შეხვედრების ქალაქი ბათუმი
ბათუმი ნამდვილად შეხვედრების ქალაქია, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს.
ბათუმი ნამდვილად შეხვედრების ქალაქია, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს. ამ ქალაქში ადამიანები და ემოციები ერთმანეთს ხვდებიან, მათთვის ეს შეხვედრები ახალი, უფრო საინტერესო გზის დასაწყისია.
სინამდვილეში ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, მათ შორის იმასაც, თუ რატომ აქვს ამ ქალაქს განსაკუთრებული მიმზდველობა, რატომ გრძნობს ყოველი აქ ჩამოსული თავს საკუთარ სახლში და რატომ გამოიძებნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის ადგილი მის გულში.
ბათუმის სტუმართმოყვარეობა და ჰუმანურობა მისი ისტორიაში უნდა ვეძებოთ. უძველესი დროიდან აქ გადიოდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები. ეს ბუნებრივად იწვევდა ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყნის, რელიგიური მრწამსისა თუ ტრადიციების მქონე ადამიანების ურთიერთობას, მეგობრობას და ნათესაობასაც კი.
მაგალითად, რომაულ საგზაო რუკაზე, ე.წ. „ტაბულა პევტინგერია“-ზე (IV ს.), დაახლოებით თანამედროვე ბათუმის ადგილას, დატანილია გეოგრაფიული პუნქტი „პორტუს ალტუს“. ანტიკური წყაროების ანალიზის საფუძველზე ისტორიკოსები ( ს. ყაუხჩიშვილი) ასკვნიდა, რომ მსოფლიო რუკაზე ბათუმის შეტანა ნიშნავდა, რომ იმ დროს, II საუკუნეში, იგი მნიშვნელოვანი ქალაქი და ნავსადგური იყო.
საგარეო ვაჭრობაში, ცხადია, საზღვაო ტრანსპორტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. XII-XIII საუკუნეების საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური შავ ზღვაზე შეიძლებოდა ყოფილიყო ბათუმი, რადგან მხოლოდ ბათუმს გააჩნდა ისეთი ყურე, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდ სავაჭრო გზაჯვარედინზე იყო და იგი საუცხოო ბუნებრივ ნავსადგურს წარმოადგენდა გემებისათვის.
XIX საუკუნეში კი ბათუმში პორტო-ფრანკოს შემოღებამ, რკინიგზით გარე სამყაროსთან დაკავშირებამ და ბაქო-ბათუმს შორის ნავთობსადენის ამოქმედებამ საგრძნობლად გაზარდა და გააფართოვა ქალაქის ტერიტორია. ბიძგი მიეცა ვაჭრობისა და კუსტარული მეურნეობის განვითარებას.
აქ თანამედროვე ქალაქ-ნავსადგურის შექმნამ ბათუმი გადააქცია უმნიშვნელოვანესი კომუნიკაციების საკვანძო პუნქტად, რომელმაც საქართველო და კავკასიის სხვა ქვეყნები დაუკავშირა როგორც ერთმანეთს, ისე სხვა რეგიონებს.
ბათუმში მრავალფეროვანია ეთნიკურ-კონფესიური სტრუქტურაც. სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები, საუკუნეების განმავლობაში მეგობრულად თანაარსებობდნენ ამ ქალაქში, ერთობლივად ქმნიდნენ მის ეკონომიკას, კულტურასა, განათლებასა თუ ხელოვნებას. ამას ადასტურებს როგორც ქალაქის არქიტექტურა, ასევე ტრადიციული მატერიალური თუ სულიერი კულტურა, ამიტომ ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე ინტერრელიგიური ქალაქია საქართველოში, სადაც ფართოდ არის წარმოდგენილი სხვადასხვა კონფესიები, თავიანთი საკულტო ნაგებობებითა და მრევლით.
მრავალი წელია, რაც აჭარაში მართლმადიდებელი ქრისტიანები და მუსლიმები ერთ სივრცეში თანაარსებობენ, მათი ყოველდღიური ყოფა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რამაც გამოიწვია კულტურისა და ტრადიციების შერწყმა და უაღრესად საინტერესო მოდელი შექმნა.
დღესდღეობით კი ბათუმის უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ჰაბად ქცევამ, მისი ყველა საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ღირსება განსაკუთრებულად მიმზიდველი გახადა აქ ჩამომსვლელი ადამიანებისთვის. როგორც ამბობენ აქ ჰაერიც კი მეგობრობის და ადამიანების სიყვარულითაა გაჯერებული.