იქნება, რაც კი ოდესმე გქონია. აჭარის ეროვნულ პარკებში სიარული არ ჰგავს სხვა გამოცდილებას - შენ აქ არ ნახავ მხოლოდ ტყეებსა და მდინარეებს, არამედ ბუნებრივ საოცრებებს, რომლებისაც ალბათ არასოდეს გჯეროდა, როგორიცაა სფაგნუმის ხალიჩები ან ძველი არქიტექტურის ძეგლები. ეს ადგილები სავსეა ბუნებრივი საოცრებებით.

გალერია

Mtirala National Park.jpgკინტრიში 1.jpgკინტრიში 4.jpgკინტრიში.JPGმაჭახელა 1.jpgმაჭახელა.jpgქობულეთის დაცული ტერიტორია.jpgKobuleti Protected Areas_Ispani Sphagnum Peatlands.jpg.jpgMtirala National Park.jpgკინტრიში 1.jpgკინტრიში 4.jpgკინტრიში.JPGმაჭახელა 1.jpgმაჭახელა 2.jpgმაჭახელა.jpgქობულეთის დაცული ტერიტორია.jpgკინტრიში 2.jpg

გაზიარება