საქმიანი ტურიზმი

ქართული ანბანი - იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა

ანბანი-შექმნილია დავით მიქელაძის მიერ (გამოყენების უფლებით).JPG

 ქართული ანბანი - იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა

აჭარაში, ბათუმში, ქართული ანბანისადმი მიძღვნილი “ანბანის კოშკი” დგას და ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა და ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი ამ ქალაქში. ეს 130 მეტრის სიმაღლის ნაგებობა დნმ-ის უჯრედის სტრუქტურული მოდელის ანალოგიურია და იცი რატომ? ეს უნიკალური ანბანი ქართველთა გენეტიკური კოდის გამოხატულებაა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ანბანი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ უძველეს დამწერლობებს შორის.  

ქართული ანბანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სრულყოფილი ანბანური სისტემა. უძველესი წერილობითი ძეგლები კი, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს, თარიღდება V საუკუნით. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ დამწერლობა ქართველებს ჰქონდათ V საუკუნეზე გაცილებით ადრე. ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის ბერძნულ-რომაულ წყაროებში არაერთი ცნობა მოიპოვება იმის თაობაზე, რომ ქართველებს (კოლხებს) წინარექრისტიანულ ეპოქაში ჰქონდათ დამწერლობა. ასეთ ცნობებს იძლევიან პერგამონელი (II ს.), როდოსელი (IV ს.) და სხვა ისტორიკოსები.

ქართულმა ანბანმა თავისი არსებობის მანძილზე სამი საფეხური განვლო: 1. ასომთავრული ანუ მრგვლოვანი 2. ნუსხური 3. მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი გრაფიკული სტილი აქვს, ანბანის მთავარი ღირსება კი ისაა, რომ ყოველ ბგერას თავისი შესაბამისი ასო-ნიშანი აქვს.

სწორედ ამ ნიშან-თვისებების გამო, „ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკომ (UNESCO) კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა, ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 30 ნოემბერს მიიღო. მთავრობათაშორისმა კომიტეტმა  მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით ალბათ არცაა გასაკვირი, თუ რატომ დგას საქართველოს და აჭარის რეგიონის გამორჩეულ ქალაქ ბათუმში ანბანის კოშკი. ამ შენობიდან იშლება არაჩვეულებრივი პანორამული ხედები, როგორც ქალაქზე, ასევე მთებსა და ზღვაზე. “ანაბის კოშკში” განთავსებულია რესტორანი, რომელიც 360 გრადუსიან ბრუნვას ახორციელებს 1 საათის ან 40 წუთის განმავლობაში, პანორამული ბარი და სივრცე ბიზნეს შეხვედრებისთვის.

შენ ალბათ უკვე იცი, რომ ქართულ ანაბანში 33 ასოა, ამიტომ ყველაზე მაგარი ამბავი უნდა გითხრა:  აჭარაში ვიზიტისას შენ შეგიძლია ანბანის მიხედვით გაიცნო ეს არაჩვეულებრივი რეგიონი - დაწყებული „ა“ ასოდან, დამთავრებული „ჰ“ ასოთი. აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტი, დაგეხმარება, რომ ანბანის საშუალებით გაიცნო რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობები. პროექტ-კამპანიის სახელწოდებაა - #გაიცანიაჭარაანბანით.

კამპანიის მთავარი მიზანია სრულად წარმოაჩინოს ის მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტები, რაც აჭარას აქვს. აჭარის ტურისტულ ანბანში თავმოყრილია ყველა ძირითადი საზღვაო, სამთო, ეკოტურისტული თუ სათავგადასავლო ტურისტული აქტივობები.

გაზიარება