თანამედროვე ხელოვნების ქალაქი ბათუმი სკულპტურები, მოზაიკა და ქუჩის მხატვრობა
საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი, ბათუმი მხოლოდ შავი ზღვის გამორჩეული კურორტი კი არ არის, არამედ ეს არის ქალაქი შემოქმედებითი ცხოვრებით, რომლის ტემპიც უფრო და უფრო იზრდება.
ბათუმის შენობები ბოლო წლებში მხატვრების ტილოებად იქცა. ურბანული რეგენერაციის პროექტებმა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალებმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ბათუმზე და ქალაქის ცენტრი ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრების ნამუშევრების ცოცხალ გალერეად აქცია. შესანიშნავი ქუჩის ხელოვნების ნიმუშები ეხმიანება ქალაქის ზღვისპირა ატმოსფეროს და აღბეჭდავს აჭარის რეგიონის უნიკალურ სულს.
შეამჩნევ, რომ ბათუმის (და საქართველოს სხვა ქალაქების) ქუჩის ხელოვნების ბევრი ნიმუში მარკირებულია კვადრატში მჯდარი შავ-თეთრი ძაღლით და წარწერით „ნიკო, რაც Street Art Niko-ს ლოგოა. ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ქალაქებისა და დაბების გამოცოცხლებას ქუჩის ხელოვნების მეშვეობით. 2023 წელს პროექტი აღნიშნავს არსებობის ექვსი წლის თავს და მას წინ კიდევ ბევრი გეგმა აქვს.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ბათუმის ქუჩის ხელოვნების ჩამოყალიბებისთვის, არის ბათუმის ყოველწლიური გრაფიკარტის ფესტივალი, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში ბევრი გამორჩეული ნამუშევარი შეიქმნა. მხატვრები საფრანგეთიდან, ირანიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ საქართველოში და ადგილობრივ მხატვრებთან ერთად მუშაობდნენ. ფესტივალის ფარგლებში (ჩვეულებრივ აგვისტოში), არის მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებშიც საზოგადოებას მონაწილეობის მიღება შეუძლია.
ქუჩის მხატვრობის გარდა ბათუმს სკულპტურების ორიგინალურობა და მრავალფეროვნებაც გამოარჩევს. ამა თუ იმ ქალაქში ჩასვლისას ყოველთვის გიჩნდებათ სურვილი აღმოაჩინოთ საინტერესო „ფოტო ზონები“ ან სკულპტურები, სადაც დასამახსოვრებელ ფოტოებს გადაიღებთ. ბათუმში ამისთვის ერთზე მეტი ასეთი შესაძლებლობა გექნება. ზოგიერთი ძეგლი მოგვითხრობს დრამატულ ამბებზე, ზოგიც თავისი იდეებით გაგართობთ.
ქანდაკება "ალი და ნინო" თამარა კვესიტაძემ შექმნა. ძეგლი 2010 წელს დაამონტაჟეს. სკულპტურა განასახიერებს რომანის გმირებს და მოგვითხრობს ახალგაზრდა მუსლიმანისა და ქართველი პრინცესა ნინოს ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას. ორი ადამიანის განმასახიერებელი ეს უზარმაზარი ქანდაკება ყოველ 10 წუთში ერთმანეთს შორდება და შემდეგ ისევ ერთიანდება. ღამით, როცა შუქი აინთება, სანახაობა კიდევ უფრო მომხიბვლელია. მანათობელი ფიგურები დიდხანს დატოვებს კვალს თქვენს გულში.
ქანდაკებები გულით -ორიგინალური ლითონის სკულპტურები განლაგებულია ზღვის სანაპიროზე - გოლფის მოთამაშე, შეყვარებული წყვილი და სხვა პერსონაჟები. ქანდაკებები დამზადებულია მარტივად, მაგრამ ქმნის დაუვიწყარ განწყობას, რადგან ყველაფერი მარტივი - გენიალურია. ეს ქანდაკებები ბათუმის ნამდვილ სიმბოლოდ იქცნენ.
ქანდაკება „მე, შენ და ბათუმი“ - ეს ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც მდებარეობს „საოცრებათა პარკში“, ყველა ტურისტს ეპატიჟება ტრადიციულ ბათუმურ ყავაზე. სკულპტურის ავტორი ირაკლი წულაძეა. ეს კომპოზიცია 2012 წლის ნოემბერში გაიხსნა.
და ბოლოს მოზაიკები! არსებობს უამრავი მოზაიკა, რომელიც ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია. ამისი ბრწყინვალე მაგალითია ბათუმში „რვაფეხას“ მოზაიკა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ბათუმში ვიზიტისას აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს შორის უნდა დაამატოთ. „რვაფეხა“ არამარტო ბათუმის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოზაიკური კონსტრუქციაა. ის ქართველმა არქიტექტორმა, გიორგი ჩახავამ და მხატვარმა ზურაბ კაპანაძემ დააპროექტეს. შენობის ძირითადი სტრუქტურა სპეციალური ლითონის ხელით გაღუნვით შეიქმნა, შემდეგ კი თხევადი შუშით შეივსო. ექსტერიერი ფერადი ნატეხებითა და ზღვისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფორმებითაა გაფორმებული.
ბათუმში ცნობილი მოზაიკაა ასევე დელფინარიუმის შენობაზე განთავსებული ნამუშევარი. 1974 წელს შესრულებულ მოზაიკაზე გამოსახულია დელფინებისა და მოცურავეების ფიგურები.
ასე, რომ გაისეირნეთ ბათუმის ქუჩებში და აღმოაჩინეთ თანამედროვეობისა და წარსული ხელოვნების ნიმუშების არაერთი ნაზავი.