მთის მაღალი მწვერვალები ზღვასთან ახლოს - გოდერძის სათხილამურო კურორტი
აჭარის რეგიონი, როგორც საქართველოს და ევროპის ნაწილი გამორჩეულია ზამთრის კურორტებით, მთის შესანიშნავი კერძებითა და ხეების საფარის ხაზის ზემოთ ალპური სათხილამურო ადგილებით.
აჭარის რეგიონი, როგორც საქართველოს და ევროპის ნაწილი გამორჩეულია ზამთრის კურორტებით, მთის შესანიშნავი კერძებითა და ხეების საფარის ხაზის ზემოთ ალპური სათხილამურო ადგილებით. აჭარის მაღალმთიან სოფლებში, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ავთენტური კულინარული კერძები, ესტუმროთ მთის ქოხებს და ისიამოვნოთ თვალწარმტაცი ხედებით.
აჭარის რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა „მცირე კავკასიონსა“ და შავ ზღვას შორის წარმოადგენს რელიეფის საუკეთესო კომბინაციას. ზღვაზე წარმოიქმნება დაბალი წნევის ზონები, რომლებიც ქმნიან თოვლის ჭარბ რაოდენობას და აწვდიან მცირე კავკასიონის პირველ მთიან ზოლს. ზღვის სიახლოვე მაღალ მწვერვალებთან უზრუნველყოფს უხვი თოვლის წარმოქმნას ნოემბრის თვიდან მარტის ბოლომდე.
აჭარის მაღალმთიანეთი განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის ვისაც უყვარს მთები, იტაცებს თხილამურებით სრიალი ან სნოუბორდი. აქ ყველაზე მაღალი მწვერვალები დაახლოებით 3000 მეტრს აღწევს. სრულიად ხელუხლებელ მთიან ლანდშაფტში გელოდებათ გოდერძის სათხილამურო კურორტი, სადაც დაგხვდებათ საუკეთესო სათხილამურო ტრასა. ნოემბრის დასაწყისისთვის როგორც წესი, მთები უკვე დაფარულია ღრმა თოვლით. განსაკუთრებით აღსანიშნავია კურორტ გოდერძიზე თოვლის ხარისხი, როგორსაც ხშირად „Powder Snow” მშრალ და ფხვიერ თოვლს ეძახიან. გაგაოცებთ ის მრავალფეროვნება, რომელსაც ევროპის კიდეზე მდებარე ეს ბრწყინვალე რეგიონი გთავაზობთ. სათხილამურო სეზონი კურორტ გოდერძიზე აპრილის ბოლომდეც გრძელდება.
გოდერძის სათხილამურო კურორტი ბათუმიდან აღმოსავლეთით 110 კმ-ში, დაახლოებით 3 საათნახევრის სავალ მანძილზე მდებარეობს, ამავე სახელწოდების მთის უღელტეხილთან. შავი ზღვის სიახლოვის შედეგად, გოდერძის სათხილამურო კურორტზე სხვებთან შედარებით ჭარბი თოვლი მოდის, ხშირად 2-3 მეტრამდე. კურორტი გთავაზობთ ორი სხვადასხვა სირთულის 6 ადგილიან ბაბლის ტიპის და 8 ადგილიან გონდოლას ტიპის საბაგიროებს, ლამაზ ფერდობებსა და შესანიშნავი სათხილამურო პირობებს. საბაგირო გზით გასეირნებისას მოემზადეთ დათოვლილი მთებისა და სითეთრეში ჩაფლული მარადმწვანე ნაძვების ფოტოზე აღსაბეჭდათ, საუკეთესო მოგონებების შესაგროვებლად. ზემოთ, საბაგიროდან გადმოსულებს, შესაძლოა, სულაც გაუკვალავი თოვლი დაგხვდეთ, სადაც მეგობრებთან ერთად გუნდაობასაც შეძლებთ. სრიალის მოყვარულებს კი სასრიალო ტრასიდან შეუძლიათ დაშვება.
საბაგიროთი ასვლის გარდა, შეგიძლიათ სცადოთ კეიზბორის მანქანის დახმარებით იგივე „ქეთ სქი“ (CAT SKI) სრიალი. კურორტმა გოდერძიმ საქართველოში პირველმა დანერგა სრიალისთვის კეიზბორის მანქანის გამოყენება.
თუკი ზამთარი ბათუმში ზომიერი ჰავითა და ტემპერატურით გამოირჩევა, მთიან აჭარაში იგი საკმაოდ მკაცრი და ჭარბთოვლიანია. თოვლი აქ გვიან გაზაფხულამდე ნარჩუნდება. მაღალმთიანი აჭარა უხვთოვლიანობით გამოიჩევა, რაც საოცრად მიმზიდველია წლის ამ პერიოდში. ზამთრის კურორტებზე დასვენების მოყვარულებისთვის, თეთრი, ფაფუკი თოვლისა და სუფთა ჰაერის გარდა, კურორტი „გოდერძი“ მათ ზამთრის ფესტივალებითაც ანებივრებს.
გოდერძის ცენრალური ტერიტორიის ირგვლივ განლაგებული კვების ობიექტები მყუდრო გარემოს ქმნიან, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი ჩაი, ყავა, რძიანი შოკოლადი ან გლინტვეინი და გასათბობად კოცონს მიუსხდეთ. აქვე იმართება ზამთრისთვის დამახასიათებელი სპორტული აქტივობები და შეჯიბრებები, სტუმრების სასიამოვნო განწყობაზე კი, მთელი დღის განმავლობაში სცენიდან ზრუნავენ მოწვეული ბენდები თუ მომღერლები. საღამოს საათებში ელექტრონული მუსიკის დრო დგება, რომელსაც ადგილობრივი დიჯეები შემოგვთავაზებენ. შეგიძლიათ იცეკვოთ მეგობრებთან ერთად, დააგემოვნოთ კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებული სოფლის ნატურალური ჭაჭა, რომელიც კარგადაც გაგათბობთ და შესაბამის განწყობაზეც დაგაყენებთ, რათა გვიან ღამემდე აქტიურად გაერთოთ.