ჩხერის უძველესი თაღოვანი ხიდი
მრავალი თაღოვანი ხიდებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ხიდია ჩხერის ხიდი. იგი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, მდინარე ჩხერისწყალზე.
შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდის სიმაღლე წყლის დონიდან მის თავბანის თავამდე 6,30 მეტრია. ამ სიმაღლეზე ხიდის აშენება განაპირობა მაღალმა კლდოვანმა ნაპირებმა. რაც შეეხება ხიდის სიგანეს ის 1.90 მეტრს შეადგენს.
ხიდის ზედაპირი ჰორიზონტალურია, რაც სავარაუდოდ მერმინდელის გადაკეთების შედეგია. მისი გადაკეთების მიზანი შესაძლებელია ყოფილიყო ავტომობილებისათვის გზაზე გადასვლის გამარტივება. დღეს დღეისობით ხიდის თავზე მოთავსებულია თანამედროვე ხიდი.
ჩხერის უძველესი თაღოვანი ხიდის განსხვავებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი მართალია დამუშავების თვალსაზრისით ჩამოუვარდება სხვა ხიდებს, როგორიცაა მირვეთისა და მახოს ხიდი, თუმცა ჩხერის ხიდი არის ყველაზე მაღალი თაღოვანი ხიდი (ის უფრო მაღალია, ვიდრე მახუნცეთისა და ფურტიოს ხიდები) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.