საქმიანი ტურიზმი

აჭარული ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპური 1.JPG

აჭარული ხაჭაპური

ხაჭაპური -  საქართველოს ყველაზე ცნობილი კერძია და მისი მრავალი სახეობა  არსებობს, მათი უმეტესობა ყველისა და ცომის მარტივი, მაგრამ გენიალური ნაზავია.
აჭარული ხაჭაპური საქართველოს გამორჩეული რეგიონის - აჭარის სიმბოლური კერძია. ქართულ სამზარეულოში არსებულ ყველა საკვებს შორის ეს უნიკალური ფორმის კერძი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილია.

აჭარული ხაჭაპური უსაზღვრო ქართული სტუმართმოყვარეობის, თბილი სამხრეთის მზისა და შავი ზღვის უკიდეგანო სივრცის სიმბოლური გამოხატულებაა. ამ ცომიანი კერძის ფორმა ნავს მოგაგონებს, რომლის შიგნით უგემრიელესი გამდნარი ყველი, უხვად ჩაჭრილი კარაქი და კვერცხის გული ეფექტურად ერწყმის ერთმანეთს. ამ ხაჭაპურის ფორმა და ინგრედიენტები ისეა შექმნილი, რომ ასახავს აჭარის სუბტროპიკების კაშკაშა მზესა და იმ სანაპიროს, საიდანაც წარმოიშვა.

აჭარული ხაჭაპურის წარმოშობის ისტორია ლაზებს უკავშირდება, რომლებიც ძველად ძირითადად მეთევზეობით იყვენენ დაკავებულნი. აჭარული ხაჭაპური პირველად მათ გამოაცხვეს და ნავის ფორმაც მათ საქმიანობას უკავშირდბა. არსებობს ამ კერძის წარმოშობის მეორე ვერსიაც - ხაჭაპურში მოთავსებული კვერცხი ნავში ჩამწყვდეულ მზეს მოგაგონებს და სიმბოლურად აჭარის ზღვისპირა ბუნებასთან ასოცირდება.
აჭარული ხაჭაპური მაღალკალორიული საკვებია. მისაღებია მისი ჭამა ხელით, მისი ფორმა საჭმელადაც კომფორტულია. მოტეხე ცხელი პურის პატარა ნაჭრები კიდეებიდან და ამოავლე ყველით, კვეცხითა და კარაქით შეზავებულ გულში.

აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესი
ფქვილში შეურიე საფუარი, ცოტაოდენი შაქარი და მარილი და დაასხი რძე, მოზილე ნაზი ცომი და დააყოვნე ამოსაფუებლად. შემდეგ გააბრტყელე მრგვალად, შემოახვიე ორივე მხრიდან და წვეროები შეუკარი, რომ მისცე ნავის ფორმა, წაუსვი ამ ნავებს კვერცხის გული. ყველს დააამატე ერთი კვერცხი და ეს მასა გაანაწილე ნავის ფორმაში. შედგი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ ცოტა რომ შეწითლდება გამოიღე ღუმელიდან, დანით ხაჭაპურის გულში გააკეთე ჩაღრმავება და შიგ უმი კვერცხის გული მოათავსე, შეაბრუნე ღუმელში 5 წუთი, სანამ ცილა შეიკვრება. გამომცხვარი ხაჭაპური გამოიღე ღუმელიდან, დაადე ზემოდან კარაქის ნაჭერი და მიირთვი გემრიელად.

აჭარაში რესტორნები უგემრიელეს აჭარულ ხაჭაპურს შემოგთავაზებენ. რესტორნები, როგორც წესი, გვთავაზობენ ამ კერძის მცირე, საშუალო ან დიდ პორციებს. აუცილებლად დააგემოვნე ეს კერძი საქართველოში ყოფნისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა აჭარაში, მის ისტორიულ სამშობლოში იმყოფები.

გაზიარება