მახუნცეთის უძველესი თაღოვანი ხიდი
ულამაზეს მთებსა და ტყეებს შორის მოქცეულ მდინარეზე გადებული ხიდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობაა აჭარის რეგიონისათვის. ქედის მუნიციპალიტეტში არსებული მახუნცეთის უძველესი თაღოვანი ხიდი, სოფელ მახუნცეთში მდებარეობს. თაღოვანი ხიდი XII საუკუნით თარიღდება.
ხიდი არის დიდი ზომის და მისი ბოლოები უერთდება ბუნებრივი კლდის ბურჯებს. ხიდის სავალი ნაწილი 28.7 მეტრი სიგრძისაა, ხოლო მისი სიგანე 2.5 მეტრია. ის ერთ-ერთი ყველაზე განიერი თაღოვანი ხიდია მთელს აჭარაში. ხიდის სიმაღლე წყლის დონიდან მისი თაღის ზედაპირამდე 6.3 მეტრს შეადგენს.
ხიდის ასაშენებლად გამოყენებულია ვულკანური კლდის ქვა. მას მრავალჯერ ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და ბევრჯერ შეიცვალა მისი დამატებითი ქვის წყობის რიგები, რომლებიც სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან ფორმით, ზომითა და წყობის სტრუქტურით.
ხიდთან მდინარის პირას შესაძლებელია გაგრილება. მახუნცეთის თაღოვანი ხიდი ერთ-ერთი საინტერესო ადგილია ტურისტული თვალასაზრისით.