საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ძველი ბათუმი

პიაცა - კულტურა.png

ძველი ბათუმი ქალაქის ისტორიული ნაწილია, სადაც თითქმის 2 000-წლიანი ისტორიის კვალი დღემდეა შემორჩენილი. სწორედ ამ ტერიტორიაზე, შავი ზღვის ბუნებრივ სანაოსნო ნავსადგურთან, ჩამოყალიბდა ბათუმის პირველი დასახლება, რომელიც ანტიკური ხანიდან მნიშვნელოვანი სავაჭრო, საზღვაო და კულტურული ცენტრი იყო. ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ ქალაქის განვითარებას შეუწყო ხელი და საუკუნეების განმავლობაში ბათუმი შავი ზღვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საპორტო ქალაქად ჩამოყალიბდა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ბათუმის პორტისა და საერთაშორისო ვაჭრობის სწრაფი განვითარების პარალელურად, ძველი ქალაქი ევროპული არქიტექტურის გავლენით გაშენდა. ამ პერიოდის არაერთი ისტორიული შენობა დღემდეა შემორჩენილი. მათ შორის გამოირჩევა ყოფილი სასტუმრო „ლონდონის“ (Hotel London) და სასტუმრო „ბელ ვიუს“ (Hotel Bellevue) შენობები, რომელთა ავთენტური არქიტექტურული იერსახე დღემდეა შენარჩუნებული. ნეოკლასიკური, ეკლექტიკური, არტ-ნუვოსა და აღმოსავლური არქიტექტურის ელემენტები ძველი ბათუმის ქუჩებს განსაკუთრებულ ისტორიულ იერს ანიჭებს.

ძველი ბათუმი დღეს ქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული და ტურისტული სივრცეა, სადაც ისტორიული მემკვიდრეობა თანამედროვე ურბანულ ცხოვრებას ერწყმის. აქ შესაძლებელია ისტორიული ქუჩების დათვალიერება, მუზეუმების მონახულება, ადგილობრივი დიზაინერული მაღაზიებისა და სუვენირების ბუტიკების აღმოჩენა, ასევე ტრადიციული ბათუმური ყავის დაგემოვნება, რომელიც ქვიშაზე მომზადების მრავალწლოვან ტრადიციას ინარჩუნებს. საღამოს საათებში ქუჩები, მოედნები და ისტორიული შენობები სხვადასხვა აქტივობებით იტვირთება, კაფეებსა და რესტორნებში ხშირად იმართება ცოცხალი მუსიკის საღამოები.

ძველი ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობები:
- ბათუმის პიაცა, იტალიური არქიტექტურით შთაგონებული მოედანი, რომელიც კაფეებით, რესტორნებითა და კულტურული ღონისძიებებით გამოირჩევა.
- ევროპის მოედანი და მედეას ქანდაკება.
- ბათუმის ასტრონომიული საათი, განთავსებულია ევროპის მოედანთან და დროის გარდა ასახავს მზის, მთვარის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებისა და პლანეტების ასტრონომიულ მონაცემებს.
- ბათუმის საზღვაო პორტი, ქალაქის მრავალსაუკუნოვანი საზღვაო ისტორიის მთავარი ნაწილი.
- საბაგირო „არგო“, ძველი ბათუმიდან იწყება და ქალაქის, შავი ზღვისა და მთების პანორამულ ხედებს სთავაზობს ვიზიტორებს.
- ისტორიული ეკლესიები, მუზეუმები, სამხატვრო გალერეები, კაფეები, რესტორნები, ღვინის ბარები და ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები.

ძველი ბათუმის მონახულება შესაძლებლობას იძლევა ერთ მარშრუტზე გაეცნოთ ქალაქის ისტორიულ ნაწილს, XIX–XX საუკუნეების ევროპულ არქიტექტურას, თანამედროვე კულტურულ ცხოვრებასა და შავი ზღვის სანაპიროს ურბანულ გარემოს.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

ძველი ბათუმი 10.jpg15__DSC06785-HDR-Edit.jpg20240922__DJI_0097.jpgძველი ბათუმი ქოვერი.jpgპიაცას-საათი.jpgბათუმის პიაცა 4.jpgევროპის-მოედანი.jpgევროპის მოედანი ქოვერი.jpgძველი ბათუმი 15.jpgევროპის-მოედან-1.jpgბათუმი-ევროპის-მოედანი.jpgქალაქი ბათუმი 2.jpgძველი ბათუმი.jpgბათუმის პიაცა ქოვერ.jpgქალაქი ბათუმი 3.jpg

გაზიარება