ზაფხულის ფესტივალები
ზაფხულის განმავლობაში ბათუმის ცხელი დღეები გამოირჩევა ტურისტების სიუხვით, ფერადი და კულტურულ-გასართობი ფესტივალებით. აქ იმართება, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი - რომელიც მელომანების ერთ-ერთი საყვარელი ფესტივალია. გემოვნებიანი სიმღერა, ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებელისგან დატვირთულ წარმოდგენაზე დასასწრებად, მოინიშნე მზის, ზღვის და საოცარი მუსიკით შერწყმული ივლისის თვე. ფესტივალის ფარგლებში უკვე ეწვივნენ ბათუმს: მარკუს მილერი, ტანია მარია, მასეო პარკერი, როი ჰარგრუვი, მეისი გრეი, სტენლი ჯორდანი, ლარი გრეჰემი, ჯონ სკოფილდი, ელ ჯერო, მაიკ სტენდი, ფიქტორ ვუტენი, სნუპ დოგი, ლივ ვორფილდი, ლიზა სტენფილდი, ქვინსი ჯონსი, ჯამიროქვაი. ბათუმის ჯაზ ფესტივალს 15 წლის ისტორია აქვს. ფესტივალის განმავლობაში მსმენელბს შეუძლია ჯაზის გარდა სხვადასხვა ტიპის მუსიკასაც მოუსმინოს.
ზაფხულის ფესტივალი - ყოველწლიურად იმართება და ადგილობრივებსა და დამსვენებლებს ამცნობს, რომ ბათუმი და მთლიანად აჭარა საზღვაო სეზონს იწყებს. ფესტივალის მიმდინარეობისას ზღვის სანაპირო მთლიანი ტერიტორია მორთულია ფერადი, კაშკაშა და ზაფხულის შესაფერისი დეკორაციებით. ამ დღეისთვის, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სხვადასხვა შემსრულებელი დილიდან გვიან ღამემდე ზრუნავენ ფესტივალის სტუმართა ხალისიან განწყობაზე. ასევე ტარდება აქტივობები, შეჯიბრებები სხვადასხვა თამაშებში, როგორიცაა მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი და სხვ.
თაფლის ფესტივალი - აჭარაში მეფუტკრეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და უნიკალური ტრადიციებით გამოირჩევა. დღესდღეობით, აჭარა თაფლის წარმოების მიხედვით, ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია საქართველოში, ადგილობრივი თაფლი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება, ვინაიდან მისი შეგროვება აჭარის რეგიონში არსებული ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფეროვანი გარემოდან ხდება. სწორედ ამ კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება ფესტივალი, რომელიც ბათუმში 2015 წლიდან იმართება და ქალაქის სტუმრებსაც აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს აჭარაში თაფლის მოპოვების უნიკალურ ტრადიციებსა და ისტორიას.
მიიღე ფესტივალებში მონაწილეობა და გაიცანი უკეთ აჭარა.