მსოფლიოს ფლორის საოცრებები აჭარის ბოტანიკურ ბაღებში
თქვენ შეგიძლიათ მსოფლიო ერთ დღეში იხილოთ და ამისთვის არც ათი ათასობით კილომეტრის გავლა, არც მრავალი საათისა და ფინანსების დახარჯვა მოგიწევთ. როგორ? დაათვალიერეთ ბათუმის სუპტროპიკული სამოთხე და ამაში თავად დარწმუნდებით. აღმოაჩენთ თუ როგორ იქცა ეს ადგილი მსოფლიო ფლორის მარგალიტად. სხვადასხვა კონტინენტის საუკუნოვანი პარკებისკენ ბილიკებს გაჰყევით და ნახეთ ერთ ადგილას შეკრებილი ყველაზე იშვიათი, ველური და ლამაზი მცენარეების ნიმუშები მთელი მსოფლიოდან.
აჭარაში მნახველს ორი ბოტანიკური ბაღის ხილვა შეუძლია, ერთია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, მეორეს კი - გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღს, უკვე მაღალმთიან აჭარაში მოინახულებთ.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე საათიანი ლაშქრობა ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რაც შეგიძლიათ ბათუმში გააკეთოთ. ის საუკეთესო ადგილია ასევე შავი ზღვისა და ქალაქის ჰორიზონტის სანახავად.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს და იქ მოხვედრა ძალიან მარტივად შეგიძლიათ, როგორც საკუთარი, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც. ბაღი დამთვალიერებელთათვის დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს, თუ ამ მთლიან დროს გამოყოფთ მის შესასწავლად, ეს იქნება საუკეთესოდ გატარებული დრო.
ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 110 წლის იუბილე აღნიშნა და ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღია მსოფლიოში, თუმცა მის დაარსებას საფუძველი უფრო ადრე მე-19 საუკუნის მიწურულს ჩაეყარა, როდესაც ბათუმის სანაპიროს თბილი ჰავით განცვიფრებულმა ფრანგმა დიდგვაროვანმა და მებაღემ მიშელ დ’ალფონსმა გადაწყვიტა შეექმნა „მცირე რივიერა“. ამ მიზნით მან სამხრეთ საფრანგეთიდან ჩამოიტანა და გაახარა იშვიათი დეკორატიული მცენარეები. ამჟამად, მიშელ დ’ალფონსის ძველი აგარაკი ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია. აქვე გეტყვით, რომ ის იყო ბათუმის მთავარი მებაღეც და სწორედ მის სახელს უკავშირდება ბულვარის ფრანგულ სტილში განაშენიანება.
მნახველებისთვის კი ბაღი, სადაც ახლა ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეების იშვიათი სახეობები იზრდება, 1912 წელს გაიხსნა და ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელსა და სტუმარს მასპინძლობს.
როდესაც გეტყვიან, რომ აქ მსოფლიოს ნახავთ, დაუჯერეთ, რადგან ბაღის ფლორისტული სიმდიდრე, მცენარეთა წარმოშობის მიხედვით 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია თავმოყრილი, ესენია: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთი ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუა ზღვის ანუ ევროპული და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილება. ბაღი ასევე მოიცავს ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკებს, საცდელ და საკოლექციო ნაკვეთებს, სათბურებს და ორანჟერეებს ტროპიკული მცენარეებისათვის. ცალკეულ ნაკვეთებზე გაშენებულია ციტრუსების, იაპონური ხურმის, ფეიჰოას, ტუნგის, იაპონური წაბლის, მუხების, კაკლოვნების, მაგნოლიების, ნეკერჩხლებისა და სხვათა პლანტაციები და ნარგაობები.
ბაღის კოლექცია შედგება მერქნიან მცენარეთა 2037 ტაქსონომიური ერთეულისაგან, ამათგან 104 კავკასიური წარმოშობისაა, ხოლო სხვა ყველა ტაქსონი საზღვარგარეთის სხვადასხვა ფლორის წარმომადგენელია.
ბაღში განაშენიანება ჩრდილოეთ ამერიკით დაიწყო. შორეული დასავლეთის მცენარეებთან 347 საფეხურიანი კიბით მიხვალთ, სადაც კალიფორნიის ტყეები, ორეგონის ხევები, გვადალუპეს თუ მექსიკის ჭაობის კვიპაროზები, ამერიკული აგავები დაგხვდებიან. ცამდე აზრდილი გიგანტური სექვოიები 35 მეტრის სიმაღლისაა. ბაღის ამ ნაწილის ნახვის შემდეგ იტყვით, რომ კალიფორნიული ტყეები ბათუმშიც გინახავთ.
ბოტანიკური ბაღის უძველესი მცენარეები ბამბუკის პლანტაციებია. სწრაფად მზარდმა ბამბუკმა აღმოსავლეთ აზიიდან დასავლეთ საქართველომდე გზა 123 წლის წინ ბაღის დამაარსებელთან ერთად გამოიარა. ბამბუკების კოლექციის დათვალიერება, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მთელი წლის განმავლობაში შეიძლება. ეს მარადმწვანე, მარცვლოვანი ბალახი, რომლის სიმაღლე 30 სანტიმეტრიდან 30 მეტრამდე მერყეობს ბაღის მთელ ტერიტორიაზე გვხვდება, მაგრამ აღმოსავლეთი აზიის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში შეგიძლიათ იხილოთ ბაღში არსებული ბამბუკების თითქმის მთელი კოლექცია და აღფრთოვანდეთ მათი ერთმანეთისგან რადიკალურად განსავავებული სახეობებით.
აქ შეხვდებით იაპონური ბაღების ხელოვნების ნიმუშებს - საუკუნეზე მეტი ხნის ბონსაებით, ბაღის დაარსების დროინდელი საკურებით, ძვირადღირებული ციკასებით, ნაირფერი და მოხდენილი ნეკერჩხლებით.
ჯუჯებისგან არც ისე შორს, მთავარ მარშრუტზე ამაყად დგანან მცენარეული სამყაროს გოლიათები - ავსტრალიური ევკალიპტები, რომლებიც ამ ბაღში ყველაზე განიერი მცენარეები არიან, მათი დიამეტრი 5 მეტრია.
ბაღში შეგიძლიათ წითელი ნუსხით დაცულ მცენარეთა 17 სახეობა, მათშორის გლობალურ წითელ ნუსხაში შეტანილი გადაშენების პირას მყოფი მცენარეები ვალდივიის პოდოკარპუსი (Podocarpus nubigenus) ანუ ღრუბლისებური ფეხნაყოფა და ბაღის ყველაზე მგრძნობიარე მცენარე ჩიკელი არაუკარია, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2000 წელია და ამ ხნის შემდეგ მისულებსაც დახვდებათ, რადგან შესანიშნავად მოახერხეს გარემოსთან ადაპტაცია.
ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკი კი ბათუმის სიმბოლო 125 წლიანი დიდყვავილა მაგნოლიით იწყება, ის მეზობლებთან ერთად თვალშისაცემ ხეივანს ქმნის. ეს უნიკალური მცენარე -25 გრადუს ყინვასაც კი უძლებს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ 15 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, რომელიც ყველა დამთვალიერებლის შთაგონებაა - ესაა ლინიოდენდრონი, რომელიც დაახლოებით 40 წლის წინ წაიქცა და ასე იქცა შთამბეჭდავ ბუნებრივ ხიდად. 1913 წელს ბაღში 20 ლირიოდენდრონის (ტიტების) ხე დარგეს. ერთი გამორჩეული ორმაგნიანი ეგზემპლარი, იმ დროს 72 წლის, 1985 წელს ქარიშხლის დროს წაიქცა და ჩამოაყალიბა „ცოცხალი ხიდი“ ნაკადულზე. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ლირიოდენდრონის ხიდი ბაღის ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში. ღერო ხავსიანია და ადგილ-ადგილ საკმაოდ სრიალა, ამიტომ ასვლისას ყურაღება გამოიჩინეთ.
ვარდების მოყვარულებს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 170-მდე სახეობა დაგხვდებათ, მაგალითად „დედოფალი მარშალი“ აქ 100 წელია ყვავის. სამხრეთ ამერიკული „მორცხვი” მიმოზა კი შეხებისას ფოთლებს ხურავს და წამში იმალება. წლის ნებისმიერ დროს ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე თქვენ იხილავთ მოყვავილე ინდივიდებს, თუმცა ყვავილობის პიკი, როცა ყველა ფერთა გამა ერთადაა წარმოდგენილი მაისიდან სექტემბრამდეა.
აუცილებლად მოინახულეთ ეს უნიკალური ისტორიულ გეოგრაფიული ადგილი, რომელსაც დაარსებიდან დღემდე ასი ათასობით მნახველი სტუმრობს. ამის მიზეზი კი მისი უნიკალურობა, მცენარეთა მრავალფეროვნება და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურაა, რომელიც მთლიანადაა მორგებული ვიზიტორთა საჭიროებებზე. თუ ნამდვილად გსურთ ბათუმის ხმაურისგან თავის დაღწევა, ბოტანიკურ ბაღში შესაძლებელია ღამისთევაც. კემპინგი ნებადართულია 6-დან 10 საათამდე.
თუ ბათუმის შესანიშნავი ბაღი უკვე მოინახულეთ და გზას მაღალმთიან აჭარაში აგრძელებთ, მაშინ გვერდს ვერ აუვლით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ადგილს, გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს, რომელიც სამართლიანად იმსახურებს ვიზიტორთა სიყვარულსა და აღფრთოვანებას. აქ თქვენ ნახავთ აჭარის უნიკალურ ხედებს, მდინარეებს, ჩანჩქერებსა და ტრადიციულ აჭარულ ოდა სახლებს. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე მდებარეობს და ბათუმიდან 115 კილომეტრითაა დაშორებული. ბაღის მონახულება მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე უნდა მოასწროთ, რადგან სხვა დროს აქაურობა თოვლითაა დაფარული.
ბაღის ძირითადი დანიშნულება ეკო-განათლების პოპულარიზაცია, კავკასიის ეკო-რეგიონის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა, კონსერვაცია და სოფლად ტურიზმის განვითარებაა. ალპურ ბაღში წარმოდგენილია აჭარის სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი უნიკალურ მცენარეთა მრავალფეროვნება. აქ ველურად მზარდი 50 ოჯახის, 111 გვარისა და 161 სახეობის მცენარეა. აქვე ნახავთ უნიკალურ ქვის ბაღს (როკარიუმს). ალპინარიუმი 4000 მ2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი.
გოდერძის ალპური ბაღი ჯამში 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის ზონები, წყაროსა და საპიკნიკე ზონები, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც თქვენ გექნებათ საშუალება ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნოთ. ეს გამოცდილება უნიკალური იქნება თქვენს მოგზაურობაში, რადგან მსოფლიოში ცოტა ადგილია, სადაც ადამიანი ველური ფუტკრების მიერ დამზადებულ თაფლს იყენებს და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. ჯარას ველური თაფლი 100 %-ით ნატურალურია.
ალპური ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტული მარშრუტსა და მწვანე ტბაზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძისა და ბეშუმში დამსვენებლებისთვის.
ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. ამჟამად, ალპური ბაღის ტერიტორიაზე ექვსი სახეობის მერქნოვანი და ასამდე სახეობის ბალახოვანი მცენარე არსებობს, რომელთა ძირითადი ნაწილი აბორიგენული სახეობაა.
გვჯერა, რომ თქვენ თამამად დაამატებთ თქვენს ტურისტულ მარშრუტს აჭარაში არსებულ ორივე ბოტანიკურ ბაღს, რადგან მცენარეებთან ურთიერთობა განსაკუთრებული გამოცდილებაა ადამიანებისთვის. აქ კი საშუალება გეძლევა იხილოთ იშვიათი ეგზემპლარები, ენდემური ჯიშები და სახეობები, რომლებიც აღგაფრთოვანებს. რა უნდა იყოს იმაზე საოცარი, როცა ხედავთ გამყინვარებისდროინდელ მცენარეებს, რომლებიც აქ წარმოუდგენლად დიდი ხნის განმავლობაში ხარობენ.